რეზონანსი
28.06.2022

როგორია მოლოდინები ნატოს სამიტამდე, რას ფიქრობენ ვაშინგტონში, დიპლომატებს და ექსპერტებს "კურიერი" ესაუბრა.

როგორც ამერიკის ყოფილმა ელჩმა ნატოში კურტ უოლკერმა განაცხადა, ომის დამთავრების შემდეგ, "არ შეიძლება, ევროპის ნაწილის დატოვება, სადაც პუტინმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ მას დაიკავებს." 

"ნატო ერთადერთი უსაფრთხო კლუბია. ომის დამთავრების შემდეგ, არ მგონია, ეს ნაცრისფერი ზონა - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ისევ ღია უნდა დარჩეს. არ შეიძლება, ევროპის ნაწილის დატოვება, სადაც პუტინმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ მას დაიკავებს,"-აცხდებს აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ უოლკერი.

ე.წ. ნაცრისფერი ზონისთვის ყურადღების მიქცევის აუცილებლობაზე დასავლეთის დედაქალაქებში საუბარი უკრაინაში ომის დაწყებისთანავე გააქტიურდა. ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, რასმუსენმა აღიარა, რომ მაპის არმიცემა თბილისისთვის და კიევისთვის, შემცდომა იყო. 

ამერიკაში საქართველოს ელჩი თვლის, რომ ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში, საქართველო განსაკუთრებულ ადგილს იმსახურებს და იმედი აქვს, რომ ალიანსთან ურთიერთობა ახალი რეალობის გათვალისწინებით გაგრძელდება.

"ახალი რეალობიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ჩვენი ნატოელი პარტნიორები კიდევ უფრო საღად დაინახავენ არსებულ სიტუაციას და იქნება კონკრეტული თანამშრომლობის მიმართულებით, კერძოდ, პრაქტიკული თანამშრომლობის მიმართულებით შეთავაზებები და ის ნაბიჯები, რომელიც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვის უნარიანობას და ჩვენს მდგრადობას. გარდა პრაქტიკული თანამშრომლობისა, ველი, რომ პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხითაც იქნება მკაფიო გზავნილები. ასევე მაქვს მოლოდინი, რომ შეფასდება არსებული სიტუაცია უსაფრთხოების კუთხით, რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, რასაც იმსახურებს რუსეთის აგრესია საქართველოსთან მიმართებაში,"-აცხადებს საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი.

ნატოსთან ფინეთის და შვედეთის მიერთების პერსპექტივამ, რომელიც წევრობის სამოქმედო გეგმის გვერდის ავლით ხდება, ასპირანტებს გაუჩინა მოლოდინი, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების შემთხვევაში, პროცესები უფრო სწრაფად განვითარდება. ქართველი დიპლომატის თქმით, საქართველო რეალურად ასრულებს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც მაპშია გაწერილი. ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში რიჩარდ უეითზი განმარტავს, რომ უკრაინაში რუსეთის დამარცხება მეტ მხარდაჭერას გააჩენს ნატოს გასაფართოებლად.

"ნატოს გაფართოება ყველაზე კარგად მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც რუსეთი სუსტია ან მისი ყურადღება სხვაგანაა გადატანილი. როდესაც რუსეთი მზადაა ომისთვის, ისევე როგორც საქართველოსა და უკრაინაში იყო, ნაკლებად აზრიანია ამის გაკეთება. მათი არშეყვანა 2008 წელს შეცდომა იყო. ახლა კი მიღებისთვის კარგი გარემო არ არის. თუმცა, მოგვიანებით მათი შეყვანა განხილული უნდა იყოს. მაპი შეიძლება იქნას გამოყენებული, თუმცა ის სავალდებულო არ არის. რაც უფრო თვალსაჩინო გახდება რუსეთის დამარცხება, მეტი მხარდაჭერა იქნება უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ნატოში შესაყვანად მაშინვე, ვიდრე მოგვიანებით," - აცხადებს ჰადსონის ინსტიტუტის ანალიტიკოსი რიჩარდ უეითზი.

ქართული მხარე ხაზს უსვამს ამერიკის ადმინისტრაციის ლიდერობას და ამბობს, რომ გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს აძლევთ ის თამამი ნაბიჯები, რომლებიც იმავე შვედეთთან და ფინეთთან დაკავშირებით გადაიდგა. თბილისიც თვლის, რომ გაფართოებასთან დაკავშირებით ბევრი რამეა დამოკიდებული უკრაინაში მოვლენების შემდგომ განვითარებაზე და ალიანსის ერთიანი პასუხის წარმატებაზე, რუსეთის აგრესიის მიმართ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×