რეზონანსი
25.08.2026

სომხეთის პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

პროკურატურამ ბრალი კიდევ 9 პირს წაუყენა, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის უფროს ვაჟს, სედრაკ ქოჩარიანსა და სომხეთის მესამე პრეზიდენტს, სერჟ სარქისიანს.

რობერტ ქოჩარიანის ადვოკატის ცნობით, დაკავების შემდეგ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყოფილი პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ბაგრატ მიქოიანმა განაცხადა, რომ ქოჩარიანმა ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც, ექიმმა დამატებითი გამოკვლევების ჩატარება გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანისა და მისი ოჯახის წევრების მისამართებზე ჩხრეკა დღეს დილით ჩაატარეს. ჩხრეკა ჩატარდა მისი კიდევ ერთი ვაჟის, სომხეთის პარლამენტის წევრის, ლევონ ქოჩარიანის სახლში. მოგვიანებით, საგამოძიებო ორგანოებმა რობერ ქოჩარიანი ანტიკორუფციულ კომიტეტში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×