ნატალია ჯვარიძე
02.07.2024

აშშ-ს საპრეზიდენტო დებატებისას „რესპუბლიკელთა" კანდიდატმა დონალდ ტრამპმა უკრაინაზეც ისაუბრა და თქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ომს შეაჩერებს. ამის შემდეგ, ამერიკული მედია წერს, რომ ბაიდენის წარუმატებელმა გამოსვლამ დააჩქარა ნატოს რიგი ღონისძიებების მომზადება, რომელიც უკრაინის დახმარებას გულისხმობს.

„დიდი ალბათობით, თუ ის გაიმარჯვებს, იმედია ეს არ მოხდება, უკრაინას დახმარება მაინც ექნება, ოღონდ არა იმ მოცულობის, როგორც ბაიდენის პირობებშია", - აცხადებს ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან".

ექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის აზრით კი, ტრამპის განცხადება იმაზე, რომ ომს შეაჩერებს, პროპაგანდისტულია, რადგან ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია. „ჩემი აზრით, ეს პროპაგანდისტული განცხადებაა და ორიენტირებულია მისი სიძლიერის გამოსახატავად, ვითომ ის იმდენად მაგარია, რომ მას შეუძლია ომში გარდატეხა მოახდინოს. ეს ომი საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და რუსეთის გამოფიტვაზეა ორიენტირებული".

ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი სატელევიზიო დებატებისას, რომელიც ჯორჯიის შტატში გაიმართა, ტრამპმა უკრაინის ომზე პასუხისმგებლობა ბაიდენს დააკისრა, რადგან, მისი თქმით, ეს ფართომასშტაბიანი შეჭრა არასდროს მოხდებოდა, აშშ-ის რომ „ლიდერი ჰყოლოდა".

კითხვაზე, მისაღებია თუ არა ვლადიმერ პუტინის მოთხოვნები - ამბობს, რომ არ არის მისაღები და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაასრულებს უკრაინასთან ომს, თუკი ოკუპირებულ ტერიტორიებს შეინარჩუნებს და უკრაინა უარს იტყვის ნატოში გაწევრების ამბიციაზე.

ამის შემდეგ მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ როგორც კი პრეზიდენტი გახდება, უკრაინაში ომს დაასრულებს - თუმცა არც ამჯერად დაუზუსტებია, როგორ.

„ბაიდენმა უკრაინას 200 მილიარდზე მეტი სამხედრო დახმარება გაუგზავნა, ეს ძალიან დიდი თანხაა. ზელენსკი ვაშინგტონში რომ ჩამოდის, ის 60 მილიარდით ტოვებს ქვეყანას, ის გენიოსია. მე ამ ომს არ დავუშვებდი და ვაპირებ, რომ დავამთავრო ეს უაზრო სისხლისღვრა", - განაცხადა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ „The Wall Street Journal"-ი აშშ-სა და ალიანსის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ნატო რიგ ღონისძიებებს ამზადებს, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის შენარჩუნებას.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული ზომები, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ვაშინგტონში დაგეგმილ სამიტზე გამოცხადდება, მოიცავს კიევში მაღალი რანგის სამოქალაქო თანამდებობის გაგზავნას, სამხედრო დახმარების და უკრაინის ჯარების წვრთნის კოორდინაციისთვის გერმანიაში ახალი სარდლობის შექმნას.

როგორც ისინი წერენ, ეს ზომები მიზნად ისახავს უკრაინის საბოლოოდ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივის მხარდაჭერას. მათივე ინფორმაციით, ახალი ინიციატივა თვეების განმავლობაში მუშავდებოდა, მაგრამ, ის აქტუალობას მას შემდეგ იძენს, რაც ტრამპსა და ბაიდენს შორის ბაიდენი სუსტ ფიგურად წარმოჩნდა.

ნიკა ჩიტაძის აზრით, სამრეწველო წარმოება ევროპის რამდენიმე ქვეყანას შეუძლია და აქ საუბარი იქნება იმაზე, რომ ამ ქვეყნებმა საკუთარი სამხედრო მრეწველობა განავითარონ.

