
ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ახალ სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წარდგენილ ახალ ბრალს არ აღიარებს. გენერალური პროკურატურის ცნობით, ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროს კორუფციულ შესყიდვებს, სოლიდური ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, „სამსახურებრივ მფარველობას“ უწევდა.
ღარიბაშვილს, რომელსაც ბრალის ოფიციალური დადგენილება რუსთავის ციხეში გააცნეს, ბრალის დადგენილების დოკუმენტს ხელიც კი არ მოაწერა.ამის შესახებ რუსთავში ჟურნალისტებს ღარიბაშვილის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა განუცხადა, რომელიც ბრალის დადგენილებას ესსწრებოდა.
დღეს, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ ორაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ ორაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ბრიფინგიდან გაირკვა, პროკურატურასთან ითანამშრომლა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა ვასილ მხეიძემ. პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა", ,,გ" ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, ამ პროცესებს წინ უძღოდა, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ (ერთი დღის შუალედებით) ციხიდან გამოქვეყნებული ორი წერილი. პირველ წერილში ღარიბაშვილმა მისი და მისი ოჯახის უსაფრთოხებაზე სრული პასუხიმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლებას დააკისრა, მეორე წერილში კი "ბრძოლის დაწყება" დაანონსა, თუმცა, მოგვიანებით განმარტა, " რომ ის არავის "და არც არავის წინააღმდეგ არ იბრძვის".
რაც შეეხება საქმეში ფიგურანტ სხვა მოხელეებს, ისინი ზემოხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით უკვე მსჯავრდებულები არიან სასამართლოს მიერ და განსაზღვრული აქვთ შესაბამისი სასჯელი, მათ შორის ჯუანშერ ბურჭულაძეს მისჯილი აქვს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქმის დეტალები
ბრიფინგზე გენპროკურორის მოადგილემ დეტალურად აღწერა დანაშაულის სქემა,გთავაზობთ ამონარიდს უცვლელად:
"2022 წლის ბოლოდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვა სხვადასხვა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის საჭიროება, რაც უნდა განხორციელებულიყო საიდუმლო შესყიდვის გზით.
აღნიშნულ პროცედურებში მონაწილეობის მიზნითა და არამართლზომიერი ფინანსური სარგებლის მისაღებად, ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეთანხმებით, მისი ნათესავი ვასილ მხეიძე დაუკავშირდა შესაბამისი გამოცდილების მქონე ნაცნობ ბიზნესმენს, რომელსაც შესთავაზა შესყიდვის იმგვარი ფორმით გამოცხადება, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფდა სასურველი ფასით ამ უკანასკნელთან დაკავშირებული კომპანიის გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მოითხოვა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ნაღდის ფულის სახით მისთვის გადაცემა.
მას შემდეგ, რაც ვასილ მხეიძესთან დაკავშირებულმა პირმა საწყის ეტაპზე თავი შეიკავა დანაშაულებრივი შეთანხმებისაგან და მოითხოვა მეტი გარანტიები უმაღლესი თანამდებობის მქონე პირებისგან, იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, როგორც ანგარიშვალდებული პირი, შეუთანხმდა იმჟამინდელ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მასზედ, რომ თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებისათვის შესყიდვებს განახორციელებდა იმგვარი ფორმით, რაც უზრუნველყოფდა ზემოხსენებულ მეწარმესთან დაკავშირებული კომპანიების გარანტირებულად, სასურველი ფასით გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მიიღებდნენ სოლიდურ არამართლზომიერ ფინანსურ სარგებელს.
მიიღო რა სრული სამსახურებრივი მფარველობა ირაკლი ღარიბაშვილისგან, რომელმაც თავის მხრივ მოითხოვა შესაბამისი მატერიალური სარგებლის მისთვისაც გადაცემა და დაუდასტურა შერჩეული ბიზნესმენის სანდოობა მსგავს საკითხებში, ჯუანშერ ბურჭულაძის დავალებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმჟამინდელმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა სამინისტროს მიერ სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალისთვის" სხვადასხვა სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით ხელოვნურად გაიზარდა საიდუმლო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით შესაძენი საქონლისა და მომსახურების ღირებულება.
შედეგად, 3 საიდუმლო შესყიდვის დროს ზემოხსენებულ პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 11 499 705 ლარის რეალური ღირებულების მქონე სამედიცინო აპარატურა და სხვა ინვენტარი მიაწოდეს 18 484 960 ლარად." - განაცხადა გულუაშვილმა.
"პარალელურად ზემოხსენებული შესყიდვებისა, შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ, შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა რამდენიმე ეტაპად ვასილ მხეიძეს ნაღდი ფულის სახით გადასცა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებების დაახლოებით 10% - 1 900 000 ლარი, საიდანაც ამ უკანასკნელმა პირადი სარგებლის სახით დაიტოვა 400 000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა სრულად გადასცა ჯუანშერ ბურჭულაძეს.
ამ უკანასკნელმა ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი დაიტოვა თავად, ხოლო თანხის მეორე ნახევარი - 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს. ზემოხსენებული ქმედების შედეგად სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით - 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი - "განაცხადა გილუაშვილმა.
"თავის გადარჩენის მცდელობა"
თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წინა დღეებში გავრცელებული განცხადებები, სავარაუდოდ, პრევენციულ ხასიათს ატარებდა.
„ძალიან სამწუხაროა და არასასიამოვნოა, როდესაც ყოფილ თანაგუნდელზე გიწევს საუბარი. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ მისი მხრიდან გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები.
