
პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ევროპულ ტურნეშია - შალვა პაპუაშვილი ბელგიის შემდეგ ლუქსემბურგში გაემგზავრა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის სპიკერთან, მათ შორის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.
ევროპული ტურნე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ევროპულ ქვეყნებთან საპარლამენტო და ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების მცდელობების ფონზე მიმდინარეობს.
დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: ნიკოლოზ სამხარაძე (საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე); ლევან მახაშვილი (პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე) და დავით მათიკაშვილი (პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე).
ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროპულ დედაქალაქებში ქართველი მაღალჩინოსნების ვიზიტები და შეხვედრები აჩვენებს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობა გრძელდება და სანქციებისა თუ პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, კომუნიკაციის სივრცე კვლავ არსებობს.
მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრები, მათ შორის მაღალი დონის კონტაქტები, არ ნიშნავს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის წინსვლას.
მათი შეფასებით, ევროპელი დიპლომატები ხელისუფლების წარმომადგენლებს დახურულ შეხვედრებზე მკაფიოდ ესაუბრებიან არსებულ პრობლემებზე, ხოლო საჯარო შეხვედრების გამოყენება ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ამომრჩევლის თვალში ევროპასთან ურთიერთობის შენარჩუნების სურათი შექმნას.
ოპოზიციაში კი მწვავედ აკრიტიკებენ. ამბობენ, რომ ევროკავშირისთვის დიალოგის დაბრუნებისკენ მოწოდება "წარმოუდგენელი უტიფრობაა".
"შალვა პაპუაშვილი ევროკავშირს დიალოგისკენ დაბრუნებისკენ აქეთ რომ მოუწოდებს, წარმოუდგენელი უტიფრობაა. ქვეყანას ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსი აქვს მინიჭებული და როგორ უნდა დაჯდეს დიალოგის მაგიდასთან პოლიტიკოსი, რომელიც პარლამენტის ტრიბუნიდან ტყუილს ტყუილზე ამბობს და ამ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს გაუქმებითა და აკრძალვით ემუქრება. თან ევროკავშირს აქეთ მოუწოდებს დიალოგისკენ, თითქოს დიალოგი ევროკავშირმა აქეთ შეაჩერა",- განაცხადა "გახარია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი შარაშიძემ "პალიტრანიუსთან".
ევროპული ტურნეს მიზანი
ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების სტრატეგია შედეგიანია და ამის დასტურად ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში ქართველი მაღალჩინოსნების ინტენსიურ შეხვედრებს ასახელებს.
მისი შეფასებით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების პარალელურად, ევროპელი ლიდერების მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიღება სასანქციო პოლიტიკის წინააღმდეგობრივობას აჩვენებს და "დამაზიანებელია ევროკავშირის რეპუტაციისთვის".
- გია აბაშიძე: "ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელებს საქართველოს პირველ პირებთან შეხვედრა რომ არ სურდეთ, არც მოწვევა იქნებოდა და არც მასპინძლობა"
"საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ისე სხვადასხვა სახელმწიფოსთან გლობალურად დაამყაროს მჭიდრო, ორმხრივი ურთიერთობა. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ევროკავშირთან მიმართებით, რამეთუ დაწესებულია ე.წ. კვაზისანქციები საქართველოს ხელისუფლების წევრებზე.
"ხელისუფლების ეს სტრატეგია ეფექტურად მუშაობს, ბოლო პერიოდში ვხედავთ საკმაოდ ინტენსიურ შეხვედრებს ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში, როგორც საპარლამენტო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან.
"თუმცა, აქ გარკვეული პარადოქსი შეექმნათ თავად ევრობიუროკრატებს. გასაგებია, რომ მაღალჩინოსნები დიპლომატიური პასპორტებით უვიზოდ ვერ ჩადიან, თუმცა, ისინი ჩვეულებრივი პასპორტებითა და შენგენის ვიზებით მოგზაურობენ ევროპაში.
