თამთა ჩაჩანიძე
24.09.2026

ევროკავშირის სანქციების პოლიტიკაში მოულოდნელი ცვლილებაა - ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ინდივიდუალური სანქციების უპრეცენდენტოდ, სამი წლის ვადით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ (მანამდე ეს ექვსი თვით ხდებოდა-ხოლმე). შეზღუდვები, რომლებიც აქტივების გაყინვასა და გადაადგილების აკრძალვას მოიცავს, 3 000-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეხება, თუმცა შავ სიას გამოაკლდა რამდენიმე პირი, მათ შორის ცნობილი რუსი მილიარდერები - ალიშერ უსმანოვი და მიხეილ ფრიდმანი. სიიდან უსმანოვის ამოღებას საფრანგეთი და სლოვაკეთი ითხოვდნენ, ფრიდმანისას კი ლუქსემბურგი. ამას თავდაპირველად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, განსაკუთრებით ლატვია ეწინააღმდეგებოდა, თუმცა საბოლოოდ კომპრომისი შედგა.

გადაწყვეტილება უკვე ძალაშია, დოკუმენტი ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურ ჟურნალში გამოაქვეყნა. რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების მოქმედება 2029 წლის 22 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.

უსმანოვის კავშირებმა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ლიდერებთან, მათ შორის აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან სანქციების მოხსნაში, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

„ფაინენშელ თაიმსის" ცნობით, საფრანგეთმა უსმანოვის ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღება აზერბაიჯანში ორი პატიმრის გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში მოითხოვა. ევროკავშირის გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შეიწყალა საფრანგეთის მოქალაქე მარტინ რაიანი, რომელიც საფრანგეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის იყო გასამართლებული. ბაქო ასეთი შეთანხმების არსებობას უარყოფს.

საფრანგეთის პოზიცია მოულოდნელი იყო. როგორც „პოლიტიკო" აღნიშნავს, პარიზმა უარი თქვა მიზეზების ახსნაზე და მხოლოდ ის განაცხადა, რომ ეს „კონკრეტულ ეროვნული უსაფრთხოების საკითხს" უკავშირდებოდა.

„ბლუმბერგის" ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა მწვავედ გააკრიტიკა ევროკავშირის ნაბიჯი და განაცხადა, რომ რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციებს თავად არ მოხსნის. წყაროების ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ არ ეთანხმება ევროკავშირის გადაწყვეტილებას ორი რუსი მილიარდელის წინააღმდეგ სანქციების მოხსნაზე - ბერნემმა ეს ზელენსკის პირადად უთხრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეის ფარგლებში შეხვედრაზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დიდ ბრიტანეთში ორივე რუსი მაგნატის მნიშვნელოვანი ინტერესები იკვეთება. უსმანოვი საერთაშორისო დონეზე ყველაზე მეტად ლონდონის საფეხბურთო კლუბ „არსენალში" ინვესტიციებით არის ცნობილი. ფრიდმანი კი ლონდონში 2013 წელს გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ სანქციების დაწესების შემდეგ ქვეყანა დატოვა.

უკრაინის პრეზიდენტის სანქციების პოლიტიკის კომისარმა ვლადისლავ ვლასიუკმა „პოლიტიკოს" განუცხადა, რომ კიევი ევროკავშირს სანქციების სიაში ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის სხვა ოლიგარქებით ჩანაცვლებას სთავაზობს და ეს ოლიგარქები არიან ვლადიმერ ლისინი და ვლადიმერ პოტანინი, რომლებიც ლითონისა და ნიკელის ინდუსტრიის მსხვილ კომპანიებს აკონტროლებენ და რუსეთის სამხედრო ეკონომიკაში წვლილი შეაქვთ.

ლატვიის პრემიერმა ანდრის კულბერგსმა 21 სექტემბერს თქვა, რომ რიგა არ ეთანხმება უსმანოვისა და ფრიდმანის ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღებას 3 000 ფიზიკური და იურიდიული პირისა და ორგანიზაციის მიმართ შეზღუდვების გახანგრძლივების სანაცვლოდ.

