იოსებ არჩვაძე
22.09.2026

1936-1939 წლებში სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გახვეული ესპანეთის ფრანკისტ გენერალ ემილიო მოლას მიაწერენ ნათქვამს, რომ რესპუბლიკელების კონტროლქვეშ მყოფი მადრიდის აღებაში შეტევაზე გადასული ოთხი კოლონის ნაცვლად გადამწყეტ როლს შეასრულებდა    მეხუთე    კოლონა   -  დედაქალაქში მყოფი მისი მხარდამჭერი ძალები. ისტორია მდიდარია მაგალითებით, როდესაც ამა თუ იმ არსებულ პრობლემაზე მსჯელობისას ყურადღების კონცენტრირება ხდება ერთ ან რამდენიმე გარემოებაზე, მაშინ როდესაც მთავარი, რეალური, ეგზისტენციური საფრთხე სულ სხვა მხრიდანაა მოსალოდნელი. ამ ასპექტით, არც ჩვენი ქვეყანაა გამონაკლისი... 

საქართველოს სტაბილური და მდგრადი განვითარების წინააღმდეგ მოქმედი ფაქტორებიდან, სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვებით,  რესპოდენტები, როგორც წესი, ასახელებენ ოთხ მთავარ პრობლემას: უმუშევრობას, ინფლაციით გამოწვეულ კეთილდღეობის დაცემას, პოლიტიკურ არასტაბულირობას და ტერიტორიულ მთლიანობას.

თითოეული მათგანი მართლაც სერიოზულად აზიანებს ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებს, სახელმწიფოებრივ სტაბილურობას და მდგრადობას. მაგრამ  მთავარი საფრთხე ჩვენი ქვეყნის არა თუ განვითარებასა და მდგრადობას, არამედ არსებობას, მადრიდის აღებაში     მეხუთე   კოლონის    წვლილისა არ იყოს, აქაც ზემოთდასახელებულ ოთხ ფაქტორთაგან განსხვავებული,   მეხუთე    გარემოებით ემუქრება - ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის არსებობისა და მომავლისთვის ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი -   უმძიმესი    დემოგრაფიული    ვითარებით. - შობადობის კლება, მოკვდაობის მატება, მასობრივი ემიგრაცია ის ფაქტორებია, რომლებიც ყველაზე მეტად აყალიბებენ ქართველი ერის მილევად რეჟიმში გადაყვანის კონტურებს.

ჯერ კიდევ 26 საუკუნის წინ ჩინელი ფილოსოფოსი ლაო ძი წერდა, რომ სახელმწიფოს წარმატებულ განვითარებას უზრუნველყოფს სამი ფაქტორი: ტერიტორია, მოსახლეობა და უნარიანი მართვა. დემოგრაფიული ფაქტორი, მოსახლეობის რიცხოვნობა ამ მხრივ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ამის მკაფიო მაგალითია ისრაელი, რომლის მოსახლეობა  დაარსებიდან გავლილი შვიდი ათეული წლის მანძილზე 14-ჯერ გაიზარდა - 0.5 მილიონიდან 7 მილიონამდე. რომ არა ამ ქვეყნის მოსახლეობის ასეთი ზრდა (ამ სახელმწიფოს ეკონომიკასა და ტექნოლოგიებში მიღწეულ შთამბეჭდავ წარმატებებთან ერთად), მის წინაშე მდგარი განვითარებისა და უსაფრთხოების ამოცანების გადაჭრა გაცილებით რთული იქნებოდა. 

საქართველოში კი ვითარება აბსოლუტურად საპირისპიროა - დამოუკიდებლობის აღდგენიდან გავლილ წლებში ქვეყნის დე-ფაქტო კონტროლირებადი ტერიტორია 1/5-ით, ხოლო მოსახლეობა - ¼-ით და მეტად შემცირდა.  1990-იან წლების დასაწყისთან შედარებით შემცირებული მოსახლეობის ერთი ნაწილი (მთლიანი შემცირების დაახლოებით 15%) არაკონტროლირებად, ფაქტობრივად კი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე „ჩარჩა“ (აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი), მეორე ნაწილი (25%) - საკუთარ ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდა (ძირითადად - ებრაელები, ბერძნები, სლავური წარმომავლობის პირები), ყველაზე დიდი ნაწილი კი (60%-ზე მეტი - ეთნიკური ქართველები) - საქართველოდან ეკონომიკური სიდუხჭირის გამო გადაიხვეწა. 

