„არ ვიცი, ერთიანი კოალიცია იქნება თუ არა, მაგრამ ეს თანამშრომლობა მოსალოდნელია"
ნატალია ჯვარიძე
04.07.2024

„მოლაპარაკება მიდის „ლელოსა" და კიდევ სხვა პარტიებთან" - აცხადებს პარტია „ახალის" წევრი ნუგზარ წიკლაური. ვისთან შეიძლება დაჯგუფდნენ და რამდენად მომგებიანი იქნება? ამ საკითხზე ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ არის კიდევ რამდენიმე პარტია, რომელთანაც სავარაუდოდ, „ახალი" მოლაპარაკებას აწარმოებს და ეს ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება, რადგან წვრილ პარტიებს ბარიერის გადალახვის შანსი მიეცემათ.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს კი მიაჩნია, რომ თუ წვრილ პარტიებს ოპოზიციური სპექტრის ათვისება უნდათ, საჭიროა ორი პოლიტიკური ცენტრის შექმნა, რომელთა გარშემოც დაჯგუფდებიან.

„ახალს" „ლელოსთან" ექნება ურთიერთობა იმიტომ, რომ თავისთავად „ლელო" ნიკა მელიასთან თანამშრომლობდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის „ნაცმოძრაობის" წევრი იყო. ასევე არ არის გამორიცხული „დროა" და „გირჩი - მეტი თავისუფლებაც" მათთან ერთად იყვნენ. არ ვიცი, ერთიანი კოალიცია იქნება თუ არა, მაგრამ ყოველშემთხვევაში ეს თანამშრომლობა მოსალოდნელია. აი, გახარიას პარტიასთან ალბათ არა", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან".

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს მიაჩნია, რომ უფრო უპრიენი იქნება „ახლები" წვრილ პარტიებთან დაჯგუფდნენ.

„ვფიქრომ, რომ „ახლებმა" უნდა ილაპარაკონ სწორედ იმ პარტიებთან, რომლებიც მანამდე „ნაცმოძრაობის" წევრები იყვნენ და შემდეგ გამოეყვნენ. იქნება ეს „გირჩი", ერთი თუ მეორე ან ორივე ერთად, „დროა", ელენე ხოშტარიას პარტია, „ევროპული საქართველო" და ა.შ."

ნუგზარ წიკლაურის თქმით, მთავარია, ბარიერი გადალახოს ყველა იმ ოპოზიციურმა ჯგუფმა, რომლებიც წინასაარჩევნოდ შეიქმნება.

„ოპოზიციაში კონსულტაციები მიმდინარეობს, პარტიები ერთმანეთს ხვდებიან, განიხილავენ სხვადასხვა ვერსიებს თავისი საგარეო პოლიტიკური თუ სხვა ტიპის მისწრაფებების შესაბამისად, რომ შექმნან გაერთიანებები ისეთ პარტიებთან, რომლებიც ყველაზე მეტად ეთანადება მათ პოლიტიკურ კურსს, ამიტომ, ყველაფერი არის შესაძლებელი. სავარაუდოდ, საუბარი არის სამ ან ოთხ ოპოზიციურ ცენტრზე. კვლევები ანახებს, რომ გამოკვეთილია მინიმუმ ორი პარტია, რომლებსაც ამ წუთისთვის სხვებზე მეტი მხარდაჭერა აქვს. როგორი იქნება შედეგები, მე შემიძლია, მხოლოდ ახლა ვთქვა, რომ მაქვს რწმენა, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ ამ საკითხის პოზიტიურ გადაწყვეტილებას და ოპტიმალური იქნება ის კონფიგურაციები, რომელიც საბოლოოდ შეიქმნება.

