
ქართული დელეგაცია კვლავ ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში შეხვედრებსა და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობს. სესიის გენერალური დებატები 22 სექტემბერს დაიწყო და 26 სექტემბრამდე გაგრძელდება.
24 სექტემბერს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა. სესიის მთავარი თემაა - „ნდობის აღდგენა, ტრანსფორმაციის მართვა: გაერო, რომელიც მუშაობს ყველასთვის".
მანამდე, 22 სექტემბერს კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ თანამშრომლობასა პოლიტიკური, ეკონომიკური, ხალხთაშორისი და საპარლამენტო კავშირების განვითარების დინამიკას.
კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში ნიუ-იორკში ვიზიტი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრითა და „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში" მონაწილეობით დაიწყო, რომლის დღის წესრიგში საერთაშორისო მშვიდობა, უსაფრთხოება, კონფლიქტების პრევენცია და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვა იყო.
ოპოზიცია კობახიძის ვიზიტს აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ დასავლელ ლიდერებთან გადაღებული "ფოტოები სჭირდება იმისთვის, რომ ხალხი მოატყუოს".
ვიზიტის გავლენა შიდა და გარე პროცესებზე
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები გაეროს ასამბლეის ფარგლებში მნიშვნელოვანია, თუმცა მათგან პოლიტიკური "გარღვევის" მოლოდინი ამ ეტაპზე არ უნდა არსებობდეს.
მისი თქმით, დასავლელი ლიდერები საქართველოსთან ურთიერთობისას გარკვეულ "უხერხულ მდგომარეობაში" არიან, თუმცა ასეთი შეხვედრები შესაძლოა კონკრეტული ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის დაწყებისა და გაღრმავების შესაძლებლობას ქმნიდეს.
- პეტრე მამრაძე: "დასავლელი ლიდერები უხერხულ მდგომარეობაში არიან, რომლებიც ჩაებნენ ცილისწამების უბინძურეს კამპანიაში. მზად არიან შეხვედრებზე ხელი ჩამოართვან. თუმცაღა, არ ვფიქრობ, რომ ეს რაღაცა დიდი გარღვევაა"
"ვიზიტი მნიშვნელოვანია, ჩანს, რომ დასავლელი ლიდერები თვითონ არიან უხერხულ მდგომარეობაში, რომლებიც ჩაებნენ ცილისწამების უბინძურეს კამპანიაში, რომელიც მიმდინარეობდა და დღემდე არა უღიარებიათ ეს და აღარ უნდათ ამაზე ლაპარაკი, ერთი მხრივ, მზად არიან სხვადასხვა ასეთ შეხვედრებზე ხელი ჩამოართვან.
"თუმცაღა, მე არ ვფიქრობ, რომ ეს რაღაცა დიდი გარღვევაა, დიდი,
მაგრამ ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, საქართველო სუვერენული და ძალიან მყარია, ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოში ეკონომიკური ბუმია. იმ ფონზე, როდესაც ევროპის ქვეყნებში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც პრობლემებია.
"ასეთი შეხვედრებოსგან ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ვთქვათ გამოვა ვინმე, ვთქვათ, ურსულა ფონ დერ ლაიენი იქნება თუ სხვა და იტყვის, რომ აი დადგა ის დრო, ჩვენ ვაღიაროთ, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მართალი იყო და ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ამ მთავრობასთანო - აი, ეს ჯერ არ არის მოსალოდნელი, იმიტომ რომ მათთვის ძალიან მძიმე იქნება.
"სამაგიეროდ. აი, ასეთი შეხვედრების შემდეგ შეიძლება იყოს რაღაცა თანამშრომლობა კონკრეტული ეკონომიკური, ტექნიკური და ასე შემდეგ, რომელიც ზედმეტი ხმაურის გარეშე შეიძლება წარმატებულად წარიმართოს, რაც კარგი იქნება საქართველოსთვის",- განაცხადა მამრაძემ.
როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები, დასავლეთის მხრიდან ხელისუფლების პოლიტიკურ აღიარებას არ ნიშნავს.
მისი თქმით, მსგავსი კონტაქტები პროტოკოლური ხასიათისაა და "ქართული ოცნება" მათ საზოგადოების დასარწმუნებლად იყენებს, თითქოს დასავლეთმა ხელისუფლებასთან დამოკიდებულება შეცვალა. ჩიტაძე მიიჩნევს, რომ დასავლეთის კრიტიკული პოზიცია საქართველოს ხელისუფლების მიმართ კვლავ უცვლელია.
"ისევ და ისევ "ქართული ოცნების" პროპაგანდა ამუშავდა. ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ რაკი ასეთი შეხვედრები იმართება და ირაკლი კობახიძეს ესალმებიან, თითქოს დასავლეთი ხელისუფლებას აღიარებს და აქეთ ეხვეწება ურთიერთობას. რეალურად "ქართული ოცნება" არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს თავის თავზე.
"სინამდვილეში, ეს არის წმინდა პროტოკოლური ხასიათის შეხვედრები. ურსულა ფონ დერ ლაიენი, თუ სხვა ლიდერები ესალმებიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და საქართველო ამ შემთხვევაში არ არის რაიმე გამონაკლისი.
- ნიკა ჩიტაძე: "ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ რაკი ასეთი შეხვედრები იმართება და კობახიძეს ესალმებიან, დასავლეთი ხელისუფლებას აღიარებს და აქეთ ეხვეწება. სინამდვილეში, ეს არის პროტოკოლური ხასიათის შეხვედრები"
"ის, რომ თითქოს სპეციალურად კობახიძეს შეხვდნენ, რეალობას არ შეესაბამება. გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე, რომელიც ყოველი სექტემბრის მესამე სამშაბათს იწყება, სხვადასხვა ქვეყნის მეთაურები იკრიბებიან და ერთ დარბაზში მყოფი ლიდერები ერთმანეთს ესალმებიან - თუნდაც სრულიად განსხვავებული. მაგალითად, რუბიომ განაცხადა, რომ მზადაა ასამბლეის ფარგლებში ირანის დელეგაციას შეხვდეს, შესაბამისად, ხელისუფლების მიმართ დასავლეთის კრიტიკა ისეთივე დარჩება, როგორიც ადრე იყო.
"გაერო შედგება როგორც დემოკრატიული, ისე ნაწილობრივ დემოკრატიული და ავტორიტარული ქვეყნებისგან. გაეროს წევრია შვეიცარიაც და ჩრდილოეთ კორეა, ან მიანმაც. ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება იყოს გაეროს წევრი. მიტომ, ამ ჩვეულებრივი პროტოკოლური პროცესის ისე გასაღება, თითქოს მხოლოდ საქართველო ცნეს და აღიარეს, არის უბრალოდ საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა",- განაცხადა ჩიტაძემ.