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გავლილი 35 წლის მანძილზე მოსახლეობის შემცირების მასშტაბით საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პირველ ადგილზეა. შედარებისათვის: ჩვენს მეზობელ სომხეთში აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობა მხოლოდ 10 პროცენტითაა შემცირებული, ხოლო აზერბაიჯანში, პირიქით - 42 პროცენტითაა მომატებული. დღეისათვის მოსახლეობის სიმჭიდროვე საქართველოში,  ყველა მის სახმელეთო მეზობელთან შედარებით,  დაბალია. საქართველო ამ  მაჩვენებლით ჩამორჩება:  სომხეთს - 43 პროცენტით, თურქეთს  - 46 პროცენტით, აზერბაიჯანს - 51 პროცენტით, რუსეთის ფედერაციაში შემავალ ჩეჩნეთსა და დაღესტანს - 17 პროცენტით (აქედან დაღესტანს - 9 პროცენტით, ხოლო ჩეჩნეთს -  38 პროცენტით).

ფაქტობრივად, ბოლო ორ საუკუნეში (თუ მხედველობაში არ მივიღებთ  პირველ და მეორე მსოფლიო ომების პერიოდებს)  საქართველოში ბოლო 6 წელია - 2020 წლიდან -  ჩვენს ქვეყანაში მოკვდაობის მაჩვენებელი აჭარბებს შობადობის დონეს, რაც ჯამობრივად აღემატება სენაკის ან ჭიათურის მოსახლეობის საერთო რიცხოვნობას.

დემოგრაფიულ ვითარებას ამძიმებს კიდევ ორი გარემოება: 

გრძელდება  ქორწინების საშუალო ასაკის მატება. აღნიშნული ასაკი ბოლო 100 წლის მანძილზე თითქმის 11 წლით გაიზარდა, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის აღწარმოების ტემპსა და საშუალო (მედიანურ) ასაკზე.   სულ უფრო მეტი წყვილი არ ჩქარობს ფაქტობრივი თანაცხოვრების ოფიციალურ რეგისტრაციას და, უკეთეს შემთხვევაში, საეკლესიო ქორწინებით შემოიფარგლება.  

საქართველოში ნარჩუნდება 1990-იან წლებში ჩამოყალიბებული უარყოფითი მიგრაციული სალდო - ქვეყნიდან გადის მეტი ადამიანი, ვიდრე შემოდის. ამასთან, საქართველოდან გადიოდნენ და გადიან ყველაზე შრომისუნარიანი, ამბიციური, კრეატიული ადამიანები. 20-დან 50 წლამდე ასაკის პირების წილი თუ საქართველოს მოსახლეობაში მხოლოდ 42 პროცენტია, ქვეყნიდან გასულთა შორის 85 პროცენტს აღემატება. საქართველოში დარჩენილი მოსახლეობის საშუალო ასაკი ქვეყნიდან გასულების საშუალო ასაკზე 7 წლით  მეტია, რაც სერიოზულ რეპროდუქციულ დისბალანსს ქმნის. - უკვე მასობრივი ხასიათი აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ ეთნიკური ქართველი ქალ-ვაჟების მიერ  ოჯახების შექმნას, სადაც დაბადებულ ბავშვთა რაოდენობამ უკვე ორჯერ გადააჭარბა ქუთაისის ამჟამინდელი მოსახლეობის ფაქტობრივ რიცხოვნობას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეების უარყოფითი მიგრაციული სალდოს ფონზე საპირისპირო ტენდენციით ხასიათდება სხვა ქვეყნის მოქალაქეების მობილური აქტიურობა საქართველოში. წლიდან წლამდე საქართველოში შემოდის სულ უფრო მეტი უცხოელი, ვიდრე გადის. შედეგიც სახეზეა:  2012-2025 წლებში საქართველოდან გავიდა 312.4 ათასით მეტი საქართველოს მოქალაქე, ვიდრე შემოვიდა; „სამაგიეროდ“ იმავე პერიოდში საქართველოში შემოვიდა 286.7 ათასით მეტი სხვა ქვეყნის  მოქალაქე, ვიდრე გავიდა (წინა წლებზე მოქალაქეობრივი ნიშნით მიგრაციული სალდოს მაჩვენებლები სამწუხაროდ არ დევს ამ სამსახურის ოფიციალურ საიტზე...). 

ხაზს ვუსვამ, რომ აქ საუბარია იმაზე, თუ რამდენით მეტია სხვა ქვეყნის მოქალაქეები და არა იმას, თუ რამდენნი არიან ისინი საქართველოში...

საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი 38 წელია, რაც საგრძნობლად  აღემატება ჩვენი ყველა სახმელეთო მეზობლის ანალოგიურ მაჩვენებლებს (თურქეთში მოსახლეობის მედიანური ასაკი 32.2 წელია, აზერბაიჯანში - 32.9 წელი, სომხეთში - 36.6 წელი, რუსეთის ფედერაციაში შემავალ ჩვენს მოსაზღვრე ჩეჩნეთში - 28.7 წელი, ინგუშეთში კი – 31.6 წელი). ჩინეთი, რომლის მოსახლეობის მედიანური ასაკი თითქმის ისეთივეა, როგორიც საქართველოში, ისე შეაშფოთა ამ მაჩვენებლის მაღალმა დონემ, რომ 2016 წელს მან უარიც კი თქვა 1980-იანი წლების დასაწყისიდან მოქმედ პოლიტიკაზე: „ერთი ოჯახი - ერთი ბავშვი“ და საყოველთაოდ ნება დართო ოჯახებს აკრძალვების გარეშე მეორე (ახლა უკვე - მესამე...) ბავშვის გაჩენაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებას მართებს უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოჯანსაღებლად.  

