თამთა ჩაჩანიძე
03.07.2024

„არანაირი ეგეთი ფაქტი არ ყოფილა", - აცხადებს ეროვნული ნაკრების წევრი ბუდუ ზივზივაძე 2 ივლისს ქართველი ფეხბურთელების საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაზე მომხდარ გაუგებრობაზე. აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ღონისძიების კადრები, სადაც ისმის საღამოს ერთ-ერთი წამყვანის დიმიტრი ობოლაძის ფრაზა „შენ არ გამოდიხარ", ამას კი ფეისბუქ-მომხმარებელთა ნაწილის მხრიდან ისეთი ელფერი მიეცა, თითქოს ობოლაძემ ზივზივაძეს სიტყვით გამოსვლის ნება არ დართო და ფეხბურთელს პოლიტიკური ნიშნით ავიწროვებდნენ.

აღნიშნულს მალევე სპორტული ჟურნალისტი დიმიტრი ობოლაძე სპეციალური ვიდეომიმართვით გამოეხმაურა, სადაც ამბობს, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა და რომ საზოგადოებას თავად ზივზივაძისთვისაც ეკითხათ რეალურად რა მოხდა.

„სქრინებს მიყრიან „ფეისბუქზე", თითქოს ბუდუს ვუთხარი, შენ სიტყვას არ გაძლევო. ზღვარი ხომ აქვს ყველაფერს?! მსგავსი არაფერი ყოფილა. საერთოდ არ მქონია ასეთი კონტაქტი ბუდუსთან. შეიძლება სხვას ვუთხარი. ლევან კობიაშვილი უნდა გამოსულიყო სიტყვით და აღარ გამოვიდა. შეიძლება იმას ვკითხე. ნაღდად მახსოვს, რომ - „სიტყვით არ გამოდიხარ? - არა" და მორჩა, ეგ იყო და ეგ, რა ბუდუს ვუთხარი, ხალხო, რეებს იგონებთ?! ასე უსამართლოდ ადამიანის გადავლა არ არის ლამაზი. ახლა ძალიან დაღლილი ვარ და მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ ნამდვილად. ამას „ინსტაგრამზე" დავდებ, რადგან მე სხვა პლატფორმა არ მაქვს. სისულელეა, თვითონ ბუდუსაც შეგიძლიათ დაელაპარაკოთ", - ამბობს დიმიტრი ობოლაძე.

მოგვიანებით თავად ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა მედიასთან განმარტება და განაცხადა, რომ ასეთი ფაქტი არ ყოფილა, პირიქით, დიმიტრი ობოლაძისთვის „ბოდიში აქვთ მოსახდელი თუ ვინმე მასზე ცუდს ამბობს".

„სისულელეა და მაგ ადამიანს დაანებეთ თავი, თუ ვინმე რამე ცუდს ამბობს დიმაზე, პირიქით, ვფიქრობ რომ ბოდიში აქვთ მოსახდელი, იმიტომ რომ არანაირი ეგეთი ფაქტი არ ყოფილა", - განაცხადა ზივზივაძემ.

აღნიშნულ ინციდენტს ბუდუ ზივზივაძის მამა, კახა ზივზივაძე გამოეხმაურა.

„მეგობრებო, ვკითხე ბუდუს და მისთვის არ უთქვამს ის სიტყვები დიმა ობოლაძეს... მადლობა, რომ გიყვართ ბუდუ. სამართლიანები ვიყოთ", - დაწერა კახა ზივზივაძემ.

ამ კომენტარების გავრცელებიდან მალევე, ფეისბუქ-ანგარიშებიდან დეზინფორმაცია წაიშალა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფეისბუქზე ბუდუ ზივზივაძის კომენტარს აზიარებს, წერს, რომ „ღალატის პარტიის პროპაგანდამ ფიასკო განიცადა".

„ღალატის პარტიის პროპაგანდის მიერ ბუდუ ზივზივაძის მორიგმა უსუსურმა ე.წ. პოლიტიკურმა ვიქტიმიზაციამ ფიასკო განიცადა, თავად ფეხბურთელი უარყოფს დიმა ობოლაძესთან ინციდენტს და მოითხოვს, რომ სპორტულ ჟურნალისტს ბოდიში მოუხადონ. მანამდე მიკროფონთან ვითომ არდაშვება უარყვეს ბუდუს მამამ, კახა ზივზივაძემ და თავად დიმა ობოლაძემ.

