თამთა ჩაჩანიძე
02.08.2026

მოსკოვის ცენტრში, კუდრინსკაიას მოედანზე მდებარე რესტორან „ბალზი როსიში" აფეთქებას, ბოლო მონაცემებით, ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსეთის ხელისუფლება მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს, თუმცა სახელისუფლებო მედია არაფერს წერს იმაზე, თუ სავარაუდოდ ვინ იყო თავდასხმის სამიზნე. რამდენიმე დამოუკიდებელი წყაროს ინფორმაციით კი, თავდამსხმელები რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების სარდლის აფეთქებას გეგმავდნენ.

რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნულ რესტორანში 55 წლის იუბილეს ზეიმობდა ახლო წრესთან და უმაღლესი რანგის სამხდერო პირებთან ერთად. დაბადების დღე მას 27 ივლისს ჰქონდა, თუმცა, სხვადასხვა „ტელეგრამ" არხების ინფორმაციით, იუბილეს გადახდა მან შაბათს, 1-ლ აგვისტოს გადაწყვიტა.

უკრაინული მედია ჩაიკოს ბუჩას სისხლიანი მოვლენების ერთ-ერთ ორგანიზატორად ასახელებს და ღიად წერს, რომ თავდამსხმელებს სწორედ მისი ლიკვიდაცია სურდათ.

რა მოხდა მოსკოვის ცენტრში

დაბადების დღის სადღესასწაულო სუფრა რასტორნის ვერანდაზე იყო გაშლილი. რუსეთის ატიტერორისტული კომიტეტის ცნობით, რესტორანში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მას შემდეგ აფეთქდა, რაც უცნობმა ქალმა რესტორანში მისი შეტანა სცადა. მათივე ინფორმაციით, ქალი, სავარაუდოდ, უბრალო კურიერი იყო, რომელსაც იუბილარისთვის რესტორანში საჩუქრის მიტანა შეუკვეთეს და მან არც იცოდა რა მიჰქონდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა საჩუქრის შეფუთულ ყუთში იყო მოთავსებული და აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც დაცვის ერთ-ერთმა წევრმა კურიერს შესასვლელში ყუთის გახსნა მოსთხოვა.

გამოძიების ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა თავდამსხმელებმა დისტანციურად აამოქმედეს. ადგილზე დაიღუპა კურიერი ქალი, დაცვის თანამშრომელი, რომელიც მას ამოწმებდა და რესტორნის ერთი სტუმარი. დაშავდა 21 ადამიანი.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულებს ყველა საჭირო დახმარება უტარდებათ. საგამოძიებო კომიტეტი კი აცხადებს, რომ მათი გამომძიებლები და ექსპერტები შემთხვევის ადგილს და ინციდენტს იკვლევენ.

2 აგვისტოს კი მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და ინციდენტი სასტიკ ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა, თუმცა ჩაიკო და მისი დაბადების დღე არ უხსენებია.

„გუშინ მოსკოვში სასტიკმა ტერორისტულმა თავდასხმამ ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. დაშავებულები ამჟამად ქალაქის საავადმყოფოებში იმყოფებიან, სადაც ყველა საჭირო მკურნალობას იღებენ", - დაწერა სობიანინმა.

მერმა ასევე განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოები ინციდენტის გარემოებებს იძიებენ და პირობა დადო, რომ დამნაშავეებს იპოვიან და დასჯიან.

2 აგვისტოს რუსულ მედია „რენ ტვ"-ის ოფიციალურმა წყარომ განუცხადა, რომ დაღუულტა რიცვი 5-მდე გაიზარდა, ექიმები კი დაშავებულთაგან კიდევ ექვსის მდგომარეობას აფასებენ მძიმედ.

„საავადმყოფოში გადაყვანილი ორი ადამიანი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა", - უთხრა წყარომ „რენ ტვ"-ს.

არაოფიციალური ვერსიები

რუსული „ტელეგრამ" არხები წერენ, რომ მოსკოვის ცენტრში რუსეთის საჰაერო კოსმიური ძალების მთავარსარდლის, გენერალ ალექსანდრ ჩაიკოს აფეთქება სცადეს.

ამასთან, „კომერსანტი" წერს, რომ აფეთქების სამიზნე რესტორან „ბალზი როსის" ვერანდაზე კერძო ღონისძიების სტუმრები იყვნენ, წვეულება კი გამკაცრებული დაცვის ფონზე მიმდინარეოდა. ამავე წყაროს ინფორმაციით, კურიერი ქალი ღონისძიებაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანას ცდილობდა და დაცვის თანამშრომელს უთხრა, რომ ყუთში საჩუქარი იდო, თუმცა დაცვამ მისი შემოწმება გადაწყვიტა.

„ბომბი დისტანციურად აფეთქდა. აფეთქების ძალა კილოგრამ ტროტილს უტოლდებოდა და თავად მოწყობილობა ლითონის ბურთულებით იყო სავსე, ამიტომ რესტორნის ვერანდაზე მყოფი ადამიანებიც დაშავდნენ", - განუცხადა წყარომ გაზეთს.

ამავე წყაროს ცნობით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ თავად კურიერი ქალი „ნაწილებად იყო დაფლეთილი, მისი ხელი აფეთქების ადგილიდან ათ მეტრზე მეტ მანძილზე იპოვეს".

თავდაპ[ირველად გავრცელდა ცნობა, რომ რესტორანში დაბადების დღეს იხდიდა „ერთ-ერთი რუსი გენერალი". გამოცემა „ასტრა" წერს, რომ 1-ლ აგვისტოს დაბადების დღე მხოლოდ ორ რუს გენერალს აქვს - გენერალ-მაიორ ვლადიმირ სელივერსტოვს, რომელიც რომელიც მეთაურობდა 106-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიას და 2022 წელს კიევზე შეტევაში მონაწილეობდა და გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრ იაროშევიჩი, რომელიც არის თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი.

რუსი სამხედრო ანალიტიკოსი იან მატვეევი ამბობს, რომ დაბადების დღის რეალური თარიღი და მისი აღნიშნის დღე შეიძლება არც ემთხვეოდეს ერთმანეთს და სხვადასხვა გარემოებების შეჯერების შემდეგ გამოთვაქმს ვარაუდს, რომ იქ წვეულება გაიმართა რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის, ჩაიკოს პატივსაცემად". ამ მოსაზრებას ამყარებს უკრაინელი ბლოგერის, ანატოლი შარის „ტელეგრამ" არხზე გავრცელებული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რესტორნის კედელზე გამოფენილია ბანერი წარწერით „ალექსანდრე 55 წლისაა". ალექსანდრე ჩაიკოს კი 27 ივლისს სწორედ 55 წელი შეუსრულდა.

მანამდე უკრაინულმა მედიამ დაწერა, რომ კრემლმა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლად გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩაიკო მაისში დანიშნა. ამავე ინფორმაციით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საწყის ეტაპზე, 2022 წელს, იგი ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის იმ ქვედანაყოფებს, რომლებიც კიევის მიმართულებით მიიწევდნენ. სწორედ მის დაქვემდებარებაში მყოფმა ჯარებმა მოაწყვეს ბუჩას ხოცვა-ჟლეტა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×