
მთავრობამ ადგილობრივი ბაზრის და ფერმერების დასაცავად კიდევ ერთი დადგენილება მიიღო. უფრო ზუსტად, მსხვილფეხა პირუტყვის საქართველოში იმპორტზე ახალი ვეტერინარული წესები ამოქმედდა. ცვლილება მთავრობის 21 აგვისტოს დადგენილებით უკვე დამტკიცდა და გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტების განცხადებით, ეს ცვლილება სანაშენე მსხვილფეხა პირუტყვის უსაფრთხო შემოყვანას უკავშირდება, რაც მესაქონლეობის დარგის განვითარებას, ასევე ადგილობრივი ბაზრის დაცვას შეუწყობს ხელს.
მთავრობის ახალი დადგენილების მიხედვით, საქართველოში შემოსაყვანად დაიშვება ექსპორტიორ ქვეყანაში დაბადებული და გამოზრდილი ჯანმრთელი სანაშენე მსხვილფეხა პირუტყვი, რომლის მაკეობის ვადა არ აღემატება 8 თვეს. დადგენილებით ისიც განისაზღვრა, რომ პირუტყვი არ უნდა იყოს ვაქცინირებული ბრუცელოზის, თურქულისა და ლეპტოსპიროზის საწინააღმდეგოდ, ან ვაქცინირებული უნდა იყოს მხოლოდ ე.წ. „დივა“ ვაქცინით.
მთავრობის დადგენილებაში „დივა“ განიმარტება, როგორც ვაქცინაცია ისეთი ვაქცინის გამოყენებით, რომელიც შესაბამისი სეროლოგიური დიაგნოსტიკური მეთოდებით ვაქცინირებულ პოპულაციაში ინფიცირებული ცხოველის გამოვლენას შესაძლებელს ხდის. გარდა ამისა, იმპორტისთვის განკუთვნილი პირუტყვი უნდა გამოდიოდეს ისეთი მეურნეობიდან და ადმინისტრაციული ტერიტორიიდან, რომელიც შესაბამისი ვადების განმავლობაში თავისუფალია ცხოველთა გადამდები დაავადებებისგან.
უფრო ზუსტად, მოთხოვნების ჩამონათვალი ასეთია: მსხვილფეხა პირუტყვის ღრუბლისებური ენცეფალოპათიისგან იმპორტიორი ქვეყანა თავისუფალი უნდა იყოს ბოლო 5 წლის განმავლობაში; მსხვილფეხა პირუტყვის ჭირის, კონტაგიოზური პლევროპნევმონიისა და ვეზიკულური სტომატიტის შემთხვევაში - ბოლო 24 თვის განმავლობაში; თურქულის შემთხვევაში - ბოლო 12 თვის განმავლობაში; ბრუცელოზის, ტუბერკულოზისა და პარატუბერკულოზის შემთხვევაში - ბოლო 6 თვის განმავლობაში; ლეიკოზის შემთხვევაში - ბოლო 12 თვის განმავლობაში; ლეპტოსპიროზის შემთხვევაში - ბოლო 3 თვის განმავლობაში; ჯილეხის შემთხვევაში - ბოლო 20 დღის განმავლობაში.
ეკონომიკის ექსპერტები და დარგის სპეციალისტები მთავრობის ამ დადგენილებას ადგილობრივი ბაზრის დაცვით, მესაქონლეობის ხელშეწყობითა და საბოლოოდ, სოფლის მეურნეობის განვითარებით ხსნიან. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ანზორ მესხიშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს მთავრობის ამ დადგენილების შედეგად, ქვეყანაში შემოვა კარგი და ჯანმრთელი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.
„სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი შემცირებულია, მაგრამ მთავრობა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი ცდილობს, ცოტა გაზარდოს მსხვილფეხა საქონელი. შესაბამისად, ტარდება ღონისძიებები, რათა წესრიგი დამყარდეს დარგში. ეს ცვლილება ნიშნავს, რომ გაიზარდოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ადგილობრივი და შემოყვანილი ჯანმრთელი პირუტყვის ხარჯზე. ცხადია, ეს ცვლილება ერთგვარი კომპლექსური მიდგომაა, როგორც იმპორტირებული პირუტყვის უსაფრთხოების, ასევე, ადგილობრივი ბაზრის დაცვისა და მესაქონლეობის განვითარების მიზნით“, - განუცხადა „რეზონანსს“ ანზორ მესხიშვილმა.
