
ე.წ. უწყვეტი პროტესტი, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შინაარსისგან დაცლილია. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ აქტივისტთა ჯგუფი ბოლო 666 დღეში ფსევდორელიგიურ მოძრაობად გარდაიქმნა და, საბოლოოდ, რიტუალებისა და სიმბოლოების მქონე აგრესიულ სექტად ჩამოყალიბდა. სპიკერმა ჯერ სოციალურ ქსელში - ვრცელ წერილში, შემდეგ კი მედიასთან განაცხადა, რომ აქტივისტებმა, რომლებმაც საკუთარი ქმედებების გამართლება ვერ შეძლეს, ვერც მიზანს მიაღწიეს და ვერც შეცდომები აღიარეს - თვითმიზნად შეკრება, მარში და სიმბოლური მოქმედება აქციეს. სივრცე, პოლიტიკური ლიტურგია, კალენდარი, მოწამეები და სიმბოლოები - პაპუაშვილის თქმით, ამ მახასიათებლების მქონე ჯგუფი, რომელიც პერიოდულად არა კონკრეტული მოთხოვნით, არამედ მათი არსებობის დასამტკიცებლად იკრიბება, უმაღლეს ქურუმად მხოლოდ უცხოელ პოლიტიკოსებს თვლის, გაურბის დიალოგს და მოქმედებს დოგმებით.
შინაარსისგან დაცლილი მექანიკური რიტუალების ჩატარება რომ უცხო ძალების ინტერესებშია, ამაზე დღეს "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებმაც ისაუბრეს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ გარე დაკვეთების შემსრულებელი ოპოზიცია, მხარდამჭერ აქტივისტებთან ერთად, იარაღია დონორების ხელში, უწყვეტი პროტესტი კი ილუზია, რომელიც ფსევდორელიგიურ სექტად ჩამოყალიბებულმა ჯგუფმა, საკუთარ თავს შეუქმნა.
ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ პროტესტის ანატომია არ შეცვლილა, არც ფიგურანტები და არც მიზანი, თუმცა ვერ უარყოფენ, რომ შემცირდა თანამოაზრეების რაოდენობა, რომლებიც ქუჩაში სხვადასხვა მიზეზით აღარ გამოდიან.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ აგრესიული სექტის მარკეტინგულად შეფუთულმა კამპანიამ მიზანი უკვე საბოლოოდ დაკარგა, რაც რადიკალური დამოკიდებულების მქონე აქტივისტების ლოგიკური დასასრული - ქუჩის პროტესტის დღეების ათვლა კი უბრალო არითმეტიკაა, რომელიც გარე ძალების დაკვეთით მოქმედი დესტრუქციული ჯგუფებისთვის არაფრის მომტანი იქნება.
დღის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ, გამოხმაურებების მიხედვით, სექტის წევრები თავადვე ადასტურებენ, მის ანალიზში აღწერილ ნიშნებს. სპიკერმა სტატუსს დაურთო ბელგიის ქალაქ ნამიურში მდებარე ქანდაკების ფოტოც, სახელწოდებით "უტოპიის ძიებაში".