სავარაუდოდ, მას ჰქონდა ინფორმაცია იმ სხვადასხვა საკითხზე, რომელზეც მიმდინარეობდა გამოძიება და ალბათ პრევენციული სახის განცხადება ჰქონდა. ყოფილი პოლიტიკოსები, ზოგადად, ხშირად იყენებენ აღნიშნულ მეთოდს და სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ხდება ხოლმე.
ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. ის ჩვენი ყოფილი თანაგუნდელია. ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ქვეყანაში როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული", - განაცხადა კახა კალაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილმა წინასწარ იცოდა მძიმე ბრალის შესახებ, რომელიც მის მიმართ წარდგებოდა და თემის პოლიტიზებას ცდილობდა.
„ვერანაირ დეტალში ვერ შევალ იქიდან გამომდინარე, რომ ეს გამოძიების პრეროგატივაა. წერილები, რასაც ბატონი ღარიბაშვილი იწერებიდა - უკვე იკვეთება, რომ წინასწარ იცოდა მძიმე ბრალი, რაც მის წინაშე წარდგებოდა და თემის პოლიტიზებას ცდილობდა.
ძალიან სამწუხაროა, თუმცა ჩვენ საქმით გვაქვს დამტკიცებული, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი იქნება, მოქმედი თუ რომელი თანამდებობის პირი, ნებისმიერ შემთხვევაში ანალოგიური მიდგომა გვაქვს ნებისმიერ ადამიანზე. ჩვენ კორუფციას არავის ვაპატიებთ.- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ ღარიბაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ გამოძიება მიმდინარეობდა და თავის გადასარჩენად ურთიერთსაწინააღმდეგო წერილები გაავრცელა.
"ადამიანი როცა იტყუება, ერთმანეთში ირევა მის მიერ გავრცელებული სხვადასხვა მოგონილი ინფორმაცია. ბრალი აქვს წარდგენილი, მისი მცდელობა პასუხისმგებლობიდან გაქცევა იყო. რა პოლიტიკაში დაბრუნებაზე და რა პოლიტიკურ ბრძოლაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა ადამიანს ბრალი აქვს აღიარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების მიღებაზე?
ადამიანს ასეთი დანაშაული როცა აქვს აღიარებული, წესით და რიგით, მას პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. დანარჩენი ინსინუაციებია, რაც მან საკუთარი თავის გადასარჩენად დაიწყო, რადგან იცოდა, რომ მის მიმართ სავარაუდო დანაშაულის სხვა ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობდა."- განაცხადა არჩილ გორდულაძემ
ოპოზიციის მცდელობა
პარტია "ახალის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია კი ვრცელ პოსტს ავრცელებს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს რომ "შური იძიოს", "აჯანყდეს", "მტერს ატკინოს".
"ბოლოს ისეთები მისცემენ შენზე ჩვენებას, სიმწრისგან გულღვიძლი დაგეწვება. ისეთებს მოყვებიან შენზე ყველაზე ახლობელი ადამიანები, რომ სირცხვილისგან დაიწვები. ვის უფრთხილდები და რას ელოდები? შენს შვილებს გაუფრთხილდი და ის მაინც დაანახვე, რომ წინააღმდეგობას სწევ. ბოლობოლო, შური მაინც იძიე.
უბედურებაში გამწარებული მაინც იყავი და არა მორჩილი და მოძალადის თვალებში შემციცინე. თუ არ აჯანყდები, ატკინე მაინც.თუ ვერ დაამარცხებ, დაასუსტე მაინც.
სიმართლე თქვი! თუ მხილების და სამართლიანობის სახელით არა, მტრის გასამწარებლად და დასასუსტებლად მაინც მოძალადის ტყვეობაში მაინც ნუ იქნები მისი მონა" - წერს გვარამია.
„ძლიერი საქართველო - ლელოს" წევრმა ლევან სამუშიამ განაცხადა, რომ ჩნდება კითხვა, ხომ არ ხდება კლანური ინტერესებიდან გამომდინარე სამართლის გამოყენება ზეწოლისთვის და „ამ კითხვას ის ფაქტი აჩენს, რომ პატიმრობაში მყოფმა ღარიბაშვილმა ახალი ბრალის შესახებ სავარაუდოდ, იცოდა".
„ჩვენ ვხედავთ დღეს კლანებს შორის დაპირისპირებას და ამ დაპირისპირების შედეგად წამოტივტივდა ის კორუფციული ფაქტები ზედაპირზე, რა კორუფციულ ფაქტებსაც ვხედავთ.
სუს-ის უფროსი დაკავებულია იმის გამო, რომ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს ჩემოდნებით თანხა მიჰქონდა, დღეს ვხედავთ და გვეუბნება პროკურატურა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, ყოფილ თავდაცვის მინისტრთან ერთად ჯარს ძარცვავდაო.
ეს არის ის რეალობა, რა რეალობაშიც „ქართული ოცნება" საზოგადოებას ამყოფებს და არის კიდევ მეორე კითხვა, ხომ არ ხდება სამართლის გამოყენება ამ შემთხვევაში კლანური ინტერესებიდან გამომდინარე ზეწოლისთვის, ვინაიდან, საიდან იცოდა მაშინ ღარიბაშვილმა წინასწარ, რომ მას შესაძლოა ბრალი წარდგენოდა? პატიმრობაში მყოფმა ღარიბაშვილმა, საიდან იცოდა ამის შესახებ? ასევე, იყო თუ არა რეალობა წერილთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ის მოყვანილი ფაქტები დღეს უკვე რეალობად იქცა", - განაცხადა სამუშიამ.