
ეროვნული სატყეო სააგენტოს ცენტრალურ აპარატსა და რეგიონულ სატყეო სამსახურებში 401 ტყის მცველის პოზიციაზე კანდიდატთა შერჩევა მიმდინარეობს. გასაუბრების ეტაპი უკვე დასრულებულია. კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც სრულწლოვანია და სრული ზოგადი განათლება აქვს.
ვაკანსიები ეროვნული სატყეო სააგენტოს რეფორმის ფარგლებში გამოცხადდა, რომლის მიზანიც, ტყის დაცვის გაძლიერება და ტყით სარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებაა.
სექტემბრიდან კონტროლის გასაძლიერებლად სისტემას 499 ახალი კადრი დაემატება. მათ შორის იქნებიან მეტყევეები და ტყის მცველები, რის შედეგადაც, თითო მცველზე დასაცავი ტერიტორია 10-15 ათასი ჰექტრიდან, საშუალოდ, 2 000 ჰექტრამდე შემცირდება. ტყის მცველთა ხელფასი იანვრიდან გაორმაგდება.
სატყეო სექტორში არსებული უკანონო ჭრებისა და დეგრადაციის აღმოსაფხვრელად, სახელმწიფო ტყის დაცვისა და მონიტორინგის ახალ მოდელს ნერგავს. კონტროლის გასაძლიერებლად გამოიყენება პლანშეტები, სამხრე კამერები, რაციები და ფოტოხაფანგები. ტყის მონიტორინგი სრულად გაციფრულდება და თანამედროვე ტექნოლოგიებით განხორციელდება. ტყის მცველის პოზიციაზე შერჩეული კანდიდატების მიღება კი 1 სექტემბრიდან დაიწყება.