ნატალია ჯვარიძე
11.06.2024

წინასაარჩევნოდ, შესაძლოა, მემარჯვენე კონსერვატიული ძალების დიდი გაერთიანება შედგეს. პარტია „კონსერვატიული მოძრაობის" („ალტ-ინფო") ცნობით, ამაზე უკვე მიღწეული შეთანხმება „პატრიოტთა ალიანსთან" და ასევე მიდის მოლაპარაკება სხვა მემარჯვენე ძალებთან. ვის წაართმევს ეს გაერთიანება ხმებს, შეძლებს თუ არა 5%-იანი ბარიერის გადალახვას და პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ვისთან ითანამშრომლებენ?

ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით, თუ საარჩევნო კამპანია კარგად ჩაატარეს, შესაძლოა მათ ბარიერი გადალახონ. როგორც იგი აღნიშნავს, ისინი „ოცნებასაც" წაართვენ ხმებს, თუმცა უფრო მეტად გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე მოახდენენ ზემოქმედებას.

„სავარაუდოდ, მათი ამომრჩეველი იქნება „ოცნების" მხარდამჭერთა რაღაც ნაწილი, მაგრამ უფრო მეტად ისინი, რომლებმაც არ იციან ვის მისცენ ხმა. შესაძლოა, 5,1% აიღონ, მაგრამ 6-7% ნაკლებად სავარაუდოა", - ამბობს აბაშიძე „რეზონანსთან".

„ალტ-ინფოს" პრობლემები და დიდი გაერთიანება

აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის რეგისტრაციის გავლა „ალტ-ინფომ" ორჯერ სცადა და ორჯერვე წარუმატებლად.

8 აპრილს საჯარო რეესტრმა „ალტ-ინფოს" ბაზაზე დაფუძნებულ პარტია „კონსერვატიულ მოძრაობას" რეგისტრაცია გაუუქმა. ამის მიზეზად ოფიციალურად დასახელებული იყო ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა.

საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, რეესტრმა შესწავლის საფუძველზე პარტიის რეგისტრაციასთან დაკავშირებული რამდენიმე დარღვევა დაადგინა.

ამას მოჰყვა 13 აპრილს „ალტ-ინფოს" მხარდამჭერთა ხალხმრავალი საპროტესტო აქცია, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ გაჩნდა არჩევნებზე გასვლის ალტერნატიული გზა. უფრო კონკრეტულად კი პარტიამ „ქართული იდეა", რომელსაც უკვე იყო ოფიციალურად დარეგისტრირებული, მათ თავისი სახელი „დაუთმო". შესაბამისად, საჭირო იყო მხოლოდ პარტიის ყრილობის ფორმალური მოწვევა, სადაც პარტიას შეეცვლებოდა სახელი და აირჩევდნენ ახალ თავმჯდომარეს, რის შემდეგაც „ალტ-ინფო" ახალი სახელით უკვე უპრობლემოდ შეძლებდა არჩევნებშ მონაწილეობას.

თუმცა, სანამ მიდიოდა მზადება ამ ყრილობისათვის, უკვე პარტია „ქართულ იდეასაც" გაუუქმეს რეგისტრაცია.

ამან გააჩინა განცდა, რომ მმართველ პარტიას თავად სურდა მიემხრო კონსერვატიულად განწყობილი ელექტორატი, რაც ამომრჩეველთა არცთუ ისე მცირე ნაწილს შეადგენს და ამის გამო სხვადასხვა ფორმალური საბაბით ყველანაირად ეცდებოდა არ დაეშვა არჩევნებზე სხვა მემარჯვენე-კონსერვატიული პოლიტიკური ძალა.

„პატრიატთა ალიანსთან" გაერთიანება „ალტ-ინფოს" („იგივე კონსერვატიული მოძრაობის") უკვე მესამე მცდელობაა. მოძრაობის ლიდერი ზურაბ მახარაძე აცხადებს, რომ ახლა ხელისუფლება მათ დაბლოკვას ვეღარ შეძლებს.

„ერთადერთი პარტია კონსერვატიულ ფლანგზე, რომელთანაც იდეოლოგიურად არის თანხვედრაც და რომლის დაბლოკვაც არ გამოდის, არის „პატრიოტთა ალიანსი", რომელიც ახლა არის საპარლამენტო პარტია. მიუხედავად იმისა, რომ ნაწილი გამოეყო და ცალკეა, იურიდიულად საპარლამენტო პარტიაა, მას არაფრის შეგროვება, ხელმოწერები არ სჭირდება, უკვე მონაწილეობს არჩევნებში და მისი დაბლოკვაც შეუძლებელია.

„ჩვენ „პატრიოტთა ალიანსთან" გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკება. ვსაუბრობდით. მათი ხედვაც არის ანალოგიური, რომ დიდი ეროვნული ერთობა უნდა შედგეს. ამ მიმართულებით ხდება მუშაობა, ამ წუთებშიც მიდის მუშაობა, ჩვენსა და მათ შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია - ფუნდამენტური, პრინციპული ძირითადი შეთანხმება შედგა. მიდის დეტალებზე მუშაობა", - თქვა მან.