"ხაზგასასმელია ერთი საკმაოდ საინტერესო ნიუანსი - ბელგიის დედაქალაქში, რომელიც ევროინსტიტუტებსა და ნატოს მასპინძლობს, შედგა პაპუაშვილის შეხვედრა ბელგიის პარლამენტის ორივე პალატის ხელმძღვანელთან. ამ შეხვედრის ამსახველ მასალაში ცხადად ჩანს, რომ პაპუაშვილი ცენტრალური, საპატიო სტუმარი იყო - იგი დარბაზის შუაში იჯდა დელეგაციასთან ერთად და ჩვეულებრივი მოლაპარაკება მიმდინარეობდა.
"ვის „ესანქცირება" ევროკრატია, როდესაც პროტოკოლურად, ერთმანეთის გვერდით ისხდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და საქართველოს ე.წ. არალეგიტიმური პრემიერი ირაკლი კობახიძე? ასევე, მანამდე ვნახეთ კობახიძისა და ლაიენის პარიზში შეხვედრაც, მაკრონის მიერ ორგანიზებულ კოსმოსურ სამიტზე.
"რა გამოვიდა მაშინ, უკვე ლეგიტიმური გახდა საქართველოს პრემიერი ელისეს სასახლისთვის, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმზე საფრანგეთში მიწვეული იყო საქართველოს მთავრობის მეთაური?
"ეს „სანქციობანა", უწინარესად თავად ევრობიუროკრატიას აზიანებს, რომელსაც არაშორსმჭვრეტელური ხედვები აქვს. ეს ეხება არამხოლოდ გეოპოლიტიკას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიასთან მიმართებით, არამედ საერთაშორისო საკითხებსაც.
"ისეთი მნიშვნელოვანი კონფლიქტების დარეგულირებაში არსად ჩანს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი კაია კალასი, ან ევროკავშირის სხვა მაღალჩინოსნები. ისინი მხოლოდ დამკვირვებლებად არიან, ან ვაშინგტონიდან გადაეცემათ გაფილტრული ინფორმაცია.
"სჯობს, ევროკავშირი თავად ჩამოყალიბდეს საკუთარ საგარეო პრიორიტეტებში, რეფორმის შესახებ აქტიურად საუბრობენ პარიზში, ბერლინსა და სხვა დედაქალაქებში და შემდეგ განსაზღვროს საქართველოსთან რეალური, პრაგმატული თანამშრომლობის კონტურები. შეეშვან ამ ბუტიაობას, რომელიც უკვე დიდი ხანია დამაზიანებელია ევროკავშირის რეპუტაციისთვის როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
"ფაქტი ერთია: ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელებს საქართველოს პირველ პირებთან შეხვედრა რომ არ სურდეთ, არც მოწვევა იქნებოდა და არც მასპინძლობა. შესაბამისად, ეს პროცესი გრძელდება და ორმხრივი ურთიერთობის ჭრილში კიდევ უფრო ფართო, ინტენსიურ და დინამიკურ მასშტაბებს მიიღებს. ხოლო კაია კალასი და მარტა კოსი თუ ვერ ხედავენ, რა ხდება ჰორიზონტზე, ეს უკვე მათი პრობლემაა",- განაცხადა აბაშიძემ.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ევროპაში ვიზიტები, მისი შეფასებით, ამომრჩევლისთვის იმის საჩვენებლად გამოიყენება, თითქოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება.
მისი თქმით, რეალურად ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, ხოლო ევროპელი პარტნიორების მკაცრი შეფასებები ხშირად დახურულ შეხვედრებზე რჩება.
„ეს სიარული ნიშნავს იმას, რომ მათ სურთ, საქართველოს პირობებით ევროკავშირმა შექმნას გარკვეული გარანტიები, თითქოს მომავალში საქართველოს პერსპექტივები აქვს. ევროპელები დიპლომატები არიან და "ქართული ოცნებისგან" განსხვავებით, რომლებიც უხეშად ლაპარაკობენ, ისე საუბრობენ, რომ მათი ნათქვამი შეიძლება ასეც წაიკითხო და ისეც. "ქართული ოცნების" მთავარი ამოცანა კი საკუთარი ამომრჩევლის დარწმუნებაა იმაში, თითქოს ევროპაში მიდიან. სინამდვილეში ისინი ევროპაში არ მიდიან.