მისი თქმით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გამრავლების მიზნით გარკვეული ნაბიჯები იდგმება, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ანზორ მესხიშვილის განცხადებით, აუცილებელია მიწების კონსოლიდაცია.
„ვგულისხმობ წვრილი მესაკუთრული მეურნეობის გარდაიქმნას გამსხვილებულ მეურნეობად. 90-იანი წლების დასაწყისში, კოლმეურნეობისა და საბჭოთა მეურნეობის ლიკვიდაციის შესახებ დადგენილებით გათვალისწინებული იყო, რომ მათ ბაზაზე უნდა შექმნილიყო კოოპერატივები, სააქციო საზოგადოებები და შპს-ები, მაგრამ არ შესრულდა ეს დადგენილება. პირიქით, დაიწყო საქონლისა და ტექნიკის დატაცება, საბოლოოდ კი დაანგრიეს და დაღუპეს სოფლის მეურნეობა.
ბევრი წლის შემდეგ, როდესაც კახა ბენდუქიძე გახდა ეკონომიკის მინისტრი, ისეთი რამ თქვა თათბირზე, რომ კინაღამ გული წამივიდა: „სოფლის მეურნეობას რად უნდა ყურადღება, რად გვინდა მიწის ბალანსი და მიწის კოდექსი, ძროხამ ჩვენზე კარგად იცის, რომელია საძოვარიო“. შედეგად, მის პერიოდში დაიღუპა სოფლის მეურნეობა. ახლა სოფლის მეურნეობის განვითარებას გარკვეული ყურადღება ექცევა და საქმე შედარებით უკეთ მიდის, მაგრამ სანამ არ გვექნება მიწის ბალანსი, სანამ არ მივიღებთ მიწის კოდექსს, არაფერი გამოვა. რაც მთავარია, აუცილებელია დანაწევრებული სასოფლო-სამეურნეო მიწების კონსოლიდაცია. ამის გარეშე, სოფლის მეურნეობის სერიოზული განვითარება წარმოუდგენელია“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ ანზორ მესხიშვილმა.
მთავრობის ახალ დადგენილებას ადგილობრივი ფერმერული მეურნეობებისა და მესაქონლეობის განვითარებას უკავშირებს სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, კობა კობალაძე, რომელიც „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ იმპორტირებული პირუტყვის უსაფრთხოების მიზნით, აუცილებელია სწორად შეირჩეს საკარანტინე ადგილები.
„დიახ, მთავრობის ეს დადგენილება ნამდვილად არის ადგილობრივი ფერმერული მეურნეობებისა და ბაზრის დასაცავად გადადგმული ნაბიჯი. თუმცა, ერთ ფაქტს გაგახსენებთ: დაახლოებით, 16 წლის წინ, ბულგარეთიდან მაკე პირუტყვი შემოიყვანეს. განსაკუთრებული დაცვის მიზნით, ეს მსხვილფეხა პირუტყვი შეიყვანეს ისეთ პირობებში, სადაც მანამდე ცხვარი იდგა, რაც კატეგორიულად არ შეიძლება. ეს იმიტომ, რომ ცხვარს ყოველთვის აქვს ჩლიქების დაავადება, რაც შემდგომ გადაედო ჩამოყვანილ პირუტყვს, რომელსაც შესაბამისი იმუნიტეტი არ ჰქონდა. დაახლოებით, 6 000 დაჯდა თითო სულის შემოყვანა და ამ დაავადების გამო, რომელიც პირუტყვს ცხვრისგან გადაედო, იმპორტირებულ მსხვილფეხა საქონელს ჩლიქები და ფეხები დაუჩირქდა, სისხლი მოეწამლა და დაიღუპა.
ეს ამბავი იმიტომ შეგახსენეთ, რომ კატეგორიულად არ შეიძლება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იქ შეყვანა, სადაც მანამდე ცხვარი იყო ნამყოფი. გარდა ამისა, სერიოზული პრობლემაა საძოვრები, რომლითაც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იკვებება, რადგან სავსეა ტკიპებით და სხვადასხვა ინფექციებით. რაც მთავარია, აუცილებელია, რომ იმპორტირებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საკარანტინე ადგილი სწორად შეირჩეს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ საუბრისას კობა კობალაძემ.