რეზონანსი
23.09.2026

ახალციხის N1 საჯარო სკოლის დირექტორსა და ამავე სკოლის მოსწავლის მშობელს შორის სავარაუდო ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, შსს-მ გამოძიება დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაცია tok2region-ს მშობელმა, ეკატერინე წამალაშვილმა მიაწოდა, რომელიც მოგვიანებით შსს-მაც დაადასტურა. გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

გამოძიების დაწყებას წინ უძღვოდა 18 სექტემბერს სკოლაში მომხდარი ინციდენტი. მოსწავლის მშობლის, ეკატერინე წამალაშვილის თქმით, მასსა და დირექტორს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირებამდე, მშობლის თქმით, სკოლაში მისი შვილის სწავლის საკითხთან დაკავშირებით უთანხმოება არსებობდა. წამალაშვილი ამბობს, რომ მისმა შვილმა მათემატიკაში ექსტერნის გამოცდაზე არადამაკმაყოფილებელი შეფასება დაუწერეს და ამის გამო მომდევნო კლასში ვერ გადავიდა. მისი შეფასებით, სკოლის გადაწყვეტილება სუბიექტური იყო.

მშობელი გადაწყვეტილებას მოსწავლესა და მათემატიკის მასწავლებელს შორის წინა წლებში არსებულ დაძაბულ ურთიერთობას უკავშირებს. მისი თქმით, მასწავლებელი მოსწავლეს დაგვიანებისა და გაცდენების გამო უარყოფით შეფასებებს უფიქსირებდა, რის გამოც მას ექსტერნის გამოცდა დაენიშნა.

“სწორედ ამ დაპირისპირების გამო, მასწავლებელმა არადამაკმაყოფილებელი ქულით შეაფასა. ექსტერნის გამოცდამდე უნდა ჩაებარებინა საშემოდგომო გამოცდა. რადგან ჩემს შვილსა და მასწავლებელს შორის იყო კონფლიქტური სიტუაცია, მან მიზანმიმართულად გამოიყენა თავისი უფლება-მოსილება და არადამაკმაყოფილებელი ქულით შეაფასა,” – უთხრა tok2region-ს მშობელმა.

მათემატიკის მასწავლებელი, ბადრი კაპანაძე მშობლის ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მოსწავლე ხშირად აცდენდა და სწორედ გაცდენების რაოდენობის გამო მოუწია ექსტერნის გამოცდაზე გასვლა, სადაც გადამსვლელი ქულა ვერ მიიღო.

რაც შეეხება სკოლის დირექტორს, გამოცემამ მასთან დაკავშირება და შესაძლო ფიზიკური დაპირისპირების საკითხის გარკვევა სცადა, თუმცა მას შემდეგ რაც, ჟუჟუნა გოგოლაურმა გაიგო, რომ ჟურნალისტი ურეკავდა, ტელეფონი გათიშა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×