
ძალიან სამწუხაროა, თუ თინა ბოკუჩავამ საკუთარ პარტიასთან ბრძოლის ეს გზა აირჩია , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას" ვერანაირი მინიშნებებით ვერანაირ საბაბს და მიზეზს ვერავინ მისცემს, რომ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რეგისტრაციაში არ გაატარონ.
"ქართული ოცნების" სტილი რა არის ამ შემთხვევაში, ზუსტად ვერ გეტყვით და რაზე აპელირებს ქალბატონი თინა, მაგრამ ვერანაირი ჩვენებების მიცემით, მათ შორის, ვერც მინიშნებებით, „ქართულ ოცნებას" ვერანაირ საბაბს ვერავინ შეუქმნის ჩვენი დოკუმენტაციის „სიყალბესთან" დაკავშირებით იმიტომ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად, ზედმიწევნით იქნება მოწესრიგებული, გაკეთებული და შესრულებული. ამ ეტაპისთვის, ყველა პროცედურა არის დაცული. ყრილობის ჩატარების შემდეგაც აუცილებლად იქნება დაცული იმისთვის, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ „ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელიც თავის მე-13 ყრილობას ატარებს, რეგისტრაცია გაიაროს და უფლებამოსილება განიახლოს ყველა არჩეულმა თანამდებობის პირმა ამ ყრილობის შემდეგ იუსტიციის სახლში. რა გადაწყვეტილებებსაც მე-13 ყრილობა მიიღებს. აქედან გამომდინარე, „ქართულ ოცნებას" ვერანაირი მინიშნებებით ვერანაირ საბაბს და მიზეზს ვერავინ მისცემს, რომ ჩვენ დაგვახარვეზონ და პარტია რეგისტრაციაში არ გაატარონ", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ჟურნალისტების კითხვას, "თინა ბოკუჩავა აძლევს ქართულ ოცნებას" მიზეზს, რომ პარტია დახარვეზდეს?" პეტრე ცისკარიშვილმა უპასუხა, რომ „ვერავის გამოუვა ასეთი მიზეზების მოძიება იმიტომ, რომ კვორუმიც იყო და პოლიტსაბჭოც ლეგიტიმურია".
„არა 130, არამედ 119 წევრია იმ პოლიტსაბჭოში. გაცილებით მეტი ადამიანი ესწრებოდა, ვიდრე პოლიტსაბჭოს 40-მდე წევრი. აქედან გამომდინარე, საერთოდ არანაირი პრობლემა არ არსებობს. ძალიან სამწუხაროა, თუ თინა ბოკუჩავამ საკუთარ პარტიასთან ბრძოლის ეს გზა აირჩია. ეჭვი მაქვს, ქართულ ოცნებას" გაუხარდება ამ მინიშნებებიდან გამომდინარე, რომ დამატებით იქექონ ჩვენს საბუთებში, მაგრამ იმ დროისათვის, როდესაც ჩვენ დოკუმენტაციას წარვადგენთ იუსტიციის სახლში, რომელსაც ყრილობის დასრულების შემდეგ შევიტანთ, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ზედმიწევნით, სიზუსტით იქნება დაცული, ვერავინ ვერაფერზე მოგვედავება და ვერაფერს დაგვიხარვეზებენ",-განაცხადა ცისკარიშვილმა.
როგორც მან განმარტა, ოქმი მოსაწესრიგებელია და საჯაროდ იქნება ჩაბარებული იუსტიციის სახლში.
„მანამდე ჩვენს წევრებსაც შეეძლებათ მისი გაცნობა. ოქმი პოლიტსაბჭოს მიღებიდან იმ საღამოსვე არასდროს შემდგარა. ეტყობა, თინა ბოკუჩავას არასდროს მოუკითხავს მანამდე ოქმები. დაახლოებით 5 დღიდან 1 კვირამდე პერიოდი სჭირდება ხოლმე, რომ ყველაფერი იყოს ზუსტად გაწერილი და ასახული ოქმში. იმ საღამოსვე ოქმი არასდროს მიღებულა, მითუმეტეს ამ პირობებში,როდესაც 100 თვალი და 100 ყური აქვს „ქართულ ოცნებას" გამობმული, იქნებ მე-13 ყრილობასთან მიმართებით რამე დაგვიხარვეზონ", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ „ტვ პირველის" ეთერში „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ 30 ივლისს ჩატარებული პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა უფლებამოსილი არ იყო, რადგან პოლიტსაბჭო 130 ადამიანისგან შედგება, სხდომას კი 40-მდე ადამიანი ესწრებოდა. მისი თქმით, „კვორუმით მანიპულირება და პოსტ- ფაქტუმ ხელმოწერების შეგროვება და იმის მტკიცება, თითქოს კვორუმი სხდომაზე ფიზიკურად არ მყოფი და დისტანციურად ჩართული ადამიანებით შედგა, ძალიან ჰგავს იმ „ქოცურ" მეთოდებს, რომლითაც ივანიშვილი ოპერირებს ბოლო 14 წლის განმავლობაში".