"ასეთი მგზავრობებისას, ევროპელები ძალიან მკაცრად ეტყვიან, თუმცა დახურულ კარს მიღმა, კარებს მიღმა მათ ძალიან მკაცრად ელაპარაკებიან, რაც გარეთ არ გამოდის, შესაბამისად, პაპუაშვილმა ეს კარგად იცის. იგი ყველაფერს აკეთებს, რათა საკუთარ ამომრჩეველს შეექმნას განცდა, რომ ევროპელები მას ელაპარაკებიან. ის მხოლოდ იმისთვის ჩადის, რომ ამომრჩეველს დააჯეროს, თითქოს ევროპასთან ყველაფერი რიგზეა.
- პაატა ზაქარეიშვილი: "ოცნების" მთავარი ამოცანა ამომრჩევლის დარწმუნებაა, თითქოს ევროპაში მიდიან. სინამდვილეში არ მიდიან. ევროპელები ძალიან მკაცრად ეტყვიან დახურულ კარს მიღმა"
"ამით არაფერი შეიცვლება. სამწუხაროდ, საქართველო ევროკავშირში არ მიდის, ყველა პროექტი გაჩერებულია და კანდიდატის სტატუსიც მხოლოდ ქაღალდზეა დარჩენილი. ვიდრე ეს ვითარება არ შეიცვლება, ჩვენ ვკარგავთ ევროპას ან ძალიან დიდი ხნით - მინიმუმ 10 წლით, ან სამუდამოდ.
"საუკეთესო მაგალითია მოლდოვა. ჩვენ და მოლდოვა ერთი კალიბრის ქვეყნები ვართ. უკრაინაში ომია და მას ვერ შევედრებით, მაგრამ ჩვენ და მოლდოვა ერთნაირად მივდიოდით და გარკვეულ მომენტებში მოლდოვაზე წინაც კი ვიყავით.
"ყველა ჩვენმა მოქალაქემ და ამომრჩეველმა უნდა დაიმახსოვროს თარიღი: როდესაც მოლდოვა გაწევრიანდება ევროკავშირში, იმ დღეს უნდა გავწევრიანებულიყავით ჩვენც. შემდეგ კი დაითვალონ, რამდენი დრო დასჭირდება საქართველოს გასაწევრიანებლად მას შემდეგ, რაც მოლდოვა გახდება წევრი - ან საერთოდ გავწევრიანდებით თუ არა. მოლდოვა იქნება თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ რა გაუკეთა "ქართულმა ოცნებამ" მათ შვილებსა და შვილიშვილებს.
"რაც შეეხება დიალოგს, ეს ფარსია. დიალოგი კი არ უნდათ, 12 პირობა აქვთ შესასრულებელი. რა დიალოგზეა საუბარი? დიალოგი აქვს ყაზახეთს ან აზერბაიჯანს, ჩვენ კი ევროკავშირში მივდივართ. პირობების შესრულებაში დიალოგიც არის ჩადებული. ევროკავშირს არ დაუწერია განცხადება საქართველოში შემოსვლაზე, საქართველომ დაწერა განცხადება ევროკავშირში შესვლაზე.
"ევროკავშირი არის ერთი დიდი გაერთიანება, საქართველო კი, ერთ-ერთი კანდიდატი - სხვადასხვა წონითი კატეგორიებია. თუ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარს ამბობ, მაშინ ელაპარაკე ისე, როგორც აზერბაიჯანი, რომელსაც ევროკავშირში შესვლის პრეტენზია არ აქვს და სულ სხვა საკითხებზე საუბრობს.
"საქართველოსთან კი ერთადერთი თემა, რაზეც დიალოგის ფორმატში შეიძლება საუბარი, არის ის, თუ რატომ არ ასრულებს განცხადებით ნაკისრ პირობებს",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.