"ოდესმე ხომ უნდა მივხვდეთ, რომ მხოლოდ გადასახადის გაძვირებით, ჯარიმების ზრდით და რაღაცის გართულებით ვერ მივალთ შედეგამდე?"
გვანცა წულაია
03.07.2024

მომდევნო წლიდან ტექნიკური დათვალიერების საფასური, სავარაუდოდ, გაიზრდება და ავტომობილის მფლობელებს 60 ლარის ნაცვლად, 90 ლარის გადახდა მოუწევთ. დახარვეზების შემთხვევაში კი საფასურს კიდევ 20 ლარი დაემატება. ყველასთვის ცნობილი ამბავია, რომ მძღოლების ნაწილი ტექინსპექტირებაზე უარს ამბობს, ამიტომ საინტერესოა, გადასახადის მომატება, დამატებითი წნეხი ხომ არ იქნება ამ მიმართულებით. 

ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებს გადასახადის ზრდაზე ეკონომიკის სამინისტროსთან აქტიური კონსულტაცია აქვთ და განახლებული ტარიფი ძალაში 2025 წლიდან შევა.

"5 წელია დაიწყო ტექინსპექტირების რეფორმა, აქედან გამომდინარე, საჭიროება დადგა, რომ საფასური გადაიხედოს. აღსანიშნავია, რომ ტექინსპექტირების ცენტრებიდან კადრების გადინების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. შარშან ამ მაჩვენებელმა 57-59% შეადგინა, რაც კატასტროფული მონაცემია. ტექინსპექტირების ცენტრებს უჭირთ კადრების მოზიდვა იმ რესურსებიდან გამომდინარე, რაც მათ დღესდღეობით გააჩნიათ. ამიტომ ინსპექტირების საფასურის 30 ლარით გაძვირება ამ ფაქტორსაც უკავშირდება”, - განაცხადა "ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის” აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა. 

ცენტრები იმასაც ამბობენ, რომ მათი ხარჯი იზრდება და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც, გადასახადის მატება უწევთ, თუმცა, როგორ ცნობილია, უამრავ მძღოლს საკუთარი ავტომობილი ტექდათვალიერებაზე არ მიჰყავს, ამიტომ გასარკვევია, ინსპექტირების გაძვირება მიმართვიანობაზე როგორ იმოქმედებს. 

როგორც დარგის ექსპერტმა ლაშა დარბაისელმა განაცხადა, ეს იქნება ზედმეტი ფინანსური ხარჯი ავტომფლობელებისთვის და მეტი არაფერი.

"გადასახადის ზრდა არანაირ შედეგს არ მოგვცემს, გარდა იმისა, რომ ეს არის მძღოლების ზედმეტი ფინანსური ხარჯი. ეს იქნება ზედმეტი სარგებლის მიღება ცენტრებისთვის. 60 ლარს გადაიხდიან თუ 90 ლარს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან 30 ლარი არავის არაფერს არ უწყვეტს, პრობლემა და საკითხი სულ სხვაა და სხვაგან უნდა ვეძებოთ გამოსავლის გზები. 

ავტოპარკი არის განსაახლებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რაღაც დროის გასვლის შემდეგ, უფრო მეტი და მეტი ავტომობილი ვეღარ გაივლის ტექნიკურ დათვალიერებას.   

ბიზნესია და მისი გადასაწყვეტია, გაზრდის თუ არა გადასახადს. რა თქმა უნდა, კერძო სექტორმა არ უნდა იმუშაოს წაგებაზე ან ნულოვან მოგებაზე. გასათვალისწინებელია, რა მიზეზით ხდება მოგების მიღება. თუ იმ მიზეზით, რომ რაიმე გამოსწორდეს, ეს არის საერთოდ სხვა რამ, თუმცა ტექნიკური ინსპექტირების გაძვირება თუ იმიტომ ხდება, რომ უბრალოდ ბიზნესს უჭირს, წაგებაზე მუშაობს და ამიტომ სჭირდება დამატებითი შემოსავალი, ეს სულ სხვა ამბავია.    

ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებიც ბიზნესია და ზემოთხსენებული ორი ამბიდან მგონია, რომ გადასახადის ზრდა მცირედი მოგების მისაღებად ხდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ფინანსური გადასახადი გაზრდა რაიმე პრობლემას გამოასწორებს. რეალურად არაფერი მოგვარდება და ეს არის უბრალოდ, ერთგვარი არგუმენტი რაღაცის გამოსასწორებლად. 

ვიცით, რომ ბევრი მძღოლი თავს არიდებს ტექნიკურ ინპექტირებას. ალბათ, იმიტომ, რომ გამართულად არ მუშაობს სისტემა. ჩემი აზრით, ხარვეზი ბიზნესმა თავის თავში არ უნდა ეძიოს, რადგან ამ ყველაფრის ინიციატორი სახელმწიფოა და ხელისუფლებამ ტექდათვალიერება შემოიღო ქვეყანაში, მაშინ ბიზნესისთვის ისეთი კონკრეტული მითითება უნდა მიეცა, რომელიც იმუშავებდა. იქნება, რაღაცებს გადახედვაა საჭირო, მაგალითად, გაიოლდეს ავტომობილების შემოწმება, რომ მძღოლები გააქტიურდნენ. ასეთი ბევრი კითხვა არსებობს, ამიტომ მხოლოდ გადასახადის შემოღება არაა საქმე, არამედ რეგულირებაც საჭიროა. 

ოდესმე ხომ უნდა მივხვდეთ, რომ მხოლოდ გადასახადის გაძვირებით, ჯარიმების ზრდით და რაღაცის გართულებით ვერ მივალთ შედეგამდე? რაიმე ისეთი შევთავაზოთ მოქალაქეებს, რაც მათთვის მეტად მისაღები იქნება და თან იმუშავებს კიდეც. რა თქმა უნდა, კერძო სექტორი უნდა იყოს დამოუკიდებელი, მაგრამ მხოლოდ ამ ბიზნესში კი არა, არამედ ყველგან საჭიროა სახელმწიფოს ჩართვა, რომ მიმართულება მიეცეს ყველაფერს”, - განუცხადა "რეზონანსს” ლაშა დარბაისელმა.  

მართალია, ბოლო წლებში, ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა მზარდია, მაგრამ ტექნიკურ დათვალირებაზე მაინც უამრავი მძღოლი ამბობს უარს. 2023 წელს 917 000 ავტომობილი იყო შემოწმდა, 2022 წელს კი - 789 000 მანქანა. ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში დაახლოებით მილიონ ნახევარზე მეტი მოძრავი ავტომობილია.

"ფეისბუქ გვერდ" `ჩემი ქალაქი მკლავს” დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ გზებზე აღსრულებაა საჭირო. 

"თუ მოხდება კონტროლი, ვინც არ გაივლის შემოწმებას, იმათთვის, რა თქმა უნდა, იქნება პრობლემა, ხოლო თუ აღსრულება არ იქნება, ამ შემთხვევაში, კი ბატონო, არის იმის რისკი, რომ ტექნიკურ დათვალიერებას თავი აარიდონ. 

არსებობს სხვადასხვა მეთოდი, მაგალითად, გზისპირა ინსპექტირება, რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ, გამონაბოლქვთან მიმართებაში. ამ ტიპის კონტროლი თუკი იქნება, მაშინ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ნორმაში ჩადგება.  

ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხარჯი ეზრდებათ და ამიტომ ითხოვენ გადასახადის მატებას. ეს არის ერთგვარი არგუმენტი. ჩვენც გვქონდა მათთან კომუნიკაცია და რასაკვირველია, არსებობს ხარჯი, თუმცა მგონია, რომ სხვა ქვეყნის მაგალითებია სანახავი, თუ რამდენია ტექნიკური ინსპექტირების გადასახადი და იმის მიხედვით, ფარდობითად, უნდა მოხდეს ჩვენთანაც შემოღება”, - განუცხადა "რეზონანსს” გიორგი ჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×