ნატალია ჯვარიძე
24.09.2026

მმართველი პარტია ევროკავშირს ინტეგრაციის პროცესის აღდგენას კვლავ სთხოვს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, პასუხი ყოველთვის დისკუსიასა და დიალოგშია, რასაც პარტნიორი ქვეყნების მხრიდანაც სჭირდება სამართლიანი მიდგომა. ანალიტიკოსთა ნაწილი ბრიუსელის მხრიდან პოლიტიკის შესაძლო ცვლილებებსა და დიალოგის აღდგენას ელის. მეორე მხარის აზრით კი ვალდებულებები მხოლოდ საქართველოს აკისრია და ევროინტეგრაციის პროცესის განახლებაც ხელისუფლების ნაბიჯებზეა დამოკიდებული.

„ხელმეორედ ვესტუმრე ლუქსემბურგს. ჩვენ ისევე, როგორც ბელგიაში, აქაც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომ ცალმხრივად შეეჩერებინა ინტეგრაციის პროცესი. ეს არ იყო სწორი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება. მეტიც, თავის დროზე, ამ გადაწყვეტილების მიზანი, ვფიქრობ, რომ იყო საქართველოს არჩევნებში ჩარევა და გავლენის მოხდენა. თუმცა, ვფიქრობ, დადგა მომენტი, როცა ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის ამ მცდარ გადაწყვეტილებას, ვინაიდან შეუძლებელია კონფრონტაცია იყოს სწორი გზა.

„ლუქსემბურგის ხელისუფლება, საგარეო საქმეთა მინისტრი, პარლამენტი იქცევიან ისე, როგორც უნდა იქცეოდეს ევროპული ქვეყანა, რომელმაც უნდა დასვას კითხვები და არ აჰყვეს მზა პასუხებს, რომელსაც აწვდიან ხოლმე სხვადასხვა პოლიტიკურად დაინტერესებული ჯგუფები. ამიტომ მოხარული ვართ, რომ ჩვენ ლუქსემბურგის, მისი პარლამენტის სახით გვყავს მეგობარი, რომელსაც ესმის ჩვენი მდგომარეობა დაწყებული ჩვენი რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან და მხარს უჭერს ჩვენს მისწრაფებებს ევროპულ ინტეგრაციაში", - განაცხადა პაპუაშვილმა.

  • გია აბაშიძე: „დღესაც თქვა პაპუაშვილმა ბელგიასა და ლუქსემბურგში გამართული მოლაპარაკებებისას, რომ შეიძლება იყოს რაღაც ცვლილებები, მაგრამ ამ ყველაფერს, როგორც იტყვიან-ხოლმე, „სახის შენარჩუნება" სჭირდება ბრიუსელის, და არა თბილისის, მხრიდან"

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროკავშირის მხრიდან გარკვეულ ცვლილებებს ვარაუდობს.

„რა თქმა უნდა, თბილისის მხრიდან თავიდანვე ითქვა, რომ ე.წ. სანქციები და შანტაჟი, ანუ, საქართველოს ხელისუფლების იზოლაციის მცდელობა, უშედეგო იქნებოდა. ვხედავთ, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს შეხვედრები და მოლაპარაკებები. ამ ყველაფერს ემატება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელი, რასაც ჰქვია საქართველოს სტრატეგიული პოზიციონირება შუა დერეფანში. ის ანეგდოტებად ქცეული განცხადებები ევრობიუროკრატების მხრიდან, რომ თითქოს საქართველო გამორიცხულია ამ დერეფნიდან და შავ ზღვაზე გასასვლელი მისი გვერდის ავლით მოხდება, არასერიოზულია და არ შეიძლება ამაზე სერიოზული კომენტარების გაკეთება. ამ კრიტიკას თავად ბრიუსელის ჩინოვნიკებიც იღებენ გამოცდილი პოლიტიკური აქტორებისგან დასავლეთში.

„შესაბამისად, ეს ყველაფერი ერთობლიობაში მაშინ, როცა შუა დერეფანი ისევ დიდ მნიშვნელობას იძენს გეოპოლიტიკურ ჭადრაკის დაფაზე - არარაციონალურია შერჩევითი ურთიერთობა და „გაბუტვა" საქართველოს ხელისუფლებასთან. თანაც მაშინ, როდესაც ამის მყარი საფუძვლები არ არსებობს. როგორ შეიძლება, მაგალითად, გამოაცხადონ საქართველოს ხელისუფლება არალეგიტიმურად, როცა ახლახან საფრანგეთის პრეზიდენტმა მიიწვია პრემიერი კობახიძე ერთ-ერთ საერთაშორისო ფორუმზე?! ეს მართლა სასაცილო ჟანრში გადადის უკვე.

„აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრი საკითხი, რაც განიხილება ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში ქართველი პოლიტიკოსების მიერ, საჯარო სივრცეში და მედიასივრცეში არ გვხვდება. ამიტომ ვფიქრობ, როგორც პაპუაშვილის, ასევე კობახიძისა და სხვა მაღალჩინოსნების განცხადებები არ არის მხოლოდ სურვილები. დღესაც თქვა პაპუაშვილმა ბელგიასა და ლუქსემბურგში გამართული მოლაპარაკებებისას, რომ შეიძლება იყოს რაღაც ცვლილებები, მაგრამ ამ ყველაფერს, როგორც იტყვიან-ხოლმე, „სახის შენარჩუნება" სჭირდება ბრიუსელის, და არა თბილისის, მხრიდან. გამწვავებული ურთიერთობა ნორმალურ კალაპოტში უნდა დაბრუნდეს, ამისათვის საჭიროა ისე მოხდეს ყველაფერი, რომ კონფლიქტის გამომწვევი მხარე არ გამოჩნდეს დაზარალებულად იმიჯური თვალსაზრისით.

  • პაატა ზაქარეიშვილი: „რა, ევროკავშირმა თვითონ უნდა შეასრულოს რაღაც პირობები? მას არავითარი ვალდებულება საქართველოს წინაშე არა აქვს. ჩვენ დავწერეთ განაცხადი და არა ევროკავშირმა. „ოცნების" ამომრჩეველმა ეს როგორმე უნდა გაითავისოს"

„შესაბამისად, სწორია ის პოლიტიკა, რაც გამოაცხადა თბილისმა - რომ თუ ევროკავშირის ინსტიტუტებთან მოლაპარაკებების კარი ჯერჯერობით დახურულია, სჯობს დედაქალაქებთან გავმართოთ შეხვედრები და კონსულტაციები. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ეს აქტიურ ფაზაშია არა მხოლოდ საპარლამენტო, არამედ სამთავრობო კუთხითაც. ვფიქრობ, ამას კიდევ უფრო მეტი გაგრძელება მოჰყვება. ასევე არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში არის ის ფორუმი, რომელიც წელიწადში ერთხელ კრებს ძალიან ბევრ ლიდერს, მათ შორის ევროპელებსაც", - უთხრა გია აბაშიძემ „რეზონანსს".

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი ფიქრობს, რომ თუ ვინმეს რამე ნაბიჯი აქვს გადასადგმელი, ეს მმართველი პარტიაა.

„ევროკავშირს არაფერი გადასახედი არ აქვს, უნდა გადახედოს საქართველომ. საქართველომ დაწერა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ევროკავშირმა დაუყენა ცხრა პირობა თავის დროზე. საქართველომ არ შეასრულა, პრაქტიკულად ორი შეასრულა მარტო, დანარჩენი ვერ შეასრულა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი და მორიგი პირობები დაგვიყენეს. საქართველომ ესეც არ შეასრულა და ევროკავშირმა მოსთხოვა პრინციპულად, რომ გადაეხედა თავისი პოლიტიკისთვის.

„ამის საპასუხოდ კობახიძემ 2024 წლის ნოემბერში გამოაცხადა, რომ ისინი წყვეტენ დიალოგს ევროკავშირთან 2028 წლამდე. ანუ, თუ ნაბიჯი ვინმემ უნდა გადადგას, ეს არის საქართველო. პირველ რიგში, უნდა აღიაროს, რომ აღადგენს მოლაპარაკების პროცესს ევროკავშირთან და მეორე, იწყებს მუშაობას იმ 12 პირობის შესრულებაზე, რაც მას ევროკავშირმა დაუყენა. ანუ საქართველომ უნდა განახორციელოს და ევროკავშირი შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას - ან ჩათვლის, რომ არ არის პირობები საკმარისად შესრულებული, ან ჩაუთვლის მიღებულად და განაგრძობს თანამშრომლობას.

„ევროკავშირს არაფერი არ სჭირდება. რა, ევროკავშირმა თვითონ უნდა შეასრულოს რაღაც პირობები? მას არავითარი ვალდებულება საქართველოს წინაშე არა აქვს. ჩვენ დავწერეთ განაცხადი და არა ევროკავშირმა. ეს „ოცნების" ამომრჩეველმა როგორმე უნდა გაითავისოს. პაპუაშვილის განცხადებების ადრესატი მხოლოდ „ქართული ოცნების" ამომრჩეველია. პაპუაშვილი ძალიან ზერელედ უყურებს თავის ამომრჩეველს და მიაჩნია, რომ რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებენ. „ქართული ოცნების" ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ ის იტყუება," თქვა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×