„შუბლის ძარღვი არ უნდა გაგიწყდეს ადამიანს! როდესაც ახალგაზრდა სასოწარკვეთილია, წერს, რომ თავის მოკვლა უნდა, ესენი უწერენ, სწორად ვერ დაალაგე უნივერსიტეტებიო...“
ნატალია ჯვარიძე
27.08.2026

ათასობით აბიტურიენტი წელს უნივერსიტეტის გარეშე დარჩა, რამაც საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება და განათლების სისტემის მწვავე კრიტიკა გამოიწვია. შეფასებისა და გამოცდების ცენტრის განცხადებით, ჩარიცხულთა წილი აბიტურიენტთა გააზრებულ არჩევანზე მიუთითებს, თუმცა განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ ეს მასობრივი ჩარჩენა არა არასწორი არჩევანის, არამედ კვოტების შემცირებისა და ფაკულტეტების გაუქმების შედეგია და პასუხისმგებელ პირთა გადაყენებას ითხოვს.

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, გამოცდებზე გამოცხადებული 39 689 აბიტურიენტიდან სტუდენტი 34 150 გახდა. შესაბამისად, უნივერსიტეტის გარეშე სულ 3 744 აბიტურიენტი დარჩა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აღნიშნავს, რომ ჩარიცხულთა მაღალი პროცენტი (დაახლოებით 86%) აბიტურიენტების მხრიდან საგამოცდო საგნებისა და ფაკულტეტების უფრო გააზრებულ არჩევანზე მიუთითებს. ცენტრი ასევე შეახსენებს იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც ზღვარი გადალახეს, თუმცა უმაღლესში ვერ მოხვდნენ, რომ მათ შეუძლიათ ისარგებლონ პროფესიული განათლებისა თუ მეორადი მიღებების შესაძლებლობებით. სოციალურ ქსელებში აქტიურად აკრიტიკიკებენ განათლების სისტემას.

განათლების ექსპერტი, მანანა ნიკოლაიშვილი ახალ რეფორმას მკვეთრად აკრიტიკებს და ამბობს, რომ აუცილებელია ამაზე ღიად დაიწყონ ლაპარაკი.

  • მანანა ნიკოლაიშვილი: „ავრცელებენ ასეთ ნარატივს, თითქოს გარეთ დარჩენილ, სასოწარკვეთილ აბიტურიენტებს, მათ შორის მაღალქულიანებსა და საშუალოქულიანებს არ დაულაგებიათ სწორად უნივერსიტეტები. საერთოდ, ბარიერს როცა ლახავდი, 2005 წლიდან სტუდენტი ხდებოდი. ახლა ეს ბავშვები დარჩნენ გარეთ. იმის მაგივრად, რომ ახალგაზრდას ანუგეშო, ესენი უწერენ, სწორად არ დაალაგეთო"

„სტუდენტები მაღალქულიანებიც არიან დარჩენილები, საშუალოქულიანებიც და დაბალქულიანებიც. ათასობით ბავშვია. ეს იმ რეფორმის შედეგია, რაზეც ოქტომბრიდან მოყოლებული, ლამის 10-11 თვეა ვსაუბრობ, რომ ეს რეფორმა არის დამანგრეველი. ეს არის განათლების შეზღუდვა. რატომ უნდა მოხდეს განათლების შეზღუდვა XXI საუკუნეში, არ მესმის.

ადგილებია შემცირებული. „ქართული ოცნების" ტროლ-ბოტები ავრცელებენ ასეთ ნარატივს, თითქოს გარეთ დარჩენილ, სასოწარკვეთილ აბიტურიენტებს, მათ შორის მაღალქულიანებსა და საშუალოქულიანებს არ დაულაგებიათ სწორად უნივერსიტეტები. საერთოდ, ბარიერს როცა ლახავდი, 2005 წლიდან სტუდენტი ხდებოდი. ახლა ეს ბავშვები დარჩნენ გარეთ. იმის მაგივრად, რომ ახალგაზრდას ანუგეშო, ესენი უწერენ, სწორად არ დაალაგეთო. რას ნიშნავს „დალაგება" მაშინ, როდესაც ათასობით ადგილია შემცირებული?

კვოტები და ფაკულტეტები შეამცირეს უნივერსიტეტებში! ტექნიკურ უნივერსიტეტში სამი დიდი ფაკულტეტი დახურეს, ილიაუნი განადგურეს - 4 000-ზე მეტი ადგილიდან 300 ადგილიღა დაუტოვეს. რეგიონული უნივერსიტეტები პრაქტიკულად გამოშიგნეს. ყველა პოპულარული ფაკულტეტი ჰქონდათ რეგიონულ უნივერსიტეტებს - თელავს, გორს, ზუგდიდს, სამცხე-ჯავახეთს, ყველას დაუხურეს ეს ფაკულტეტები და პროგრამები, მისცეს არაპოპულარული, პედაგოგიური პროფილის პროგრამები.

