
რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი, საქართველოში მყოფი აფხაზი ბლოგერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და აქტივისტების მიერ გავრცელებულ განცხადებებს.
მისივე თქმით, როდესაც პრაქტიკულად მოწმემ აღიარა, რომ ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენების შედეგად მოხდა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალება, ოპოზიციური ჯგუფები ცდილობენ ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ:
„პირველ რიგში, მინდა სინანული გამოვხატო ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების გამო. რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს მაშინაც კი, როდესაც პრაქტიკულად მოწმემ აღიარა, რომ სამწუხაროდ, ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების, როგორც წინასწარი მონაცემებითაც დგინდება, ამ ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენების შედეგად მოხდა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალება, პრაქტიკულად მიტოვება განსაცდელში, სწორედ ამ მუხლითაც არის საქმე აღძრული. კიდევ ერთხელ კარგად ჩანს, თუ როგორ არ აინტერესებთ რადიკალებს არანაირი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა, ყველგან ცდილობენ საკუთარ დღის წესრიგს რაღაც წაამატონ იმ ტრაგედიების გათვალისწინებითაც კი, ცალსახა და თვალსაჩინო ტრაგედიების, რომლებზედაც პირდაპირ არსებობს აღიარებული ჩვენება“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე და დაურ ბუავა მეგობრები იყვნენ. ისინი თბილისში, დიდ დიღომში, დაურ ბუავას დროებით საცხოვრებელ ბინაში ერთად იმყოფებოდნენ, სადაც მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა.