გამყარებისკენ პირველი ნაბიჯები გადადგმულია, მაგრამ წონასწორულ წერტილამდე მისვლას გარკვეული დრო დასჭირდება
ირმა ჩიტაია
30.05.2024

პოლიტიკურმა ვნებათაღელვამ და დაპირებულმა სანქციებმა ყველაზე მეტად ეროვნულ ვალუტა დააზარალა. სიტუაცია უკვე დამცხრალია, ამიტომაც, სპეციალისტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ პანიკა გადალახულია და ვითარებაც სტაბილურდება. უმოკლეს ხანში ეროვნული ვალუტა წონასწორული კურსისკენ სვლას დაიწყებს. 

ლარის პოზიციების აღდგენაში დიდ როლს თამაშობს ეროვნული ბანკი. რომლის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ ვალუტის მიმართ არსებული უარყოფითი მოლოდინი გაანეიტრალა. პარალელურად, დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალში ინვესტიციების შემოდინებას, აქტიურ ტურისტულ სეზონს, ფულად გადმორიცხვებს და ა. შ. რადგან პოლიტიკური დაძაბულობამ ჩაიარა, ეს საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ლარი დაუბრუნდება რეალურ გაცვლით კურსს.

ეროვნული ვალუტის რყევებს ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟურ პროცესებს უკავშირებს ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე  და აღნიშნავს, რომ მსგავს სიტუაციებს ახასიათებს ერთი თვისება - ის თავიდან რეაგირებს შექმნილ პანიკურ განწყობაზე, თუმცა შემდეგ ბაზარი აღარ მოქმედებს სპეკულაციებზე, დეზინფორაციაზე და უბრუნდება ჩვეულ რეჟიმს.

„ყველა ფუნდამენტური ფაქტორი, რამაც შეიძლება ობიექტური გავლენა მოახდინოს ლარის გაუფასურებაზე, წესრიგშია. ამდენად, თუ გაუფასურების პასუხისმგებლობას ამ აჟიოტაჟზე გადავიტანთ უნდა ველოდოთ, რომ მაქსიმუმ საშუალოვადიან პერიოდში სავსებით შესაძლებელია რომ ლარმა დაიწყოს დასტაბილურება“, - აღნიშნა ანგურიძემ.

მისი აზრით, ეროვნული ბანკის პოლიტიკა ადეკვატურია და სებ-ი იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, რომლის გამოყენებაც რელევანტურია მსგავსი მოკლევადიანი მერყეობების და პანიკური, ხშირ შემთხვევაში ხელოვნურად შექმნილი განწყობის გასანეიტრალებლად.

ეროვნული ვალუტის მიმართ არსებულ რყევებს შექმნილი აჟიოტაჟით ხსნის ფინანსისტი გიორგი აბაშვილი. რადგან გაცვლით კურსთან დაკავშირებული პრობლემები არ იყო განპირობებული ფუნდამენტური სახის, ამიტომაც მოსალოდნელია, რომ ვითარება დასტაბილურდება, თუმცა ეს პროცესი გარკვეულ დროს მოითხოვს.

,,ლარმა რა ცვლილებაც განიცადა დალართან და ევროსთან მიმართებით განპირობებული იყო არა ფუნდამენტური ფაქტორებით, არამედ პანიკური აჟიოტაჟით. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ ვითარება დასტაბილურდება. 

როდესაც ხდება ამ ტიპის ცვლილება, ეროვნეულ ვალუტას გარკვეული დრო სჭირდება, რომ საწყის ვითარებას დაუბრუნდეს. შესაბამისად, ვერ ხერხდება ისე სწრაფად უკან დაბრუნება, როგორც პანიკა იწვევს გაუფასურებას. მგონია, რომ დროის გარკევული პერიოდის შემდეგ, ლარი თავის წონასწორულ მაჩვენებელს დაუბრუნდება. გადაივლის ის პირველი შოკის ეფექტიც, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში იყო. ერთხელ მოხერხდა პანიკის სწრაფად დაძლევა და ახლაც იმედი მაქვს, რომ ვითარება მალევე დარეგულირდება", - აღნიშნა ,,რეზონანსთან" საუბრისას აბაშიშვილმა.

