
ქარელში, სოფელ დირბში მკვლელობა მოხდა, სამართალდამცავებმა მომხდარი დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს და განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
"წუხელ მოხდა ეს საშინელი დანაშაული, მოკლულია 22 წლის ახალგაზრდა ბიჭი, ძალიან კარგი ახალგაზრდა გოჩა ქოთუაშვილი. მარიამობას მოხდა ეს საშინელი ფაქტი. დეტალები არ ვიცი. დანით მიუყენებია ჭრილობა. სოფელ დირბში მოხდა დანაშაული, როგორც მითხრეს, ჩხუბი მომხდარა მათ შორის და ადგილზე მოკლეს, მერე დამნაშავე გაიქცა, მაგრამ მაინც დაიჭირეს პოლიციელებმა. დედა ემიგრანტი ჰყავს მოკლულს, ძალიან გამანადგურა ამ ამბავმა. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა დამნაშავე, მერე რა რომ არასრულწლოვანია, ვინც ჩადის დანაშაულს, ყველა უნდა დაისაჯოს საკადრისად, რომ სხვამ არ ჩაიდინოს მსგავსი დანაშაული", - ამბობს თანასოფლელი.
"კვირის პალიტრის" ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი სოფელ დებრის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. ფაქტს სკოლის დირექტორიც ადასტურებს:
"დიახ, ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა დაკავებული არასრულწლოვანი. წუხელ დამრიგებლისგან გავიგე მომხდარი ფაქტი. პირველ რიგში მინდა გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი ვუთხრა მომხდარის დეტალები არ ვიცი, ვიცი, რომ დაკავებულია ჩვენი მოსწავლე და ის პოლიციას მამამ მიუყვანა თავისი ხელით. შელაპარაკება მომხდარა, რის გამო მოხდა ეს მძიმე ფაქტი.
თვითონ დაკავებულ ბიჭზე დადებითის მეტს ვერაფერს გეტყვით. ახლაც ვფიქრობდი ამ ბავშვზე, არ ვიცი რა ვთქვა, გამორჩეული, დადებითი ყოფაქცევის ბიჭია, სპორტსმენი, ძიუდოზე დადიოდა, სკოლაშიც მოწესრიგებული იყო სულ. შეიძლება მაღალი შეფასებებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ზრდილობით და აკადემიურობით ნამდვილად ერთ-ერთი სანიმუშო მოსწავლე იყო. ვერ გეტყვით გუშინ რა მოხდა, რატომ დატრიალდა ეს უბედურება. გარდაცვლილი ბიჭიც ჩვენი სკოლის ყოფილი მოსწავლეა, მართალია მე მას არ ვასწავლიდი, მაგრამ გოჩა 2004 წელს არის დაბადებული და სკოლა ხუთი წელია რაც დამთავრებული აქვს.
ეს ბიჭები ახლო მეზობლები არ არიან, რა მოხდა და რატომ იკამათეს, ამაზეც არ მაქვს ჯერჯერობით ინფორმაცია. მასწავლებელმა გამაგებინა წუხელ მომხდარი. ჩვენი მოსწავლის ძმა არის მოკლული ბიჭი, ვუსამძიმრებ მის ოჯახს.
მამამ მიიყვანა პოლიციაში და ჩააბარა. ძალიან დადებითი ოჯახია, მამასთანაც ვმეგობრობ, როგორ დაგიმალოთ. გაოცებული ვარ, ამ ბავშვის პიროვნებიდან გამომდინარე. ძალიან მძიმე ამბავია. დანა როგორ აღმოჩნდა მის ხელში, არც ეს ვიცი, სკოლაში არასოდეს მინახავს დანით. ჩვენ მანდატური გვყავს სკოლაში და არასოდეს სასკოლო სივრცეში მას აკრძალული ნივთი, სანთებელაც კი არ შემოუტანია”, - განაცხადა დირბის საჯარო სკოლის დირექტორმა.
"კვირის პალიტრა"