
რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მასობრივი თავდასხმებისთვის ემზადება, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მიღებული ინსტრუქციების შესაბამისად, შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს მასობრივი დარტყმების მომზადება უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების წინააღმდეგ, კიევის რეჟიმის მიერ რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და საწვავისა და ენერგეტიკის კომპლექსზე თავდასხმების საპასუხოდ", - აცხადებენ სამინისტროში.
უწყების ცნობით, რუსულმა არმიამ წუხელ იერიში მიიტანა აზბესტ-ცემენტის ქარხანაზე, რომლის საწყობებშიც განთავსებული იყო უპილოტო საფრენი აპარატებისა და მათი საბრძოლო მასალების მწარმოებელი კომპანია
„ჭკვიანი საბრძოლო მასალების" ასაფეთქებელი ნივთიერებები. სამხედრო და პოლიტიკური ანალიტიკოსების, მათ შორის ომის შესწავლის ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეს განცხადებები რამდენიმე ძირითად სტრატეგიულ და საინფორმაციო მიზანს ემსახურება: ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მოსკოვი ცდილობს საკუთარი იერიშები წარმოაჩინოს, როგორც მხოლოდ „საპასუხო ზომა" უკრაინული დრონების მიერ რუსულ ნავთობსაბადოებსა და ენერგოკომპლექსებზე განხორციელებული წარმატებული დარტყმების შემდეგ.
ამით კრემლი ცდილობს შიდა აუდიტორიისთვის და საერთაშორისო ასპარეზზე თავისი აგრესიის ლეგიტიმაციას.
სამხედრო ექსპერტების დაკვირვებით, რუსეთი ტრადიციულად ცივი სეზონის მოახლოებასთან ერთად აძლიერებს იერიშებს ენერგოინფრასტრუქტურაზე. მიზანი უკრაინის ენერგოსისტემის მაქსიმალური პარალიზება, მოსახლეობაში ჰუმანიტარული კრიზისის შექმნა და ქვეყნის შიდა მდგრადობის გატეხაა.
დასავლელი ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ მასობრივი შეტევების დაანონსებითა და განხორციელებით რუსეთი ცდილობს აიძულოს უკრაინა, დახარჯოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დეფიციტური რაკეტები, მათ შორის „პეტრიოტის სისტემები, რათა ფრონტის ხაზსა და მსხვილ ქალაქებს დაცვა შეუსუსდეს.
ანალიტიკოსთა შეფასებით, მსგავსი ოფიციალური განცხადებები წარმოადგენს ფსიქოლოგიური ზეწოლის ინსტრუმენტს როგორც უკრაინის მოსახლეობაზე, ისე დასავლელ პარტნიორებზე, რათა შეიქმნას განცდა, რომ კონფლიქტის ესკალაცია გარდაუვალია.