ნატალია ჯვარიძე
28.07.2026

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის პარტიის გამარჯვების შემდეგ, მოსკოვმა ერევანს ეტაპობრივად თითქმის ყველაფერზე ემბარგო დაუწესა და დაჟინებით ითხოვს რეფერენდუმის ჩატარებას. 27 ივლისს ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომელიც, სავარაუდოდ, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და კამათით დასრულდა, რაც ორივა მხარის მიერ გავრცელებული ოფიციალური პრესრელიზებიდანაც ჩანს.

სომხეთის საპარლამენტო არჩევნების წინ, 2026 წლის მაისში, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტზე, რომელსაც სომხეთის პრემიერი არ ესწრებოდა, რუსეთმა და პარტნიორებმა პირდაპირ მოუწოდეს ოფიციალურ ერევანს, ჩაატაროს საყოველთაო რეფერენდუმი და ხალხს არჩევანი გააკეთებინოს ევრაზიულ კავშირსა და ევროკავშირს შორის.

სომხეთის ხელისუფლების პასუხი უარყოფითი იყო. ერევანში განაცხადეს, რომ ასეთი რეფერენდუმის ჩატარებას აზრი მაშინ ექნება, როდესაც სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს შეიტანს.

იქამდე, რუსული მხარე და მასთან ალიანსში მყოფი სომხური ოპოზიციის ნაწილი ნიკოლ ფაშინიანისგან არაერთხელ ითხოვდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ან რეფერენდუმის ჩატარებას. მათი ძირითადი არგუმენტები და კონტექსტი ფაშინიანის ხელისუფლების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენება იყო. 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომში დამარცხებისა და განსაკუთრებით 2023 წელს ყარაბაღზე კონტროლის სრულად დაკარგვის შემდეგ, მოსკოვი ამტკიცებდა, რომ ფაშინიანს დაკარგული ჰქონდა ხალხის ნდობა და მას არ ჰქონდა მანდატი, მიეღო ისეთი სტრატეგიული გადაწყვეტილებები, როგორებიცაა აზერბაიჯანთან საზღვრების დელიმიტაცია/დემარკაცია ან კონსტიტუციიდან ყარაბაღთან გაერთიანების ჩანაწერის ამოღება.

ფაშინიანი ამ მოთხოვნებს მტკიცე უარით პასუხობდა. მისი არგუმენტი იყო ის, რომ 2021 წლის ვადამდელ არჩევნებში, რომელიც სწორედ 2020 წლის ომის შემდეგ ჩატარდა, ხალხმა მას უკვე მისცა მანდატი მშვიდობის პოლიტიკის გატარებაზე. იგი რუსეთის ამ მოთხოვნებს აღიქვამდა, როგორც სომხეთის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას და ხელისუფლების შეცვლის მცდელობას.

2026 წლის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის გამარჯვებისა და მისი პროევროპული კურსის ხელახალი დადასტურების შემდეგ, მოსკოვმა ეკონომიკური ემბარგოს რეჟიმი პრაქტიკულად სრულ სიმძლავრეზე ჩართო. სომხეთს პრაქტიკულად ყველაფერზე ემბარგო აქვს დაწესებული - ხილზე, რძის პროდუქტებზე, ბოსტნეულზე საასმელებზე და ა.შ. „როსსელხოზნადზორის" ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად რუსეთში სომხეთიდან სულ 130-მდე სახის პროდუქციის შეტანაა აკრძალული.

სატელეფონო საუბარი

სწორედ ამ ფონზე გაიმართა 27 ივლისს სატელეფონო საუბარი ვლადიმირ პუტინსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის.

სომხეთის ხელისუფლების პრესსამსახურის ცნობით, ფაშინიანმა მოსკოვს მოუწოდა, მიიღოს ზომები რუსეთის მიერ სომხეთის პროდუქციის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების თაობაზე. ერევნის შეფასებით, ეს ზომები წინააღმდეგობაში მოდის ორმხრივ შეთანხმებებთან და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წესებთან.

თავის მხრივ, კრემლმა განაცხადა, რომ პუტინმა „აქცენტი დასვა სომხეთში საყოველთაო რეფერენდუმის რაც შეიძლება მოკლე დროში ჩატარების აუცილებლობაზე, ევროკავშირში გაწევრიანებაზე ან ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დარჩენაზე".

სომხეთის ხელისუფლების განცხადების თანახმად, ფაშინიანმა ამის პასუხად თქვა, რომ ასეთი რეფერენდუმის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ მას მერე, რაც ქვეყანა ოფიციალურ განაცხადს შეიტანს ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

„კრემლს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა..."

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ კრემლი კვლავ აქტიურად ცდილობს სომხეთის ხელისუფლების შეცვლას.

„ჩემი აზრით, პუტინი იმიტომ ითხოვს სომხეთში რეფერენდუმის ჩატარებას, რომ კრემლს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ვერ შეძლო გავლენა მოეხდინა სომხეთის არჩევნებზე და მისთვის სასურველი პოლიტიკური ძალა მოეყვანა ხელისუფლებაში. ამიტომ ახლა, როგორც ჩანს, პუტინი ფაშინიანს ევაჭრება და ულტიმატუმს უყენებს.

უბრალოდ პუტინი პირდაპირ ანიშნებს ფაშინიანს, რომ მისთვის მიუღებელია დღევანდელი სომხეთის მმართველი პოლიტიკური ძალის და ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური და თავდაცვის კურსი, ეს აშკარაა. როგორც ჩანს, კრემლი კიდევ აგრძელებს იმ საშინაო დავალებას, რომ მისთვის სასურველი სცენარი მიიღოს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×