რეზონანსი
13.05.2024

კიდევ ერთი ცხელი წერტილი, სადაც ომი მეშვიდე თვეა გრძელდება ახლო აღმოსავლეთია - დასავლელი პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, ნეთანიაჰუს ომის კაბინეტი პალესტინურ ანკლავში ოპერაციას აგრძელებს. ცახალმა საბრძოლო მოქმედებები დაიწყო ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკშიც, რომელსაც თავს 100 ათასზე მეტი ადამიანი აფარებს. ინტენსიური დაბომბვების გამო, პალესტინელმა დევნილებმა ევაკუაცია დაიწყეს, უფრო უსაფრთხო თავშესაფრის პოვნის მიზნით.

ჰამასის საბრძოლო ბრიგადების გასანადგურებლად, სამხედრო ოპერაცია გრძელდება რაფაჰშიც. ბენიემინ ნეთანიაჰუ, ჯო ბაიდენის თხოვნის მიუხედავად, ქალაქიდან ცახალის გაყვანას არ აპირებს და გადაწყვეტილი აქვს, ტერორისტების საბოლოო განადგურებამდე, ომი არ შეწყვიტოს. მიუხედავად ამისა, არც ჰამასი და არც ჰესბოლა ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო იერიშებს არ წყვეტენ, ღაზის სექტორიდან ნასროლი რაკეტით, სამი მოქალაქე დაიჭრა, ლიბანიდან გამოფრენილმა კი რამდენიმე სამხედრო დააზიანა.

ისრაელმა ღაზის სამხრეთ ჩრდილოეთით ოპერაცია გააფართოვა. ინტენსიურად იბომბება ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკი, სადაც თავს 100 ათასზე მეტი ადამიანი აფარებს. ისრაელის სამხედროებმა ადგილობრივებს მოუწოდეს, ალ-მავასის ჰუმანიტარულ ზონაში გადავიდნენ. ბოლო 24 საათში, ევაკუირებულთა რაოდენობამ 60 ათასს გადააჭარბა.

რაფაჰზე სამხედრო ოპერაციაზე უარის თქმას არ აპირებს ბენიამინ ნეთანიაჰუ. ისრაელის პრემიერის განცხადებით, ჰამასის წინააღმდეგ ომი - ეს არის ბრძოლა ისრაელის არსებობისთვის.

ღაზაზე ისრაელის გაძლიერებული თავდასხმების შედეგად, ბოლო 24 საათში, 3 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. ისრაელის სამხედრო მოქმედებებს ყურადღებით აკვირდება დასავლეთიც. საომარი მოქმედებების გამო, ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.

პარალელურად, შეტევებს აგრძელებს ჰამასიც. ღაზიდან გაშვებულმა რაკეტამ, ისრაელის ქალაქ აშკელონში, საცხოვრებელი სახლი დააზიანა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულია 3 ადამიანი.

სარაკეტო იერიში განხორციელდა ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით. შედეგად, 4 ისრაელელი ჯარისკაცი დაშავდა. სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ჰეზბოლამ" აიღო. მათივე თქმით, სამიზნე ისრაელის სამხედრო პოზიციები იყო. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით უპილოტო აპარატებიც გაუშვეს, თუმცა არავინ დაშავებულა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×