რეზონანსი
10.06.2024

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტზე იმსჯელა, რომელიც საქართველოში ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებას ითვალისწინებს.

საკითხი - „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების პროგრამა)" ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას, რომელიც ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების პროგრამას მოიცავს, წელს მოეწერა ხელი.

პროგრამის ძირითადი მიზანია ჯანდაცვის სექტორის მმართველობის, დაფინანსების ეფექტურობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. იგი მოიცავს: პირველადი ჯანდაცვის, სპეციალიზებული ამბულატორიული მოვლისა და დიაგნოსტიკური სერვისებისთვის მოსახლეობისთვის შეთავაზებული შეღავათების გაზრდასა და ფინანსური ხელმისაწვდომობის ბარიერების შემცირებას; მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებას მომსახურების ყველა დონეზე გაზრდილი სტრატეგიული შესყიდვების გზით; ციფრული საინფორმაციო სისტემების გაუმჯობესებას, რომელიც საჭიროა ჯანდაცვის პროგრამებისა და ჯანდაცვის სექტორზე სახელმწიფო ხარჯების უფრო ეფექტურად მართვისთვის; მმართველობის გაუმჯობესებასა და გაწეული მომსახურების ხარისხის ანგარიშვალდებულებას.

პროგრამის დასრულების სავარაუდო თარიღი 2025 წლის 30 აპრილია.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში, ბანკის მიერ გამოყოფილი იქნება ფინანსური რესურსი 46 მლნ 275 ათასი ევროს ოდენობის სესხის სახით, რომელიც ორი ტრანშისგან შედგება. თანხის ნახევარი უკვე წელს გადმოირიცხება.

სესხის ხანგრძლივობა 15 წელია, მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 3 წელი.

პროგრამის განმახორციელებელია: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

„აზიის განვითარების ბანკთან გასულ წელს მნიშვნელოვანი თანამშრომლობა დაიწყო. მიზნები, რაც გარკვეულწილად უკავშირდება ამ სასესხო შეთანხმებას, არის ჩვენი სტრატეგიული მიზნები - პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება, ხარისხის და მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით პირველად ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ჩვენი ინტერესია, რომ ყოვლისმომცველი, გაუმჯობესებული პაკეტი რაც შეიძლება სწრაფად შევთავაზოთ მოსახლეობას",- განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის შეფასებით, საჭირო და მნიშვნელოვანი შეთანხმებაა, შესაბამისად პარლამენტი, კომიტეტი მზადაა აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობისათვის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×