მისივე განცხადებით, ლარი მცოცავი ვალუტაა, ამდენად მის ნიშნულზე საუბარი ძნელია, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ზუსტი და სწორი პოლიტიკით ის აპრილ-მაისის მაჩვენებელს დაუახლოვდება.

,,წინასწარ ვერ ვიტყვით ზუსტად ლარი რა ნიშნულზე გაჩერდება. კონკრეტულად, რა ნიშნული აქვს ლარს, ეს რთული საკითხია. ეროვნული ვალუტა მცოცავია და შეიძლება დროის გარკვეულ პერიოდში ერთი ნიშნული ჰქონდეს და მეორეში - სხვა. თუმცა შემიძლია განვაცხადო, რომ გარკვეული ტიპის წონასწორობის მაჩვენებელთან, როგორიც მაგალითად, აპრილში ან მაისის დასაწყისში იყო, ამასთან მიახლოება შესაძლებელია.

რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, ვფიქრობ, მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას იყენებს და გააჩნია ყველა საშუალება, რომ პანიკის საფუძველი არ გვქონდეს და სიტუაცია კონტროლს დაუქვემდებაროს. ბუნებრიავია, ამას გონივრული გადაწყვეტილებები სჭირდება და არა  ქაოსური, რომელსაც ზოგიერთები ითხოვენ", - განაცხადა აბაშიშვილმა.

ლარის კურსთან მიმართებაში სხვა დამოკიდებულება აქვს ეროვნეული ბანკის საბჭოს ყოფილ წევრს მიხეილ თოქმაზიშვილს. დღეს შექმნილი მდგომარეობას იგი პოლიტიკას ნაკლებად უკავშირებს.  

,,საერთოდ, ლარის კურსთან დაკავშირებით პროგნოზირება ძალიან ძნელია. აქ ბევრი ფაქტორი მოქმედებს, რომელიც  ვითარებას ცვლის ხოლმე. როცა ეროვნული ვალუტის წონასაწორობა ირღვევა, იგი სხვა წერტილში ბრუნდება ხოლმე და არ იმ საწყის მდგომარეობაში, საიდანაც დაიწყო სწრაფი გაუფასურება. 

რაც შეეხება გამომწვევ ფაქტორებს, ამას დემონსტრაციებს და გამოსვლებს ნუ დავაბრალებთ. შექმნილი მდგომარეობა განპირობებულია გაურკვევლობით, რომელიც ბაზარზე იქმნება ხოლმე. გაურკვევლობა იმისა, შემოვა თუ არა უცხოური ვალუტა, ხელისუფლებას ექნება თუ არა მხარდაჭერა მონიტარულ პოლიტიკაში საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ა.შ. როდესაც კურსი იცვლება, ეს იმას ნიშნავს, რომ მოლოდინი არასტაბილურია, რამაც შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს გაცვლითი კურსის ჩამოყალიბებაზე", - განუცხადა ,,რეზონანსს" მიხეილ თოქმაზაშვილმა.

რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, თოქმაზაშვილი ფიქრობს, რომ მას შეუძლია რეზერვების გამოყენებით კურსზე ზემოქმედება მოახდინოს. თუმცა, მისი ხანგრძლივი გამოყენებას ადვილი შესაძლემელია, უკუშედეგი მოყვეს.

,,ხელოვნურობა ბუნებრივი პროცესია, რომელიც მოიცავს მოლოდინებს ობიექტურ დამოკიდებულებას, ასევე ფუნდამენტური ფაქტორების მოქმედებას, რომელიც ძლიერ ზეგავლენას ახდენს კურსის ფორმირებაზე. ისეთები, როგროიცაა საგარეო ფაქტორები, უცხოური ინვესტიციები და ა.შ. აქედან გამომდინარე, თუ ეროვნული ბანკისკენ გავიშვერთ ხელს, მას აქვს შესაძლებლობა, რომ თავისი რეზერვებით ზემოქმედება მოახდინოს, მაგრამ ეს შეიძლება მოკლე პერიოდში განახორციელოს.

თუ გააგრძელებს ამ რეზერვების გამოყენებას, რისი თქმაც წინასწარ ძალიან რთულია, გამოიწვევს უკუშედეგს.

პროგნოზირება რთულია, რადგან ჩვენ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესები. როდემდე გაგრძელდება მოლოდინები  და რამდენად პესიმისტური იქნება ის ინვესტორებში", - განაცხადა თოქმაზაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×