
ბალტიის ქვეყნებმა ევროკომისიას დრონსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის 500 მილიონი ევრო სთხოვეს. თავდაცვის მინისტრებმა შესაბამისი წერილი ურსულა ფონ დერ ლაიენს გაუგზავნეს, - იუწყება ფინური გამოცემა Iltalehti.
ბალტიის ქვეყნების სამხედრო ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ მოსკოვმა შესაძლოა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე დრონებით დარტყმა განახორციელოს, რათა შეამოწმოს ალიანსის მზადყოფნა მე-5 მუხლის ამოქმედებასთან დაკავშირებით.
ანალიტიკოსთა უმეტესობა ეთანხმება ბალტიის ქვეყნების თავდაცვის სამინისტროების შეფასებას. კრემლი ხშირად იყენებს ჰიბრიდულ ტაქტიკას, რათა ნატოს "წითელი ხაზები" გამოსცადოს.
ექსპერტთა აზრით, დრონით საჰაერო სივრცის დარღვევა ან ლოკალური დარტყმა ხშირად ტოვებს ეჭვს - ეს იყო ტექნიკური შეცდომა, კერძო ოპერატორის შეცდომა თუ განზრახ თავდასხმა.
შესაბამისას, მოსკოვს აინტერესებს, გახდება თუ არა მცირე მასშტაბის დრონების ინციდენტი ნატოს მე-5 მუხლის (კოლექტიური თავდაცვა) ამოქმედების საფუძველი, თუ ალიანსი შემოიფარგლება მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით, რაც ალიანსის შეკავების ეფექტიანობას ეჭვქვეშ დააყენებს.
სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უკრაინის ომმა სრულად შეცვალა თანამედროვე ომის წარმოების წესები. ძვირადღირებული საჰაერო თავდაცვის რაკეტების მაგითად პეტრიოტრების გამოყენება იაფფასიანი ირანული თუ რუსული დრონების ჩამოსაგდებად ეკონომიკურად გაუმართლებელია.
500 მილიონი ევრო განკუთვნილია არა მხოლოდ ფიზიკური გზით დრონების განადგურებისთვის, არამედ რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების, სპეციალური რადარებისა და ოპტიკური სენსორების ერთიანი ქსელის შესაქმნელად აღმოსავლეთ საზღვარზე.
პოლიტოლოგები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ ბალტიის ქვეყნებმა დახმარებისთვის მიმართეს ევროკავშირს და არა უშუალოდ ნატოს. მათი აზრით, ეს ასახავს ევროკავშირის მზარდ ამბიციას, იკისროს თავდაცვის ინდუსტრიული და ფინანსური მხარდაჭერის როლი.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ადრეც აღნიშნა, რომ "ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოება მთელი ევროპის უსაფრთხოებაა", შესაბამისად, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბრიუსელი ეცდება იპოვოს მექანიზმები მაგალითად „სეიფ ფონდის" ან რეგიონული განვითარების რესურსების გადამისამართებით, ამ მოთხოვნის ნაწილობრივ მაინც დასაფინანსებლად.