"ისინი ქვეყანაში ფუძნდებიან და გამორიცხული არ არის ისე მოხდეს, რომ მკვიდრი მოსახლეობა აღმოვჩნდეთ უმცირესობაში"
გვანცა წულაია
21.05.2024

უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში საკმაოდ აქტიურად ყიდულობენ ბინებს. დროის გასვლასთან ერთად, ასეთი მოცემულობა სულ უფრო დიდ მასშტაბს იძენს, თუმცა უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან უძრავი ქონების შეძენა უფრო თვალში საცემი გახდა. შესყიდვა, უმეტეს შემთხვევაში, ქვეყანაში დასაფუძნებლად ხდება, ამიტომ სოციოლოგები ამბობენ, ეს საკითხი მოსაგვარებელია, თანაც იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ისედაც მძიმე დემოგრაფიული სურათია. 

საქართველოს მოქალაქეებს კი, უძრავი ქონების ბაზარზე არსებული სიძვირის პირობებში, ბინის შეძენა სულ უფრო მეტად უჭირს. სამაგიეროდ, მასიური შესყიდვა ხდება უცხოელების მხრიდან და ასეთი მოცემულობა ყველაზე შესამჩვენი თბილისსა და აჭარაშია.

მაგალითად, აჭარაში უძრავი ქონების გაყიდვების 24% რუსეთის, 20% საქართველოს, ხოლო 6% ისრაელის მოქალაქეებზე მოდის.

„გალტ ენდ თაგარტის“ მხრიდან 2024 წლის აპრილში 5 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა, რომელთაც მიმდინარე სამშენებლო პროექტები აჭარაში აქვთ. შედეგით ვლინდება, რომ 2018-19 წლებში დაწყებული უძრავი ქონების პროექტებში არსებული ბინებიდან მხოლოდ 20%-ია გაუყიდავი, ხოლო 2020-2021 წლებში დაწყებულ პროექტებში არსებული ბინებიდან 60% მთლიანად გაყიდულია.

"აჭარის უძრავი ქონების ბაზარზე 2023-24 წლებში საქართველოს მოქალაქეები მთლიანი გაყიდვების მხოლოდ 20%-ს შეადგენდნენ, ხოლო რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეებს 24% და 6%-იანი წილი ეკავათ. გაყიდვების მეორე ნახევარი მოიცავდა მოქალაქეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან,“ - აღნიშნულია კვლევაში.

ასეთ მოცემულობა სოციალოგები პრობლემად აღიქვამენ და როგორც აცხადებენ, წლების შემდეგ საქართველოში ქართველები შესაძლოა, უმცირესობაში მოექცნენ.

ორგანიზაცია "ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე მიიჩნევს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში უძრავი ქონების მასობრივი შესყიდვა პრობლემაა, რაც საკანონმდებლო დონეზე უნდა მოგვარდეს.

"ჩვენ რომ მრავალმილიონიანი ერი ვიყოთ და დემოგრაფიული პრობლემა არ გვქონდეს, შეიძლება ამ საკითხისთვის დიდი ყურადღება არ მიგვექცია, მაგრამ ვიცით მდგომარეობა, ვართ ძალიან მცირერიცხოვანი ქვეყანა, რასაც ემატება დემოგრაფიული პრობლემა და ძალიან დიდი მიგრაცია. "საქსტატის" მონაცემებით, შარშან 120 ათასმა ადამიანმა დატოვა საქართველო და წავიდა ემიგრაციაში.

ადგილობრივების ემიგრაციაში წასვლა და მათ ნაცვლად საქართველოში უცხოელების დაფუძნება, ძალიან პრობლემურია და წლების შემდეგ შეიძლება ისე მოხდეს, რომ მკვიდრი მოსახლეობა აღმოვჩნდეთ უმცირესობაში. ამის ნიშნები უკვე იკვეთება და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს მწვავე საკითხი უნდა გადაიჭრას საკანონმდებლო დონეზე.

ეს საკითხი მოსაგვარებელია, დროებით მორატორიუმის დაწესება შეიძლება, ანდა სულაც აკრძალვის. ეს უკვე ხელისუფლების გადასაწყვეტია, მაგრამ საკანონმდებლო დონეზე რაღაც რომ უნდა გაკეთდეს, ეს ფაქტია. მსგავსი მაგალითი არსებობს ახალ ზელანდიაში. 2018 წელს ავსტრალიის მოქალაქეები მასიურად იძენდნენ უძრავ ქონებას,  რის გამოც მიიღეს შეზღუდვა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აღარ შეეძლოთ ბინების შეძენა.