ახალი გაერთანება, როგორ „ოცნების" კონკურენტი

გია აბაშიძეს მიაჩნია, რომ ამ ახალ გაერთიანებას „ოცნებასთან" კონკურენცია საკმაოდ გაუჭირდება, რადგან ბოლო წლებში მმართველმა პარტიამ კონსერვატიულად განწყობილ ამომრჩევლებში საკმაოდ გაიმყარა პოზიციები. გარდა ამისა, ასევე არსებობს „ოცნების" პარტნიორი პარტია „ხალხის ძალა", რომელიც ასე თუ ისე პოპულალურია.

„ბოლო რამდენიმე წელმა გვაჩვენა, რომ ამ სიბრტყეში „ოცნება" მყარად დამკვიდდრდა. ასე რომ, ამ მემარჯვენე კონსერვატიულ პარტიებს მასთან კონკურენცია საკმაოდ გაუჭირდებათ. ახლა მათთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ გადალახავენ 5%-იან ბარიერს და რომელ ელექტორატს მიიზიდავენ.

„ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოლიტიკურ ლანდშაფტში გამოჩენილია „ხალხის ძალა", რომელიც პარტიად იქცა. ის ჯერჯერობით არ აცხადებს აღცევნებზე ცალკე სიით გავა, თუ „ოცნებაში" იქნება ერთიან სიაში. თუმცა ამ პარტიასაც აქვს გარკვეული პოპულარობა, თან მათი წევრები „პოს ტვ"-ის მნიშვნელოვან აქციებს ფლობენ, ამას ეს ტელევიზიაც არ მალავს და დილიდან საღამომდე „ხალხის ძალის" გზავნილებს აჟღერებენ. ასე რომ, საკმაოდ საინტერესო არჩევნები გველოდება. მე ვფიქრობ, რომ აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის დასაწყისთვის ეს ტემპერატურა უფრო აიწევს.

„ხალხის ძალასა" და „ალტ-ინფოს" თავიანთი ტელევიზია აქვთ და ამიტომ ყველაფერი დამოკიდებულია ხოლმე სწორ საარჩევნო კამპანიაზე, მათ შორის კონსტრუქციულ საარჩევნო კამპანიაზე. თუ ყველაფერი ნეგატივსა და შურისძიებაზეა აწყობილი, ამას არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში წარმატება არ აქვს", - აღნიშნავს აბაშიძე.

მისივე თქმით, თუკი ეს გაერთიანება საარჩევნო ბარიერს გადალახავს, „ოცნებასთან" მათი თანამშრომლობა ნაკლებად მოსალოდნელია, რადგანაც, სავარაუდოდ, მათი მთავარი საარჩევნო სლოგანი იქნება - არც „ოცნება" და არც „ნაცები".

„უკვე ვხვდები რომელი ამომრჩევლები იქნებიან მათ მხარეს. ალბათ ისინი, რომლებიც უკმაყოფილო არიან როგორც „ქართული ოცნებით", ასევე კოლექტიური „ნაცმოძრაობით". ჩემი აზრით, სავარაუდოდ, მათი ამომრჩევლები იქნებიან „ოცნების" მხარდამჭერთა რაღაც ნაწილი, მაგრამ უფრო მეტად გადაუწყვეტელი ამომრჩევლები, რომლებმაც არ იციან ვის მისცენ ხმა.

„ამ გაერთიანებას იმაზე უნდა ჰქონდეთ აქცენტი, რომ რაც შეიძლება ბევრი ხალხი გადაიბირონ, რადგან წელში გამართულად, მაგალითად 5,1%-ით შევიდნენ პარლამენტში. თუ ყველაფერი პოლიტექნოლოგიურად მოიქოქა, მათ შუძლიათ ბარიერი გადალახონ, თუმცა 6-7% რომ მიიღონ, ეს ნაკლებად სავარაუდოა.

„ოცნება" ირწმუნება, რომ 50%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს. ჯერჯერობით ბოლო კვლევები არ გამოქვეყნებულა. თუმცაღა მე დარწმუნებული ვარ, რომ 50%-ზე ქვემოთ არ ჩამოვა. რაც შეეხება ამ მემარჯვენე კოალიციას, თუ ისინი იმ მანდატით მოდიან, რომ „არა „ოცნებას" და არა „ნაცებს", მაშინ ეს მანდატი უნდა შეინარჩუნონ იმის მიუხედავად, თუ რამდენ დეპუტატს შეიყვანენ პარლამენტში. წინააღმდეგ შემთხვევაში ელექტორატისგან გაუცხოვება მოხდება და მათ იციან მომდევნო არჩევნებში როგორ დასაჯონ.

„მემარჯვენეებმა პარლამენტში წესით მესამე თუ მეოთხე პოზიციონირება უნდა შინარჩუნონ, როგორც ეს პროცენტების მიხედვით გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვიტა ხალხმა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ „ოცნებასა" და „ხალხის ძალასთან" მათ პოლიტიკურად არ უნდა აწყობდეთ თანამშრომლობა, თუ მართლა იმ ლოზუნგით მოდიან, რომ „ოცნება" და „ნაცმოძრაობა" არ გვინდა. საინტერესოა ისიც, თუ რა მოხდება რადიკალური ოპოზიციის მხარეს, რადგან ათასნაირი მოსაზრებებია", - აცხადებს გია აბაშიძე „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×