რეზონანსი
30.07.2026

რუს ბლოგერ ნადეჟდა პიროჟკოვას სომხეთში ბრალი წარუდგინეს სიძულვილის ენის გამოყენების მუხლით მას შემდეგ, რაც გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც უკმაყოფილებას გამოთქვა იმის გამო, რომ სომხეთში ვარდავარის დღესასწაულის დროს მისი ნების საწინააღმდეგოდ წყალი შეასხეს.

ამავე ვიდეოში მან თავად დღესასწაული "აგრესიულად" მოიხსენია, ხოლო სომხები "ვირთხებს" შეადარა. გამოძიების შესახებ ინფორმაცია 29 ივლისს პოლონურმა რუსულენოვანმა მედია Vot Tak-მა სომხეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით გაავრცელა.

ვარდავარი სომხეთის ეროვნული დღესასწაულია, რომელიც სომხურ სამოციქულო ეკლესიასთან არის დაკავშირებული. მისი მთავარი ტრადიცია ქუჩაში წყლის შესხმაა, მათ შორის სრულიად უცნობი ადამიანებისთვისაც.

პიროჟკოვამ, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთში 2025 წლიდან ცხოვრობს, დღესასწაულზე გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში ივლისის დასაწყისში გამოაქვეყნა. ვიდეოში ის უკმაყოფილებას გამოხატავს წყლის შესხმის გამო მიუხედავად იმისა, რომ ხალხს უთხრა, რომ არ სურდა დღესასწაულში მონაწილეობა.

ამავე ვიდეოში მან ვარდავარს "სტუმრების მიმართ პირდაპირი აგრესია" უწოდა და სომხების მიმართ ზემოხსენებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამებიც გამოიყენა.

ვიდეომ სწრაფად დააგროვა ათასობით ნახვა, რის შემდეგაც პიროჟკოვამ გაკეთებული განცხადებების გამო საჯაროდ მოიხადა ბოდიში.

"ვაცნობიერებ, რომ ბევრმა ეს სომეხი ხალხის მიმართ უპატივცემულობად აღიქვა და ამას გულწრფელად ვნანობ. მსგავსი განზრახვა არასდროს მქონია და არც ახლა მაქვს", - დაწერა მან.

მისივე თქმით, ემოციური ვიდეო კონკრეტული სიტუაციის გამო ჩაწერა და იმ მომენტში საკუთარი განცდებიდან გამომდინარე საუბრობდა.

"იმ დროს თავს დაუცველად ვგრძნობდი და საკუთარი თავის დაცვა მინდოდა. გარდა ამისა, ვიდეოს გამოქვეყნებისას ხმას არ გადავამოწმე, თორემ ინტერნეტში არ მოხვდებოდა", - აღნიშნა მან, სავარაუდოდ, იმ აუდიოფრაგმენტზე მითითებით, სადაც სომხებს "ვირთხებს" ადარებდა.

გამოძიების დასრულებამდე პიროჟკოვას შინაპატიმრობა შეეფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას ერთიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×