როდესაც მასობრივად იძენდნენ უძრავ ქონებას ავსტრალიელები, ბინები ძვირდებოდა. ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს ჩვენც, საქართველოს მოქალაქეებს აღარ აქვთ უძრავი ქონების ყიდვის შესძლებლობა. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფასების მატება პირდაპირ კავშირიშია უცხოელთა მიერ უძრავი ქონების შეძენასთან.

თუ იმას გავითვალისწინებთ, თუ რა მარტივია საქართველოში ბინადრობის მოპოვება, მაშინ, ეს, ფაქტობრივად, ამ ქვეყანაში დაფუძნებას ნიშნავს. უცხოელთა დიდი ნაწილი საქართველოში რჩება და სწორედ ეს არის პრობლემა. ჩვენ რომ სხვანაირი რეგულაციები გვქონდეს დაწესებული და ლიბერალური საემიგრაციო პოლიტიკა არ გვქონდეს, მაშინ შეიძლება უძრავი ქონება შეეძინათ და რამდენხნიანი ვიზაც ექნებოდათ, ის პერიოდი გაეტარებინათ საქართველოში. ეს საერთოდ სხვა საკითხია, მაგრამ ბინების ყიდვა, ძირითადად, ხდება სწორედ აქ დაფუძნების მიზნით”, - განუცხადა "რეზონანსს” ზვიად ტომარაძემ.

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან უძრავი ქონების მასიურ შეძენას პრობლემად აღიქვამს კიდევ ერთი სოციოლოგი პაატა აროშიძე. მისი განცხადებით, საქართველოში უცხოელები უფრო ინტენსიურად იძენენ ბინებს, ვიდრე ქართველები. 

"ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები მიიჩნევენ, რომ საქართველოში უძრავი ქონების შეძენა მათთვის მნიშვნელოვანია, რადგან, ჯერ ერთი, ჩვენი ქვეყანა მათთან ახლოსაა და მეორეც, ევროპასთან შედარებით, ფასები აქ უფრო დაბალია. ეს განაპირობებს სწორედ იმ პროცესს, რომ თუნდაც რუსები, უკრაინელები, ყიდულობენ ბინებს საქართველოში. მათ საშუალოზე მაღალი შემოსავალი აქვთ, ზოგი ომს გამოექცა, ზოგმა ქონების დაგროვეა გადაწყვიტა, მაგრამ ფაქტია, რომ მათთვის, იგივე თბილისი, კარგი საცხოვრებელი პირობების მქონე ქალაქია.

ვიცით, რომ მოთხოვნამ გამოიწვია ფასების ზრდა და მშენებლობის ბუმი, მაგრამ, სიტყვაზე, ბათუმის რეალობას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ, ხშირ შემთხვევაში, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე მიწოდება.

უცხოელების ნაწილი საქართველოში ბინას დასაფუძნელბად ყიდულობს, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომლებიც იძენენ უძრავ ქონება ან ბინას იქირავებენ დიდი ხნის ვადით და სეზონზე გამქირავებლად გვევლინებიან. მაგალითად, განსაკუთრებით რუსეთი და უკრაინის მოქალაქეები, იყიდიან ან იქირავებენ უძრავ ქონებას და ზღვის სეზონის პერიოდში ბინას აქირავებენ, თვითონ კი თურქეთში, საქართველოს საზღავრთან ახლო მდებარე ტერიტორიაზე გადადიან. თურქეთის კვების, ტანსაცმლის, კომუნალური და ბინის ქირის ხარჯი გაცილებით იაფია, ვიდრე ბათუმისა, ანუ ამაზეც ეკონომიას აკეთებენ. გამოდის, რომ ნაწილი აქ ფუძნდება, ნაწილს კი ნაყიდი ან დაქირავებული ბინა როგორც კაპიტალი ისე აქვს. დღეს რეალობა ისეთია, რომ უცხელები უფრო ინტენსიურად იძენენ ბინებს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები”, - განუცხადა "რეზონანსს” აროშიძემ.

საქართველოში მძიმე დემოგრაფიული სურათია. ოფიცილურ სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ 2023 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2542) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-39207). დროის გასვლასთან ერთად კი, ამ მაჩვენებელს, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვა, უფრო გაართულებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×