თამთა ჩაჩანიძე
14.06.2024

უკრაინა კიდევ ათ ქვეყანასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებაზე, ერთ-ერთი ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი ათწლიანი დოკუმენტი გაფორმდა აშშ-სთან. ჯამში ორმხრივი ხელშეკრულებები 17 ქვეყანასთანაა მზად. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს უკრაინას, პირველ რიგიში, ფრონტზე სიტუაციის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვნად წაადგება.

ორმხრივ შეთანხმებას დიდი შვიდეულის სამიტზე პრეზიდენტებმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჯო ბაიდენმა მოაწერეს. დოკუმენტით შეერთებული შტატები უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მხარდაჭერას ადასტურებს და დახმარების გაწევას ჰპირდება ნატოსკენ სწრაფვაში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ორივე მხარე აღიარებს, რომ უკრაინა საჭიროებს მნიშვნელოვან სამხედრო ძალას, ძლიერ პოტენციალსა და თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსში მუდმივ ინვესტიციებს, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტების შესაბამისი იქნება. ასევე აფიქსირებს აშშ-ის ზრახვას მიაწოდოს უკრაინას გრძელვადიანი მატერიალური, სასწავლო და საკონსულტაციო, ტექნიკური, სადაზვერვო, უსაფრთხოების, თავდაცვით-სამრეწველო, ინსტიტუციონალური და სხვა დახმარება „უკრაინული უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების გასავითარებლად, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ დაიცვან სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინა და მომავალი აგრესია შეაკავონ".

უკრაინაზე სამხედრო თავდასხმის ან ასეთი თავდასხმის საფრთხის შემთხვევაში, დოკუმენტის თანახმად, ამერიკელი და უკრაინელი მაღალჩინოსნები 24 საათის განმავლობაში შეხვდებიან ერთმანეთს, რათა კონსულტაციები ჩაატარონ და გაარკვიონ, რა დამატებით თავდაცვითი საშუალებები სჭირდება უკრაინას. ამავდროულად, აშშ აღიარებს, რომ პოტენციურად ნებისმიერ შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტს აღნიშნული ხელშეკრულებიდან გასვლა შეუძლია.

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას ახლა უსაფრთხოების საკითხზე ორმხრივი შეთანხმებები ჯამში 17 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული, მათ შორის „დიდი შვიდეულის" ყველა წევრთან, 10 სახელმწიფოსთან კი ამაზე მოლაპარაკებები მიდის.

მან განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან გაფორმებული შეთანხმება შეიცავს დებულებებს „პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და ეფ-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებაზე. ზელენსკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეერთებულ შტატებთან გაფორმებული შეთანხმება კონგრესს წარედგინება და ის იურიდიულად სავალდებულო იქნება.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შეთანხმება აშშ-სთან დიდი შეღავათია რუსეთთან მიმდინარე ომში.

„ესაა სტრატეგიული შეთანხმება, რომელიც იდება თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით, ამ ფარგლებში უკრაინა და ამერიკა ხდებიან სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები. აშშ, ბუნებრივია, გამოუყოფს სამხადრო და ფინანსურ დახმარებას, ასევე გამოუყოფენ კრედიტებს შეიარაღების შესყიდვაზე, ნავარაუდები იქნება სამხედრო ინსტრუქტორების ჩართვაზე, არაა გამორიცხული სამხედრო ბაზების განთავსებაც, ოღონდ ეს უკვე ხელშეკრულების მაღალი დონეა. ასეთი ხელშეკრულებები, რომელიც გააფორმა აშშ-მა იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან, ფილიპინებთან და ისრაელთან, ეს შეთანხმებები ითვალისწინებდა მათ შორის სამხედრო ბაზების განლაგებასაც.

„ნატო აქ უკვე არაფერ შუაში აღარ იქნება და თუ დახმარებას გაუწევს აშშ უკრაინას, ეს უკვე ამ ორმხრივი ხელშეკრულების ვალდებულების ფარგლებში იქნება. ხელშკრულების პირველი დონე ითვალისწინებს ფინანსური დახმარების აღმოჩენას, სამხედრო რეფორმების ხელშეწყობას და სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნას, თუმცა არსებობს მეორე დონეც - ურთიერთდახმარების სამხედრო ხელშეკრულება უკვე ორმხრივი ალიანსების შექმნას ითვალისწინებს. აქ უკვე სამხედრო ბაზების განთავზებაზეცაა საუბარი და ვალდებულებების პრინციპი იდება, რომ თუ ერთ-ერთ მხარეს დაესხა თავს მესამე მხარე, ისინი გაერთიანდებიან მესამე მხარის წინააღმდეგ - კოლექტიური შეთანხმების პრინციპით. უშუალოდ ხელშეკრულება არ მინახავს და თუ ეს ამას ითვალისწინებს, მნიშვნელოვანია. ეს ხელშეკრულება დიდი შეღავათია უკრაინისთვის მიმდინარე ომის გათვალისწინებით",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

აღნიშნულ ხელშეკრულებებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა.

„სწორედ ვაშინგტონმა შეარყია სტრატეგიული სტაბილურობა ანტიბალისტიკური სარაკეტო ხელშეკრულებიდან, ღია ცაზე საშუალო და მოკლე რადიუსის ბირთვული რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულებიდან ცალმხრივი გასვლის გამო. საბოლოო ჯამში, დასავლური სახელმწიფოების ეგოიზმმა და ამპარტავნებამ გამოიწვია დღევანდელი უკიდურესად საშიში მდგომარეობა. ჩვენ დაუშვებლად მივუახლოვდით დაუბრუნებლობის წერტილს", - განაცხადა პუტინმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×