
აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელის საიდუმლო ჩასვლა მოსკოვში და კრემლის ბუნდოვანი პოზიცია - ხან უარყოს, ხან სპეცსამსახურების კონტაქტად გამოაცხადოს ვიზიტი - ვაშინგტონსა და რუსეთს შორის კომუნიკაციის კულისებსმიღმა რეჟიმზე გადასვლაზე მიუთითებს.
იმ ფონზე, როდესაც ოფიციალური სამშვიდობო მოლაპარაკება შეჩერებულია, აშშ-ს ცენტრ. სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ვიზიტი - 2021 წლის შემდეგ პირველი ასეთი მისია - უამრავ კითხვას აჩენს.
ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებული შტატების დაზვერვის ხელმძღვანელი ოფიციალური შეხვედრების გამართვის მიზნით მოსკოვს ეწვია. ეს ცნობები ვრცელდება იმ ფონზე, როდესაც კრემლი მიმდინარე კვირაში ამერიკელ დელეგატებთან რაიმე სახის მოლაპარაკებების დაგეგმვას უარყოფდა.
ტელეკომპანია "სიბისი ნიუსი" ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რატკლიფი რუსეთის დედაქალაქში სამშაბათს იმყოფებოდა.
ეს ცნობები აშშ-ის სამხედრო- სატრანსპორტო თვითმფრინავის რიგიდან მოსკოვში გადაფრენის დაფიქსირების შემდეგ გავრცელდა.
თავის მხრივ, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მოსკოვსა და ამერიკელ ელჩებს შორის ამ კვირაში შეხვედრები დაგეგმილი არ იყო, იმ ფონზე, როდესაც რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები კვლავ შეჩერებულია.
„არა, ასეთი გეგმები არ არსებობს", - განუცხადა ჟურნალისტებს სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თუმცა მოგვიანებით, დიმიტრი პესკოვმა "ვაშონგტოს პოსტს" განუცხადა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის, ჯონ რეტკლიფის, მოსკოვში ვიზიტი.
„კითხვაზე, რა არის რეტკლიფის ვიზიტის მიზანი, პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გამოცემას განუცხადა, რომ ეს „უსაფრთხოების სამსახურებს შორის კონტაქტებს" უკავშირდება", - წერს გამოცემა.
ამ ეტაპზე, აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკება უკრაინასთან ძირითადად შეჩერებულია, რადგან მხარეები საკვანძო საკითხებზე კვლავ შორს დგანან ერთმანეთისგან.
ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აშშ-სა და რუსეთს შორის პატიმართა გაცვლის ბოლო ოპერაციებში. მათ შორის იყო 2025 წლის აპრილში აშშ-ისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქის, ქსენია კარელინას გათავისუფლება, რომლის საქმეზეც მოლაპარაკებას პირადად რეტკლიფი აწარმოებდა. უწყება ასევე ჩართული იყო 2024 წლის პატიმართა გაცვლაში, რომლის შედეგადაც Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი და საზღვაო ქვეითთა ვეტერანი პოლ ველანი გაათავისუფლეს.
"საიდუმლო ფრენა"
ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი C-17 შეერთებული შტატებიდან ლატვიაში, ხოლო იქიდან მოსკოვში გაფრინდა. ხომალდი რიგის აეროპორტიდან გრინვიჩის დროით 05:50 საათზე აფრინდა და მოსკოვში დაახლოებით 07:04 საათზე დაჯდა. მოგვიანებით, ფრენების მონიტორინგის ვებგვერდის მონაცემების თანახმად, საჰაერო ხომალდმა, რომელშიც, სავარაუდოდ, რეტკლიფი იმყოფებოდა, მოსკოვი დატოვა.
"აქსიოსი" ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვაშინგტონმა უკრაინას მოსკოვში მაღალი რანგის დელეგაციის გამგზავრების შესახებ წინასწარ აცნობა და დელეგაციის წასვლამდე დარტყმების შეჩერება სთხოვა.
კრემლის კორესპონდენტების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკის დაზვერვის ხელმძღვანელთან შეხვედრის გამო მანამდე დაგეგმილი ერთ-ერთი ღონისძიებაც კი გააუქმა, რომლისთვისაც ასობით ადამიანი ემზადებოდა.
უშუალოდ რას ეხებოდა შეხვედრა, ოფიციალური ინფორმაცია, ბევრი დეტალი, ჯერჯერობით, უცნობია.
გამოცემა "უოლ სტრიტ ჯორნალის" შეფასებით, შესაძლოა რეტკლიფს პუტინისთვის გაფრთხილება ჩაეტანა, რომელიც ამერიკული დაზვერვის მონაცემებს ეფუძნება იმის შესახებ, რომ კრემლი მობილიზაციის ახალ ტალღასა და ნატო-ს წინააღმდეგ შესაძლო პროვოკაციას ამზადებს.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ბოლო ცნობილი ვიზიტი მოსკოვში 2021 წლის ნოემბერში შედგა. იმ პერიოდში უილიამ ბერნსმა პუტინი უკრაინაზე შესაძლო თავდასხმის შესახებ გააფრთხილა, რამდენიმე კვირაში კი რუსეთმა ფართომასშტაბიანი ინტერვენცია დაიწყო.