„ამ მავნებლურმა სიყალბემაც საზოგადოებას კვლავ დაანახა თუ რა დეკადანსშია ჩაძირული ყოველმხრივ გაკოტრებული ნაცსექტა, რომელიც ყველგან შეუღლისა და დაპირისპირების წამქეზებელია. თუმცა, წარმატებას ვერასდროს ვერსად მიაღწევენ უსამშობლო პერსონაჟები, რადგან მათი წარსული, აწმყო და მომავალი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სანაგვეზეა",- წერს გია აბაშიძე.

გერმანიიდან საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 ივლისს დილით დაბრუნდა, საღამოს კი ჩვენს ფეხბურთელებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ნაკრების ღია ავტობუსმა მსვლელობა მიხეილ მესხის სტადიონიდან დაიწყო და თავისუფლების მოედანზე დაასრულა, სადაც სპეციალურად გამართულ სცენაზე საზეიმოდ წარადგინეს და დააჯილდოვეს, სადაც უამრავი გულსემატკივარი შეიკრიბა. უნდა აღინიშნოს, რომ ხალხით სავსე იყო მიმდებარე ქუჩებიც.

ღინისძიებაზე ეროვნულ ნაკრებს წარმატებები უსურვა პრემიერმა ირაკლი კობახიზემ და სიტყვა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადასცა, ზურაბიშვილმა კი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები პერსონალი ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

"სასწაულია დღევანდელი დღე. მე ასეთი საქართველო მინდა, გახარებული ამ ბიჭების სასწაულით. მაგრამ სასწაული ასე არ მოდის. ეს არის შრომა, თავადადება, ნიჭი, შემართება, პროფესიონალიზმი, გუნდურობა და ქვეყნის სიყვარული და ეს ყველაფერი ერთად ამათ ისე აქვთ შერწყმული რომ მიაღწიეს მიუღწეველს და ეს არის მხოლოდ საწყისი. მათ ძალიან დიდი მადლობა თქვენ ძალიან დიდი მადლობა მათი გულშემატკივრებს მე მინდა რომ თქვენი სახელით ერთობის სახელით რამეთუ ეს ჯილდო არის მთავრობის პრეზიდენტის და თქვენი ჯილდო რომელსაც გადავცემ ამ ბიჭებს და ვუსურვებთ, რომ გზა მათი გამარჯვებების იყოს უსასრულო, თქვენი სახელით," - განაცხადა პრეზიდენტმა.

"გილოცავთ ყველას, გილოცავთ უდიდეს წარმატებას, უდიდეს სიხარულს, რომელსაც ევროპაში უწოდეს ქართული სასწაული",- თქვა კობახიძემ სცენაზე გამოსვლისას.

პატარა ინციდენტი პრემიერის გამოსვლასაც მოჰყვა, სოც ქსელებში გავრცელებულ კადრებში,რომელიც მაყურებლიდანაა გადაღებული, ჩანს, რომ პრემიერის გამოსვლას შეძახილები მოჰყვა. ანალიტიკოსი ზაალ აჯაფარიძე წერს, რომ 2 ივლისის საზეიმო ღონისძიებაზე „სპეციალურად მიგზავნილი ჯგუფების ველური სტვენა და ყმუილი" პრემიერის მისამართით, იყო გარკვეული პოლიტიკური შემადგენლობის სრული ლუსტრაცია იყო. მანვე აღნიშნა, რომ გახარიას პარტიამ საჯაროდ მოიწონა ის „უმსგავსობა რაც ვნახეთ და ამით კიდევ უფრო ჩაეფლო პოლიტიკურ და მორალურ ჭაობში".

„მართალია, რომ კუზიანს მხოლოდ სამარე თუ გაასწორებსო! თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ აქ ყველას როდი გაუხარდა ის შედეგი, რაც ჩვენმა ნაკრებმა ევრო-2024 ზე აჩვენა. მათ ნაკრების ფიასკო უფრო გაუხარდებოდათ, რომ მერე ესეც საკუთარი ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ. გუშინდელ საზეიმო ღონისძიებაზე სპეციალურად მიგზავნილი ჯგუფების ველური სტვენა და ყმუილი პრემიერის მისამართით, იყო ამ შემადგენლობის სრული ლუსტრაცია. მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ „ზეიმი აახიეს" ხელისუფლებას. სინამდვილეში კი საკუთარ თავს აახიეს სახე, რომელიც ისედაც დაკარგული ჰქონდათ. ნიშანდობლივი კიდევ ის იყო, რომ დღეს გახარიას პარტიამ ყველას დაასწრო და საჯაროდ მოიწონა ის უმსგავსობა რაც გუშინ ვნახეთ, და ამით კიდევ უფრო ჩაეფლო პოლიტიკურ და მორალურ ჭაობში. ისე, ზოგი ჭირი მარგებელია - უადვილებენ ხალხს არჩევანს ოქტომბერში", - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×