„უმთავრესი ახლა გახლავთ არა ცალ-ცალკე პოლიტიკური პარტიების სარგებელი, არამედ ის, რომ არ დაიკარგოს არც ერთი ოპოზიციური ხმა. მთავარია, ბარიერი გადალახოს ყველა იმ ოპოზიციურმა დაჯგუფებამ, რომლებიც წინასაარჩევნოდ შეიქმნება. საერთო სიაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ საქართველოში განსხვავებული პოლიტიკური პარტიები არსებობენ, საბედნიეროდ, და სწორედ მრავალფეროვნებაში არის დემოკრატიის ხიბლიც. სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა თავად გააკეთეს განაცხადი, რომ ვერ ხედავენ თავიანთ თავს ერთიანი სიის ფარგლებში და ასევე, იყო სრულიად ლოგიკური განცდა იმის, რომ შეიძლება ამ პარტიებიდან რომელიმეს ამომრჩეველს არ მიეცა ხმა ერთიანი სიისთვის იმ შემთხვევაში, თუ სხვა რომელიმე პოლიტიკური პარტია იქნებოდა იქ, რომლის მიმართაც უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. ამიტომ, ჩვენ სასწორზე არ უნდა დავაყენოთ და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ისეთი პოლიტიკური პარტიები დაჯგუფდნენ, რომ ამომრჩევლისთვისაც კომფორტული იყოს" , - აღნიშნა წიკლაურმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში.

„ჩვენ ეს არც დაგვიმალავს, ეს საუბარი „ლელოსთან" მიმდინარეობს, დაიწყება კიდევ სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც, დინამიური პროცესია. პარტია „ახალი" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეიწყოს ერთ მთავარ გარემოებას, რომ არც ერთი მცირე პოლიტიკური პარტია არ დარჩეს ისეთი, რომელიც თვითონ ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს და ეს შემდეგ დააზიანებს მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს. მთავარი ამოცანაა, პროევროპული ამომრჩევლის ხმები არ დარჩეს ბარიერს მიღმა და ამით ჩვენ ხელი არ შევუწყოთ მმართველ ძალას, რომ შეინარჩუნოს ანტიევროპული მმართველობა. მე მოვერიდებოდი წითელ ხაზებზე საუბარს, მაგრამ, ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი გახარიას პარტია გაცილებით შორს არის ჩვენი პოლიტიკური ძალისაგან ვიდრე სხვა პოლიტიკური პარტიები", - განაცხადა წიკლაურმა.

ნიკა ჩიტაძის აზრით, „ლელოსა" და სხვა პარტიებთან თანამშრომლობა მომგებიანი იქნება, რადგან ამ პარტიებს შედარებით დაბალი რეიტინგი აქვთ და ახლა ბარიერის გადალახვის შანსი მიეცემათ.

„მგონი, ეს მომგებიანი იქნება, რადგან „ლელოს" გარკვეული პრობლემა ბარიერის გადალახვაზე აქვს. „ახალს" კი შედარებით მაღალი რეიტინგი გააჩნია, რაც გამოიხატება იმაში, რომ „ნაცმოძრაობის" ყოფილ მომხრეს და ამავდროულად მელიას გუნდის წევრს, რომლებმაც „ნაცმოძრაობა" დატოვეს და „ახალში" გადავიდნენ, თავიანთი ამომრჩეველი ჰყავთ. შესაბამისად, ისინი ხმას „ახალს" მისცემენ და თუ „დროა", „ახალი" და ა.შ. მათთან იქნებიან, 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი მათაც ექნებათ. საერთო ჯამში, ეს გადაწყვეტილება კარგი იქნება, რადგან ხმები არ დაიკარგება და ამ პარტიებსაც პარლამენტში შესვლის შანსიც ექნებათ", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ვახტანგ ძაბირაძეს კი მიაჩნია, რომ თუ წვრილ პარტიებს ოპოზიციური სპექტრის ათვისება უნდათ, საჭიროა ორი პოლიტიკური ცენტრის შექმნა, რომელთა გარშემოც დაჯგუფდებიან.

„ჩემი აზრით, ზოგადი პრინციპით რომ შევხედოთ, „ნაცმოძრაობიდან" წარმოშობილი პარტიები ორი ცენტრის ირგვლივ უნდა დაჯგუფდეს. პირველი ეს არის ძველი „ნაცმოძრაობა" და მეორე „ახლები". დღეს ესენია „ნაცმოძრაობის" ყველაზე რეიტინგული ცენტრები, რომლებსაც 5%-იანი ბარიერის დაძლევა არ უნდა გაუჭირდეს. ამიტომ ეს წვრილი პარტიები, რომლებიც ჩამოვთვალე და კიდევ სხვები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ასპარეზზე არ ჩანან და თუ ისინი ოპოზიციური სპექტრის ათვისებას ფიქრობენ, მაშინ ამ ორი პოლუსის ირგვლივ უნდა დაჯგუფდეს, ეს იქნება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×