
„არავის წინააღმდეგ ჩვენება არ მიმიცია“ - ამ განცხადებით დატოვა სასამართლო პროცესი შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა. საუბარია ჩორჩანას ეპიზოდზე, სადაც ის მოწმის სახით იყო დაბარებული.
ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებით ინფორმაცია წინდაწინ არ ჰქონია და არც უნდა ჰქონოდა.
"არავის წინააღმდეგ ჩვენება არ მიმიცია. მე ჩემი კომპეტენციის ფარგლებში რა ინფორმაციასაც ვფლობდი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მივაწოდე სასამართლოს. წინასწარ მსგავსი ინფორმაცია მე არც უნდა მქონოდა, იმიტომ, რომ ეს იყო პოლიციური-ოპერატიული ღონისძიება, შესაბამისად, მე არ წარმოავდგენდი იმ ორგანოს, რომელსაც ეს ინფორმაცია უნდა ჰქონოდა. საოკუპაციო ხაზთან მუდმივად იყო რთული პროცესები, მათ შორის იყო მოქალაქეების დაკავებები, მსგავსი შემთხვევა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩემი გუბერნატორობის პერიოდშიც, სამწუხაროდ, რამდენიმე მსგავსი შემთხვევა იყო, - თქვა ხოჯევანიშვილმა მედიასთან.
გავრცელებული ინფორმაციით ოჯევანიშვილი პროკურატურამ გუშინ დამატებით დაიბარა. კითხვაზე, რას უკავშირდება საგამოძიებო უწყებაში მისი მისვლა, ხოჯევანიშვილი ასე პასუხობს:
"არავის დავუბარებივარ. მე ჩემი უფლება მქონდა, ჩემი ახსნა-განმარტების შინაარსს გავცნობოდი და ამ მიზნით ვიყავი მისული პროკურატურაში, - ამბობს ხოჯევანიშვილი.
ჩორჩანას ეპიზოდზე საქალაქო სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. საქმეზე უკვე გამოიკითხნენ „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსანი კახა კახიშვილი, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი და სუსის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე. მათ სასამართლოში ჩორჩანას საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებულ გარემოებებზე მისცეს ჩვენება.