თამთა ჩაჩანიძე
04.07.2024

რამდენიმე დღეში გაირკვევა თუ რა კონფიგურაციით წარსდგებიან ოპოზიციის ერთობის დეკლარაციაზე ხელმომწერი სუბიექტები. მანამდე, 4 ივლისს, ენმ-ის ოფისში მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგ პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ 8 ივლისს ერთობის პრეზენტაცია შედგება, ასევე საბოლოოდ უნდა გადაწყდეს პარტიისა და მისი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეების საკითხი. წინასწარი ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურად ლევან ხაბეიშვილს წარადგენენ, ხოლო პარტიის ხელმძღვანელობას კვლავ ბოკუჩავა გააგრძელებს.

იდეას ოპოზიციაში მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია გაერთიანებაში რისკებს ხედავს და არჩევნებზე მარტო - პარტიული ნომრით აპირებს გასვლას. რისკებზე საუბრობს „ევროპული საქართველოც".

ენმ-ში აცხადებენ, რომ 8 ივლისს „ბევრი რამ გახდება ცნობილი", მათ შორის ის დეტალები თუ რა ფორმით და სტრატეგიით გავა არჩევნებში და „ვინ იქნებიან ის ახალი ადამიანები", ვინც პარტიას შეუერთდებიან. ყველაზე ოპტიმალურ კონფიგურაციად კი მიიჩნევენ დიდ ერთობას.

ერთობაზე იდეა პირველად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წამოაყენა „ქართული ქარტიის" სახით. მეორედ ოპოზიციის ერთობის დეკლარაციაზე უკვე 25 ივნისს გახდა ცნობილი, პარტიებმა დოკუმენტს ხელი ბრიუსელში მოაწერეს, ხელმომწერი სუბიექტებია - ნაციონალური მოძრაობა, „გირჩი - მეტი თავისუფლება", „ახალი", „ლელო", „დროა", „სტრატეგია აღმაშენებელი", მოგვიანებით კი რესპუბლიკური პარტია შეუერთდა.

როგორც დოკუმენტის წარდგენისა პარტიები ამბობდნენ, მასზე ხელმოწერა ერთიან სიას სულაც არ გულისხმობდა, თუმცა გულისხმობს ერთობას, როგორც არჩევნებამდე ასევე მის შემდეგ და იზიარებს სალომე ზურაბიშვილის ქარტიის მიზნებს.

ენმ-სთან ერთიანი სიის წინააღმდეგია „ლელო", მიაჩნია, რომ ერთიანობა მნიშვნელოვანია, თუმცა „სწორი კონფიგურაციით", რითაც მოქალაქეებს არჩევანის შესაძლებლობა მიეცემა.

გეგმებთან დაკავშირებით ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ისაუბრა.

„8 ივლისს ვგეგმავთ, რომ ჩავატაროთ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. ერთგვარი, პრეზენტაცია და ასევე, ყრილობის ნაწილი იქნება, სადაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება პარტიისა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარესთან დაკავშირებითაც. ამასთან, სხვა სიახლეებზეც, რომელსაც ძალიან მალე მოისმენს და დაინახავს საზოგადოება. შევიკრიბეთ დღეს, რადგან მივიღოთ გადაწყვეტილებები. იცით, ლევან ხაბეიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შესთავაზოს, იყოს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე. მე მექნება პასუხისმგებლობა, რომ არჩევნებზე შევიდეთ ჩემი ხელმძღვანელობით და ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში. რაც შეეხება კონფიგურაციებს, იცით, რომ არსებობს ბრიუსელის ოპოზიციური ერთობის დეკლარაცია, რომელსაც მათ შორის, ხელი მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამ 5 სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვთვლით, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ გადამწყვეტ მომენტში, რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებში იყოს საერთო ოპოზიციური ფრონტი. ამიტომ, ეს რამდენიმე დღეც მზად ვართ, ყველა ძალისხმევა მივმართოთ, რომ ერთობა შედგეს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კითხვაზე, რას სთავაზობს ენმ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ „ყველაფერს, რაც გაგვაერთიანებს".

„რას ვთავაზობთ ოპოზიციურ პარტიებს? ყველაფერს, რაც გაგვაერთიანებს იმიტომ, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია საერთო ფრონტის შექმნა რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მოიხსენიებენ, როგორც რუსულ ჰიბრიდულ ოპერაციას ქართველი ხალხის წინააღმდეგ და იმისთვის, რომ საქართველომ დაკარგოს ევროპული არჩევანი. ეს არის მოცემულობა და ჩვენ ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ მას. ხალხო, მოდით ვიყოთ რეალისტურები. წითელი ხაზი ჩემთვის და ვფიქრობ, ყველა პროდასავლური პარტიისთვის უნდა იყოს [ბიძინა] ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება", - განაცხადა ბოკუჩავამ.

„სტრატეგია აღმაშენებელის" ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ საბოლოოდ ერთობაში „ნაცმოძრაობისა" და მისი პარტიის გარდა, სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც ვიხილავთ.

„ნაციონალური მოძრაობა" არის ყველაზე დიდი და ძლიერი ოპოზიციური პარტია. ჩვენი, „სტრატეგია აღმაშენებლის" მიზანი არის, ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი მიზიდულობის ცენტრი, ანუ, გრავიტაციის ცენტრი. პირდაპირ გეუბნებით, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. 8 ივლისს გაიგებთ ყველაფერს. "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" მარტო არ იქნება ერთად, იქნება ბევრი საინტერესო ადამიანი, მათ შორის, ბევრი საინტერესო პოლიტიკური ჯგუფი, ეს შემიძლია გითხრათ. "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" გარდა, იქნება სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც" - განაცხადა მანჯგალაძემ.

იდეა არ მოსწონს „საქართველოსთვის" დეპუტატს ბექა ლილუაშვილს, ამბობს, რომ გახარიას პარტია არავისთან გაერთიანებას არ აპირებს.

„არის გარკვეული რისკები, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიციის ნაწილი გაერთიანებებზე საუბრობს, ცენტრის შექმნაზე, საერთო სიებზე; განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობა საუბრობს და ამ დროს ახალი პარტიის წარმოქმნა გარკვეულწილად რაღაც განცდებს ქმნის. ისე არ მოხდეს, რომ ოპოზიციური ხმები ძალიან დაიქსაქსოს და ამით, ჯამში, დააზიანოს ამოცანა, მაგრამ არა მგონია, ეს მოხდეს. გაერთიანებაზე ჩვენი პოზიცია ცნობილია, ჩვენ ორი წლის წინ პირველებმა დავაფიქსირეთ აზრი. ჩვენ არავისთან არ ვერთიანდებით. არჩევნებზე გავდივართ ჩვენი პარტიული ნომრით, პარტიული პროგრამით და ამოცანებით. ჩვენი წითელი ხაზებიც იცის საზოგადოებამ და, დანარჩენი, ღია ვართ თანამშრომლობისთვის, ვითანამშრომლებთ, ვისაც ამის სურვილი და ინტერესი ექნება", - განაცხადა ლილუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×