„ნატოს ევროპელი პარტნიორები თადარიგს იჭერენ, რომ უკრაინას დახმარება გაუწიონ. ჩვენ ვიცით, რომ ნატოს ფარგლებში სამხედრო ხარჯების დაახლოებით 70% ამერიკიდან მოდის. აქედან გამომდინარე დღეს მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ ევროპელმა პარტნიორებმა რეკომენდირებული სტანდარტები დააკმაყოფილონ, რომლის ფაგრლებშიც თავდაცვის გამოყოფილი ხარჯები კონკრეტული ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ამიტომ არის წინასწარ გათვლილი. თან არ ვიცით ტრამპი გაპრეზიდენტების შემთხვევაში რა ზომებს მიიღებს.

რაც შეეხება სამრეწველო წარმოებას, ეს ბრიტანეთს, საფრანგეთს და გერმანიას გააჩნიათ და ალბათ აქ საუბარი იქნება იმაზე, რომ ამ ევროპელმა ქვეყნებმა საკუთარი სამხედრო მრეწველობა განავითარონ", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

მამუკა არეშიძის თქმით კი, გამორიცხულია, რომ ტრამპი რუსეთს ტერიტორიების დათმობის პირობას წაუყენებს, რადგან ის ამ დათმობაზე არ წავა. მისივე თქმით, თუ დათმობაზე წავა ლაპარაკი, ეს ნიშნავს, რომ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერდება, რასაც ევროპული ქვეყნები შეეწინააღმდეგებიან და ეს დაპირისპირებაში გადაიზრდება.

„ცოტა უცნაურია ტრამპის ეს პოზიცია. ის ამბობს, რომ ომს შევაჩერებო, მაგრამ არ იძახის ეს რაზე იქნება დაფუძნებული. თუ ის გულისხმობს იმას, რომ რომელიმე მხარემ რამე დათმოს, უკრაინის შემთხვევაში ნიშნავს მათთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას, რასაც ევროპული სახელმწიფოების მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობა იქნება.

„აქედან გამომდინარე, ამას ნატოში გარკვეული აზრთა ჭიდილი და დაპირისპირება მოჰყვება. თუ ტრამპი გულისხმობს, რომ რუსეთს შესთავაზებს ისეთ წინადადებას, რითაც მას შეაჩერებს ეჭვი მეპარება, რადგან რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დათმობს ოკუპირებულ ტერიტორიებს, განსაკუთრებით ხერსონის ოლქს.

ადამიანი არ ამბობს, ომის შეჩერებას როგორ აპირებს. ამიტომ ჩნდება კითხვები და ეჭვებიც. რაც შეეხება იმას, რომ იგი ახალი მიდგომის დემონსტრირებას ეცდება, ეს თავისთავად შესაძლებელია ასე მოხდეს, თუმცა, მე არ მგონია, რომ მან ომის შეწყვეტა შეძლოს.

არეშიძის თქმით, თუ ბაიდენს სხვა სერიოზული კანდიდატურა არ ჩაანაცვლებს, ის დამარცხდება.

„ტრამპის წინააღმდეგ ძალიან სერიოზული ძალებია, მაგრამ დემოკრატების კანდიდატურა, პრეზიდენტის სახით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. დებატების შემდეგ ეს გამოკითხვაშიც გამოჩნდა. ახლა „დემოკრატები" ბაიდენის დათანხმებას ცდილობენ, რომ სხვა კანდიდატურა შესთავაზონ.

„თუ ისინი სერიოზულ კანდიდატურას წარადგენენ არ არის გამორიცხული, რომ საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა მხარი ისევ დაუჭირონ, რადგან ტრამპს სერიოზული მინუსები აქვს, რაც ამომრჩევლებს დისტანცირებისკენ აიძულებს.

„ასე რომ ბაიდენის კანდიდატურა თუ დარჩება, ტრამპი გაიმარჯვებს. მისი გამარჯვება კი ამერიკისთვის სერიოზული გამოწვევაა, რადგან საზოგადოება ძალიან გახლეჩილია. ბევრი ამერიკელი ექსპერტი სამოქალაქო დაპირისპირებასაც არ გამორიცხავს. თან მე, როგორც ვხედავ მსოფლიოში გარკვეული ძალები დაინტერესებულები არიან ამერიკის დასუსტების მიზნით სამოქალაქო დაპირისპირება მოხდეს", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×