
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრთან, სადაც მთავარი თემა ჩინეთსა და საქართველოს შორის სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება იყო და ამ კუთხით მნიშვნელოვანია შუა დერეფნის შესაძლებლობების სრულად ათვისება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანმა.
თამარ იოსელიანის თქმით, ჩინეთიდან შუა დერეფნის მიმართულებით ტვირთნაკადი ყოველწლიურად იზრდება, რის გამოც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მარშრუტის ეფექტიანობისა და ინფრასტრუქტურის განვითარება.
„წლიდან წლამდე ჩინეთიდან შუა დერეფნის მიმართულებით ტვირთნაკადი მზარდია და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი საერთო ამოცანა იყოს, დერეფანი გავხადოთ უფრო მდგრადი, საიმედო, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც დერეფანში ხორციელდება - გამოვყოფდი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტს,ჩვენ ვისაუბრეთ პროექტის მიმდინარეობაზე და შესაძლებლობებზე ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტში“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, მხარეებმა შეხვედრაზე საჰაერო მიმოსვლის გაფართოებაზე იმსჯელეს.
„ჩვენ განვიხილეთ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების შესაძლებლობა, რაც საშუალებას მოგვცემს პრაქტიკულ რეჟიმში გადავიტანოთ თანამშრომლობა ყველა ტიპის ტრანსპორტთან მიმართებით. საუბარი შეეხო ასევე სამოქალაქო ავიაციის კუთხით თანამშრომლობას და პირდაპირი ავიამიმოსვლის გაფართოებას.
ამ კუთხით ჩვენ ვისაუბრეთ როგორც პეკინსა და თბილისს შორის, ასევე კუანგჭოუსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის დაკავშირებადობას და, რა თქმა უნდა, ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.