
სექტის წევრების წარმოდგენით, "წმინდა ქალაქში" შესვლისთანავე უნდა შეიცვალოს ხმა, ტონი და ქცევა. მეტი კრძალვა, მეტი რიდი, დახრილი თავი და თვალები, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, "სექტისთვის", დამოუკიდებელი განსჯის შენარჩუნება მკრეხელობად მიიჩნევა.
"ვიდრე სექტისთვის წმინდა და მარადიული ქალაქ ბრიუსელიდან დავბრუნდები, ვეცნობი გამოხმაურებებს სექტის დაარსების 666-ე დღეს ჩემს მიერ მათი ბუნების აღწერაზე.
პირველი შთაბეჭდილება უკვე შთამბეჭდავია: პასუხის გაცემის მცდელობისას სექტის წევრები თავადვე ადასტურებენ ტექსტში აღწერილ ნიშნებს. ამიტომ ამ გამოხმაურებებს პერიოდულად, კონკრეტული მაგალითებით დავუბრუნდები.
პირველი მაგალითი კი ეს გამოხმაურება იყოს: "ბრიუსელშია და კრიტიკულ ტონს როგორ არ ცვლის".
მათი წარმოდგენით, "წმინდა ქალაქში" შესვლისთანავე უნდა შეიცვალოს ხმა, ტონი და ქცევა. მეტი კრძალვა, მეტი რიდი, დახრილი თავი და თვალები.
და როცა ადამიანი ბრიუსელშიც იმავეს ამბობს, რასაც თბილისში, წმინდა ადგილის ზებუნებრივი ძალის რწმენას ბზარი უჩნდება: როგორ შეიძლება, იქ ჩახვიდე და ქედმოხრილი არ ალაპარაკდე?
სწორედ აქ იწყება ისტერია. დამოუკიდებელი განსჯის შენარჩუნება მათთვის მკრეხელობად იქცევა. ხოლო ის, რაც რწმენას ბზარს უჩენს, მყისიერად უნდა განიდევნოს. ვინც ქედს არ იხრის, სიტყვიერად ჩაიქოლოს.
როგორც ჩანს, მათი წარმოდგენით, ბრიუსელში შესვლისას საკუთარი აზრი შესასვლელშივე უნდა დატოვო.
ფოტოზე: ქანდაკება ბელგიის ქალაქ ნამიურში - "უტოპიის ძიებაში", - წერს შალვა პაპუაშვილი.