
ბრალდება წარდგენილია, სქემა კი გაშიფრული - გამოვლენილია დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის სათავეშიც ირაკლი ღარიბაშვილია. აღებულია ქრთამი მილიონ 900 ათასი ლარი. დათვლილია 7 მილიონამდე სახელმწიფოს ზარალიც, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ წლების წინ ხელოვნურად და ზედმეტად, ღარიბაშვილ-ბურჭულაძის კორუფციული მიზნების შესასრულებლად დახარჯა.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ყველაფერი 2022 წლის ბოლოს დაიწყო, თავდაცვის სამინისტროში წარმოიშვა სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის აუცილებლობა, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალისთვის. ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეთანხმებით, მისი ნათესავი, ვასილ მხეიძე, ერთ-ერთ ბიზნესმენს დაუკავშირდა. შესთავაზა გარიგება - საიდუმლო შესყიდვაში უპირობო გამარჯვება, სახელშეკრულებლო თანხის სრული ღირებულების 10%-ის სანაცვლოდ. ბიზნეს სუბიექტი გარიგებას საწყის ეტაპზე არ დათანხმდა და მყარი გარანტიები მოითხოვა. გარანტიების მისაღებად, ბურჭულაძე ღარიბაშვილთან მივიდა, ღარიბაშვილი კი ყველაფრის უზრუნველყოფას ქრთამის სანაცვლოდ დათანხმდა.
პირობის მიღებისთანავე, თავდაცვის სამინისტრომ საიდუმლო შესყიდვა განახორციელა. ჯუანშერ ბურჭულაძის დავალებით, საქმეში მისი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური ჩაერთვნენ. მათ კონკურენცია, მიზანმიმართულად, მინიმუმამდე დაიყვანეს. სხვადასხვა გარემოების შექმნით კი, ტექნიკის ფასი -11 მილიონ 499 ათას 705 ლარი, მიზანმიმართულად, 18 მილიონ 484 ათას 960 ლარამდე გაზარდეს. განხორციელდა სამი საიდუმლო შესყიდვა. ნაწილ-ნაწილ მიიღო დაპირებული ქრთამი ირაკლი ღარიბაშვილმაც. ბიუჯეტისთვის მიყენებულ ფინანსურ ზარალთან ერთად, არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესიც.
კორუფციულ სქემაში ჩართული პირების ჩვენებებისა და პროკურატურის მიერ უკვე მოძიებული მტკიცებულებების მიუხედავად, ირაკლი ღარიბაშვილი ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს. მასთან, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს იმყოფებოდნენ ადვოკატები. უფლებადამცველების ინფორმაციით, ღარიბაშვილს გამომძიებლებმა დადგენილება გააცნეს და ბრალდება ოფიციალურად წარუდგინეს.
გამოძიებისთვის ახალი დეტალები ცნობილი 12 აგვისტოს გახდა. მამხილებელი ჩვენება პროკურატურას ბურჭულაძის ნათესავმა და საქმის უშუალო ფიგურანტმა, ვასილ მხეიძემ მისცა. მსჯავრდებულმა, ინფორმაციის მიწოდების მიზნით, უწყებას პირადად მიმართა. გამოძიებასთან ითანამშრომლა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმაც.
ირაკლი ღარიბაშვილი კორუფციაში ერთხელ უკვე ამხილეს. 5 წელი პატიმრობა და 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა - ასეთია საპროცესო შეთანხმების პირობები, რომელსაც, დანაშაულის აღიარების შემდეგ, ხელი თავად მოაწერა. დღეს წარდგენილი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში კი, ღარიბაშვილს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სამედიცინო ჰოსპიტალთან დაკავშირებულ კორუფციულ საქმეზე სასჯელს უკვე იხდიან ოქროს მოწმეები - ჯუანშერ ბურჭულაძე და ვასილ მხეიძე.