აუცილებელია მიგრაციული პროცესების ოპტიმიზაცია და შობადობის მატება. მოსახლეობის ამჟამინდელი დემოგრაფიული ქცევის მოდელის არსებობის პირობებში ნაკლებად სავარაუდოა, რომ შობადობის რეკორდული 1962 წლის დონე გამეორდეს (ასე რომ ყოფილიყო, 2026 წელს საქართველოში სულ ცოტა, 89 ათასი ბავშვი უნდა დაიბადოს, მაშინ როდესაც წლის პირველ ნახევარში მხოლოდ 17.5 ათასი დაიბადა (ან მთელი წლის განმავლობაში, ჰიპოთეტურად - მხოლოდ 35 ათასი). 

დემოგრაფიული გამოწვევების მასშტაბიდან გამომდინარე, მათი დაძლევა მოითხოვს გრძელვადიან, კომპლექსურ და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სახელმწიფო პოლიტიკას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, ახალგაზრდების დასაქმების ზრდას, ოჯახზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის გაძლიერებას, რეგიონული განვითარების მხარდაჭერას, რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის გაუმჯობესებასა და დიასპორასთან ეფექტიანი თანამშრომლობის მექანიზმების განვითარებას.

ოჯახზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში მიზანშეწონილია ახალგაზრდა ოჯახებისთვის ხელმისაწვდომი საბინაო პროგრამების განვითარება, მათ შორის შეღავათიანი იპოთეკური სესხების დანერგვა. ასევე მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებისა და ბავშვზე ზრუნვის სერვისების გაფართოება, მშობელთა ანაზღაურებადი შვებულებების განვითარება და მოქნილი დასაქმების ფორმების ხელშეწყობა.

დემოგრაფიული პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებად უნდა დარჩეს რეპროდუქციული ჯანმრთელობის მხარდაჭერა, მათ შორის უშვილობის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამების გაფართოება და რეგიონებში ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

დამატებით რესურსს წარმოადგენს დიასპორასთან მიზანმიმართული თანამშრომლობა. დაბრუნების ხელშემწყობი პროგრამები, საგადასახადო სტიმულები და ბიზნესის დაწყების მხარდამჭერი მექანიზმები შეიძლება მნიშვნელოვან ინსტრუმენტებად იქცეს რეემიგრაციის წასახალისებლად.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მთიან და სასაზღვრო რეგიონებს, სადაც დემოგრაფიული პრობლემები შედარებით მწვავედ ვლინდება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება, ეკონომიკური საქმიანობის წახალისება და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ დემოგრაფიული პოლიტიკის წარმატება, როგორც წესი, დაკავშირებულია სპეციალიზებული ინსტიტუციური მექანიზმების არსებობასთან, სისტემატურ მონიტორინგთან და გრძელვადიან ეროვნულ სტრატეგიასთან. ამასთან, დემოგრაფიული პროცესების გაუმჯობესება მოითხოვს მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებსა და მრავალწლიანი პოლიტიკის თანმიმდევრულ განხორციელებას.

რათქმა უნდა, დემოგრაფიული მდგომარეობის მდგრადი გაუმჯობესება ვერ მიიღწევა მხოლოდ ფინანსური სტიმულებით, საინფორმაციო კამპანიებით ან მიგრაციული პოლიტიკის ცალკეული ინსტრუმენტებით. საქართველოს დემოგრაფიული განვითარების თანამედროვე ტენდენციები მიუთითებს, რომ ქვეყნის წინაშე არსებული დემოგრაფიული გამოწვევები აღარ წარმოადგენს მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობრივი დინამიკის პრობლემას. ისინი თანდათან გარდაიქმნება ეკონომიკური განვითარების, შრომითი რესურსების ფორმირების, რეგიონული განვითარების და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ გამოწვევად. შესაბამისად, დემოგრაფიული პოლიტიკა XXI საუკუნის საქართველოში უნდა განიხილებოდეს არა როგორც სოციალური პოლიტიკის ცალკეული მიმართულება, არამედ როგორც სახელმწიფო განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის ერთ-ერთი ფუნდამენტური კომპონენტი.

ქვეყნის წინაშე მდგარი ფაქტობრივად ყველა სხვა პრობლემის მოგვარების გასაღები დემოგრაფიული პრობლემის არსებით გადაჭრაშია!

სახელმწიფოებრივი მდგრადობისა და უსაფრთხოებისადმი საფრთხე კი ამ მხრივ რეალურია - ის „ჰანიბალივით კარსაა მომდგარი!“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×