ამიტომ დარჩნენ ბავშვები გარეთ, ლამის უმაღლესი ქულებითაც არიან გარეთ დარჩენილები. ეს არის მავნებლობა! რა უფასო განათლებაა?! ჯერ ერთი, ეგ არ არის უფასო განათლება. ეგ მოდელი მე დიდი ხანია ვიცი, შესწავლილი მაქვს მეცნიერულ დონეზე, როგორც ექსპერტს. ეგ არ არის უფასო განათლების მოდელი, ეგ არის შერეული თანადაფინანსება. საბაზისო დაფინანსებას აძლევენ უნივერსიტეტებს და მარტო ორი სემესტრია უფასო. მერე, სტიპენდიასაც ვერ აძლევენ ყველა სტუდენტს, საერთო საცხოვრებლები ამათ არ აქვთ, დაბალფასიანი კვება და ტალონური სისტემა არ არის სტუდენტებისთვის. როგორ შეიძლება ეს?

ერთადერთი, იძულებულია სტუდენტი, იმუშაოს. როდესაც მუშაობ, სწავლა და სამუშაო ერთად შეუთავსებელია. არ უნდა დაგრჩეს საგანიო - დამცველები იძახიან. როგორ არ დარჩება საგანი, როცა ბავშვმა უნდა იმუშაოს, რომ გადაიხადოს ბინის ქირა, მოიპოვოს საკვების, ჩასაცმლის, წამლისა და ექიმის ფული?

ეს არის პირდაპირ დაზიანება და განადგურება ყველაფრის! უმაღლესი განათლების სისტემა ჩვენ შესანიშნავად გვქონდა აწყობილი, ევროპული და მსოფლიო სტანდარტების დონეზე. გაგიკვირდებათ ახლა, მე რომ ვამბობ მაგას, რადგან ყოველთვის ყველაფერს ვაკრიტიკებდი. სისტემა იყო აწყობილი საათივით. ამას სჭირდებოდა მხოლოდ ორი რამ: უმაღლეს სასწავლებლებში დაფინანსების მომატება (ერთი სტუდენტის ფინანსური ნორმატივის გაზრდა) და სკოლებიდან მაღალი ცოდნით აღჭურვილი სტუდენტების მიღება. მეტი არაფერი არ სჭირდებოდა ჩვენს უმაღლეს სკოლას.

არცერთი ეს არ გააკეთეს! გამოშიგნეს, დაშიგნეს და დაცინიან მთელ მოსახლეობას. მსოფლიო ბანკმა ეგ რომ შეიმუშავა, იქ გათვალისწინებული იყო მნიშვნელოვანი მატება.

ეს „რეფორმატორები" კობახიძის თამადობით უნდა გადააყენონ. კობახიძე ხომ დგას სათავეში ამ რეფორმის და უკან უნდა დაბრუნდეს ყველაფერი! სკოლებში უნდა აიწიოს ხარისხი, ამ ბავშვებს გაუკეთონ ჩარიცხვები და სადაც დახურეს პროგრამები, ტექნიკურ უნივერსიტეტში თუ ილიაუნიში - აკრედიტაცია ხომ გავლილი აქვთ, დაუმატონ ადგილები და ჩარიცხონ ეს ბავშვები სულ ყველა!

რატომ არ უნდა დაამთავროს უმაღლესი ყველამ? იაპონიაში თუ ყველა უმაღლესს ამთავრებს და მუშასაც უმაღლესი აქვს დამთავრებული, რა, ვერ არიან პირველ ადგილზე ახალ ტექნოლოგიებში? რა არის ამაში ცუდი? თავიანთ შვილებს რატომ ამთავრებინებენ უმაღლესებს?

შუბლის ძარღვი არ უნდა გაგიწყდეს ადამიანს! საერთოდ, კანონით უნდა აიკრძალოს სოციალურ ქსელებში ეს ტროლ-ბოტები. როდესაც ახალგაზრდა სასოწარკვეთილია, წერს, რომ თავის მოკვლა უნდა, ტირის დილიდან, ასეთ რაღაცებს წერენ ბავშვები და ესენი უწერენ, სწორად ვერ დაალაგე უნივერსიტეტებიო - ცეცხლზე ნავთი უნდა დაასხა?! ასეთი გულგრილობისა და უნამუსობის გამო სასწრაფოდ უნდა გადააყენონ განათლების მინისტრიც და ესენიც, ხოლო ბავშვები შეუშვან უმაღლესებში.

ამერიკულ წამყვან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებშიც არის ჰუმანიტარული ფაკულტეტები. აბა, უნივერსიტეტი რა არის? უნივერსიტეტის განმარტებაც არ იციან ამათ! შენობების გაყიდვა უნდათ, არა? ეს არის მათი იდეაფიქსი. სასწრაფოდ დააბრუნონ ყველაფერი - ტექნიკურ უნივერსიტეტს მისცენ თავისი ჰუმანიტარული ფაკულტეტები, ილიაუნიში აღადგინონ პროგრამები, რეგიონულ უნივერსიტეტებსაც მისცენ, რაც ჰქონდათ და ეს ბავშვები დაკმაყოფილდნენ. ეს უნდა მოხდეს ამ დღეებში!

მშობლები რატომ არიან გაჩერებულები? პეტიცია მაინც შეადგინონ! უწერენ, მომავალში იბრძოლეთო. რას ნიშნავს მომავალში? მომავალში კობახიძე კიდევ აპირებს ადგილების შემცირებას!" - განაცხადა მანანა ნიკოლაიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×