თამთა ჩაჩანიძე
24.09.2026

პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საკითხი კვლავ ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ თემად რჩება. ამ ფონზე, ოპოზიციაში ალტერნატიულ გეგმებზე მსჯელობენ, იმ შემთხვევისთვის, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა დეტალების გასაჯაროებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ. პარალელურად, მოქმედი საკანონმდებლო ცვლილებები აკრძალული პარტიის წევრებისთვის პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას ზღუდავს.

თუმცაღა „რეზონანსთან" ანალიტიკოსები ამბობენ, რომ შესაძლოა გარკვეული ალტერნატიული გზაბის მოძებნა კანონის ჩარჩოებში და ეს პარტიების კრეატიულობაზეა დამოკიდებული.

„ქართული ოცნების" ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში, აკრძალული პარტიის წევრების, ან მასთან დაკავშირებული პირების მიერ ახალი პარტიის შექმნის შესაძლებლობას გამორიცხავს. ამავდროულად, მათ შეეზღუდებათ კონსტიტუციაში დასახელებული ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავების უფლება, ვეღარ შეძლებენ გახდნენ სხვა პარტიის წევრები, ასევე ვერ გახდებიან სხვა პარტიების შემომწირველები.

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონით გათვალისწინებული მექანიზმი ასევე ეხება ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის საკითხსაც და თუ აკრძალული პარტიის წევრები ახალი პარტიის ჩამოყალიბებას შეეცდებიან, საჯარო რეესტრი ასეთ პარტიას არ დაარეგისტრირებს. ამასთან, პარტია შეიძლება ე.წ. „მემკვიდრე პარტიად" ჩაითვალოს და თავადაც დადგეს აკრძალვის რისკის წინაშე, თუ მისი მიზნები, საქმიანობის არსი ან პერსონალური შემადგენლობა არსებითად გაიმეორებს უკვე აკრძალული პარტიისას.

აქვე აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის მიხედვით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი.

ამ ფონზე, ოპოზიციისთვის მთავარი კითხვა უკვე მხოლოდ ის აღარ არის, აიკრძალება თუ არა მესამედ განახლებულ „ქართული ოცნების" სარჩელში მოხსენიებული პარტიები. საკითხი ეხება იმასაც, რა ფორმით შეძლებენ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას ის ადამიანები, რომელთა პარტიაც სასამართლოს გადაწყვეტილებით აკრძალულად გამოცხადდება.

  • ვახტანგ ძაბირაძე: „თუ პარტიას ექნება მხარდაჭერა, მას ჯერ ერთი, ასე იოლად ვერ გააუქმებენ და მერე შეიძლება იბრძოლო, როგორც არაფორმალურმა ორგანიზაციამ, არასამთავრობო ორგანიზაციამ... რაღაც ფორმას მოძებნიან"

ამასთანავე უნდა ითქვას, რომ განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი, სადაც ენმ-ს, „ახალს", „ძლიერ საქართველოს" და „ფედერალისტებს" „გახარია საქართველოსთვის" დაემატა, უკვე საკონსტიტუციო სასამართლოშია შეტანილი და განხილვის ახალი, 9-თვიანი ვადა დაიწყო. რაც შეეხება გიორგი გახარიას პარტიის საპარლამენტო მანდატებს, „ოცნების" თქმით, „არც ერთ შემთხვევაში არ შეუჩერდებათ საქართველოს პარლამენტში შემოსულ გახარიას პარტიის დეპუტატებს მუშაობის უფლება".

„ძლიერი საქართველოს" წევრის თაზო დათუნაშვილის განცხადებიდან კი ირკვევა, რომ „ლელო" აკრძალვის შემთხვევაში პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელების ალტერნატიულ გზებზე მსჯელობს, თუმცა, ამ გეგმების წინასწარ გასაჯაროებას არ აპირებს. ამბობს, რომ პოლიტიკაში იქნებიან იქამდე, ვიდრე „პირში სული უდგათ".

„ჩემთვის მთავარი არ არის, ხვალ რა მოხდება, ივანიშვილი საბოლოოდ გაგიჟდება თუ არა, საბოლოოდ გადაწყვეტს ამ აბსოლუტურ სიგიჟეს თუ არა, ეს ჩემს ხელში არ არის. თუმცა ამაზე გეგმები არსებობს. „ძლიერ საქართველოში" გადავწყვიტეთ, რომ პოლიტიკა ვაკეთოთ იქამდე, ვიდრე პირში სული გვიდგას და ამის საშუალება გვექნება. წავა სიგიჟეზე და აკრძალავს პარტიებს? მაშინ სხვანაირად მოვიქცევით, თუმცა ამ გეგმებზე ლაპარაკი არ იქნება სწორი", - განაცხადა დათუნაშვილმა „პალიტრანიუსთან".

როგორ გააგრძელებენ ბრძოლას პარტიები, თუ აკრძალეს

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ არსებობს გზები, რისი საშუალებითაც აკრძალულ პარტიას პოლიტიკური ბრძოლის შეეძლება.

„მე არ ვიცი „ლელოს" რა და როგორ აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ თავის დროზე არაფორმალური გაერთიანებები იყო, ხომ? ამიტომ, თუ პარტიას ექნება რეიტინგი და მხარდაჭერა მოსახლეობაში, მას ჯერ ერთი, ასე იოლად ვერ გააუქმებენ და მერე შეიძლება იბრძოლო, როგორც არაფორმალურმა ორგანიზაციამ, არასამთავრობო ორგანიზაციამ... რაღაც ფორმას მოძებნიან. ოღონდ არის კიდევ ერთი ვარიანტიც, რომ, ასე ვთქვათ, შეიქმნას ახალი პარტია, რომელიც არ იქნება დაკომპლექტებული ძველი კადრებით, მაგრამ ეს იქნება ჩრდილოვანი პარტია. არ ვიცი, დაზუსტებით რას იზამენ და როგორ იზამენ, მაგრამ არ მგონია, რომ პარტიების გაუქმებამდე მივიდეს საქმე, გულწრფელად რომ გითხრათ",- განაცხადა ძაბირაძემ.

  • ზაალ ანჯაფარიძე: „ყველა შეზღუდვიდან შეიძლება რაღაცა ხვრელის მოძებნა საკანონმდებლო აქტებში, რომ, დავუშვათ, სხვა სახელით დარეგისტრირდეს პარტია, ან რაღაცა პოლიტიკური ჯგუფი შეიქმნას დ ა.შ."

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ყველა შეზღუდვაში შეიძლება რაღაც ხვრელის მოძებნა.

„შეიძლება რაღაცა ხვრელის მოძებნა, რომ, დავუშვათ, სხვა სახელით დარეგისტრირდეს პარტია, ან რაღაცა პოლიტიკური ჯგუფი შეიქმნას და ეს არ იყოს კლასიკური პარტია, მოძრაობა იყოს და ა.შ. ასე რომ, შესაძლოა ჩემის აზრით, რაღაც ისეთი ფორმით მოახერხონ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება. შეიძლება ისე ინტენსიურად არ ჩანდნენ საზოგადოებრივ სივრცეში, მაგრამ სხვადასხვა მეთოდებით, იგივე სოციალური პლატფორმებით და ა.შ, მოახერხონ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება, რომ ეს ხალხი, ანუ ვინც არის დღეს „ლელოს" პარტიის ბირთვი, არ გაქრეს პოლიტიკური ველიდან. თუმცა ახლა, რამდენად მოახერხებენ ამას, ეს უკვე მათ კრეატიულობაზეა დამოკიდებული",- განაცხადა ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×