
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების „ნოროვირუსით“ გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგად, 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის „ნოროვირუსით“ გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას აგრძელებს. ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა. დანარჩენი ნიმუშების კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 18 სექტემბერს საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები სავარაუდოდ ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკებში შეიყვანეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ბაღებში, გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით "ნოროვირუსი" იყო. მათივე ცნობით, ეს პათოგენი ვირუსული გასტროენტერიტების ძირითადი გამომწვევია მსოფლიოს მასშტაბით.
შეგახსენებთ იმასაც, რომ მანამდე ბაღებში აღსაზრდელთა სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა გამოძიებაც დაიწყო.