  • ლატვიის პრემიერმა ევროკავშირის წევრები გააფრთხილა, რომ „ეს უნდა დარჩეს გამონაკლისად და იზოლირებულ შემთხვევად"

„სიტუაცია რთულია. სანქციების გასაგრძელებლად საჭიროა ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა. თუ შეთანხმებას ვადაში ვერ მივაღწევთ, მთელი სიის, და არა მხოლოდ ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის მიმართ სანქციები საფრთხის ქვეშ დადგება. სანქციების 36 თვით გახანგრძლივება სწორი ნაბიჯი იქნებოდა. თუმცა, ამის ფასი არ უნდა იყოს მხოლოდ ორი პირის სანქციების სიიდან ამოღება."

მოგვიანებით კულბერგსმა ახსნა, თუ რატომ მოხსნა წინააღმდეგობა ორი რუსი ოლიგარქის სიიდან ამოღებაზე. მისი თქმით, ლატვიის ვეტო მთელს პაკეტს დააყენებდა საფრთხის ქვეშ და ევროკავშირის წევრები გააფრთხილა, რომ „ეს უნდა დარჩეს გამონაკლისად და იზოლირებულ შემთხვევად".

სანქციებზე გადამწყვეტი შეხვედრა 22 სექტემბერს გაიმართა. ყველა სანქციას ვადა 23 სექტემბერს შუაღამისას ეწურებოდა, თუ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო ერთხმად არ გადაწყვეტდა მათ გახანგრძლივებას.

რუსი ეკონომისტი და ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ვლადისლავ ინოზემცევი ამბობს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებას „საკმარისი საფუძველი ჰქონდა". ამტკიცებს, რომ ორივე ბიზნესმენის მიმართ სანქციების დაწესების თავდაპირველი საფუძვლები ბუნდოვანი იყო, ფრიდმანის შემთხვევაში ევროპაში გამართულ სასამართლო პროცესსაც უსვამს ხაზს.

„მივესალმები უსმანოვისა და ფრიდმანისთვის სანქციების მოხსნას. მიმაჩნია, რომ პერსონალური სანქციები უნდა მოეხსნას ყველა იმ რუს ბიზნესმენს, რომელიც არ მუშაობს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში და ე.წ. ახალ ტერიტორიებზე.

  • ვლადისლავ ინოზემცევი, რუსი ეკონომისტი: „სანქციების მოხსნის მიზეზი საკმარისზე მეტია. სანქციების დაწესების საფუძვლები უკიდურესად ბუნდოვანი იყო"

„გარდა ამისა, კონკრეტულად ამ ორი ბიზნესმენის შემთხვევაში სანქციების მოხსნის მიზეზი საკმარისზე მეტია. სანქციების დაწესების საფუძვლები უკიდურესად ბუნდოვანი იყო. ანდერს ოსლუნდის (შვედი ეკონომისტის) სამარცხვინოდ ცნობილ ტვიტს იმის შესახებ, რომ უსმანოვი პუტინის ინტერესებს ატარებს, არანაირი მტკიცებულება არ აქვს, ხოლო „ფორბსში" გამოქვეყნებული ბრალდებები გერმანიის სასამართლოებმა სინამდვილესთან შეუსაბამოდ ცნეს. მიუხედავად ამისა, ყველა ეს თეზისი უცვლელად მეორდებოდა სანქციების დაწესებისა და მათი გახანგრძლივების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებში.

„ბატონი ფრიდმანის შემთხვევაში საქმე კიდევ უფრო პარადოქსულია: მან და პიოტრ ავენმა (კიდევ ერთი რუსი ოლიგარქი - რედ.) ევროკავშირის საბჭოს წინააღმდეგ სარჩელი ევროკავშირის სასამართლოში მოიგეს, თუმცა მაშინ, როცა ეს სარჩელი განიხილებოდა, საბჭომ მათ წინააღმდეგ კიდევ ერთი დოკუმენტი გამოსცა, რომლითაც მათზე სანქციები იგივე ფორმულირებებით დაწესდა. პირველი გადაწყვეტილება გაუქმდა, ხოლო მეორე ძალაში დარჩა. ამას ევროკავშირის მხრიდან სუფთა თაღლითობას ვუწოდებდი.",- დასძინა ინოზემცევმა.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა კი, 22 სექტემბერს განაცხადა, რომ სანქციები უკანონოა და არა მხოლოდ უსმანოვს და ფრიდმანს, არამედ ყველა რუს ბიზნესმენს და რუსეთის ყველა მოქალაქეს უნდა მოუხსნან.

ვინ არიან უსმანოვი და ფრიდმანი

ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი ევროკავშირის სასანქციო სიაში მოხვდენ, როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქები, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსებაში. ორივე ბიზნესმენმა სანქციების მოხსნა სასამართლოს გზით მოითხოვა. ორივე თავის მხრივ რუსეთის მოქალაქეა.

ალიშერ უსმანოვი წარმოშობით უზბეკია, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება. ჟურნალ „ფორბსის" მონაცემებით, მისი ქონება 14.1 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული.

2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა უსმანოვს ვლადიმერ პუტინთან ახლო კავშირებისა და რუსეთის ომის ეკონომიკის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესეს.

უსმანოვი არის მულტიპროფილური კონგლომერატის, „უსმ ჰოლდინგის" დამფუძნებელი და ძირითადი აქციონერი. აღნიშნული ჰოლდინგი აკონტროლებს მსხვილ აქტივებს მეტალურგიაში (კომპანია „მეტალოინვესტი"), ტელეკომუნიკაციებში (მობილური ოპერატორი „მეგაფონი") და ტექნოლოგიურ სექტორში.

ევროპაში დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, უსმანოვი ძირითადად მშობლიურ უზბეკეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობს.

რაც შეეხება მიხაილ ფრიდმანს, ის რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო კონგლომერატის, „ალფა ჯგუფის" თანადამფუძნებელია. მისი ქონება 16.6 მილიარდ დოლარამდეა შეფასებული.

2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინთან სავარაუდო ახლო კავშირების გამო, ევროკავშირმა, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მსგავსად, ფრიდმანსა და მის პარტნიორებს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესა, რის გამოც მისი აქტივები გაიყინა. ფრიდმანმა დატოვა მმართველი პოზიციები თავის კომპანიებში. ხანგრძლივი სამართლებრივი და პოლიტიკური დავისა და ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირმა ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო, მისთვის სანქციების მოხსნას აქტიურად უჭერდა მხარს სლოვაკეთი. უკრაინამ აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაუმართლებელი უწოდა, თავად ფრიდმანი კი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ძებნილთა სიაში კვლავ რჩება.

მიხაილ ფრიდმანი ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს. სანქციების დაწესებამდე იგი წლების განმავლობაში ძირითადად ლონდონში იმყოფებოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა მისი აქტივები გაყინა და მის სახლს ყადაღა დაედო, ფრიდმანმა განაცხადა, რომ ლონდონში ცხოვრება მისთვის გაუსაძლისი გახდა და ქვეყანა დატოვა.

ბრიტანეთიდან იგი თავდაპირველად ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად, ვინაიდან მას ისრაელის მოქალაქეობაც აქვს, თუმცა ღაზის სექტორიდან ისრაელზე „ჰამასის" თავდასხმისა და საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ფრიდმანმა სასწრაფოდ დატოვა ისრაელი და მოსკოვში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა მას სანქციები მოუხსნა, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის სასანქციო შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც დასავლეთის ქვეყნებში მისი თავისუფალი გადაადგილება და ძველებურად ცხოვრება მაინც შეზღუდულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×