ნატალია ჯვარიძე
28.08.2026

ანალიტიკოს გია აბაშიძის ფიქრობს, რომ მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლა მისი პოტენციალის ამოწურვამ განაპირობა, ხოლო ამ თემაზე გავრცელებული ოპოზიციური ვერსიები მხოლოდ სპეკულაციაა. აცხადებს, რომ კობახიძის გადაყენებასა თუ პატიმართა შეწყალებაზე ოპოზიციის შეფასებები უსაფუძვლოა.

გია აბაშიძე: როგორც ყოველთვის, პოლიტიკური სპეკულაციები ჭარბობს, ვიდრე რეალური ინფორმაცია. თავად მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ სამმა კაცმა, მისი ჩათვლით და, რასაკვირველია, ივანიშვილთან შეთანხმებით, გადაწყვიტა პოლიტიკიდან წასვლა.

ამათ სხვადასხვა მხრიდან გამოაბეს სპეკულაციები - ისეთი დარწმუნებით, თითქოს ამ საუბარს ესწრებოდნენ, ან ამ სამი პირიდან ერთ-ერთმა ვითომ გაუზიარა ამ ჭორების გამავრცელებლებს. ეს პრაქტიკა ჩვეულია ქართულ ოპოზიციურ სპექტრში, ფართო საზოგადოებაში - ყველას ჰგონია, რომ სიღრმისეულად იცის საერთაშორისო მოვლენები, ადგილობრივი პოლიტიკური პროცესები და, საბოლოო ჯამში, ანეგდოტურ სიტუაციაში იგდებენ თავებს.

  • „კობახიძის გადაყენება დიდი ხნის ნატვრაა რადიკალურ ოპოზიციაში, თუმცა ეს ისეთივე პროექტად რჩება, როგორც ის, რომ, აი, თუნდაც ახლა სექტემბერ-ოქტომბერში გადამწყვეტი გამარჯვება ახლოსაა და ნაცოპოზიცია გაიმარჯვებს"

რაც შეეხება მდინარაძის წასვლას, როგორც ჩანს, დაინახა, რომ მისი პოტენციალი ამ ეტაპზე - საშუალო თუ გრძელი ვადით, პოლიტიკაში ამოწურულია. შესაბამისად, გარკვეული ფიქრისა და განსჯის შემდეგ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უთხრა მედიას. ამის შემდეგ იწყება ეს კასკადი სხვადასხვა მონაჭორებისა, რომელსაც სერიოზულად არ უნდა მიექცეს ყურადღება.

„რეზონანსი": გაჩნდა ვერსია, რომ „ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი პრემიერის გადაყენებას აპირებს. რამდენად რეალურია ეს?

გ.ა: რაც შეეხება კობახიძის გადაყენებას, ეს დიდი ხნის ნატვრაა რადიკალურ ოპოზიციაში, თუმცა ეს ისეთივე პროექტად რჩება „ქართულ ოცნებასთან" დაპირისპირებულთა წრეებში, როგორც ის, რომ, აი, თუნდაც ახლა სექტემბერ-ოქტომბერში გადამწყვეტი გამარჯვება ახლოსაა და ნაცოპოზიცია გაიმარჯვებს.

სამწუხარო რეალობაა ის, რომ პოლიტიკური პროცესები ჯეროვნად და სიღრმისეულად არ ფასდება, თუნდაც ოპოზიციური ფლანგიდან ისე, რომ აქცენტები იყოს სერიოზულ თემებზე, უფრო მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოს აქვს. ამის ნაცვლად, ჩვენ გვხვდება სოციალურ-ტელეეთერული ჭორაობა, ლაზღანდარობა და აბსოლუტურად იკარგებიან ამ სამარცხვინო ორომტრიალში ისინი, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ.

„რ": როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტმა შეიწყალა პატიმრები, მათ შორის აქციების დროს დაკავებულებიც. ოპოზიციაში ამბობენ, რომ აქციების დროს დაჭერილ პოლიტპატიმრებს ყველას გაუშვებენ, ვინც შეწყალებას მოითხოვს, რადგან დასავლეთთან ურთიერთობა დაალაგონ. რას ფიქრობთ ამაზე?

გ.ა: მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ზოგიერთი პატიმარი ძალადობრივი დანაშაულისთვის იმყოფება საპატიმრო ადგილებში. ხელისუფლებას რომ ნდომოდა, როგორც ამას რადიკალური ოპოზიცია აცხადებს - დასავლეთთან ე.წ. დალაგება, მაშინ ეს საკმაოდ მოკლე ხანში მოხდებოდა და ამას გააკეთებდა პრეზიდენტი თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე.

მაგრამ შევახსენებ ძალიან შერჩევითი მეხსიერების მქონე პოლიტიკურ აქტორებს, რომ დღიდან დაკავებისა, ასეთ პოლიტიკურ, ძალადობრივ, ექსტრემისტულ აქტივისტებზე ხელისუფლების არაერთმა წარმომადგენელმა უთხრა - მოინანიონ, აღიარონ დანაშაული და შესაბამის კეთილ ნებასაც გადადგამს ხელისუფლება, რაც გააკეთა ღარიბაშვილმა.

მე არ ჩავერთვები იმ არაჯანსაღ სპეკულაციაში, რომ ამით ისინი აღიარებენ ლეგიტიმურ ხელისუფლებას თუ არ აღიარებენ. ამით არაფერი იცვლება, ხელისუფლება არის ყველა არჩევნების შემდეგ ლეგიტიმური. ის, რომ გარკვეული ადამიანები აღიარებენ თავიანთ დანაშაულს, იმედისმომცემია, მაგრამ ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ იმას, რომ ზოგიერთი შეიძლება გამოსწორდეს, ან არ გამოსწორდეს და ხელახლა ჩაიდინოს ექსტრემისტული დანაშაული.

ეს არა მხოლოდ ჩემი პირადი, არამედ საზოგადოების უმრავლესობის სურვილია, აქტივისტებმა გარე თუ შიდა რადიკალურ ძალებს, რომლებსაც მათდამი სოლიდარობა რეალობაში არ აქვთ, საკუთარი თავი არ გამოაყენებინონ. ვისურვებდი, არაერთმა გააცნობიეროს საკუთარი დანაშაული, აღიაროს, მოინანიოს და შეუდგეს ნორმალურ ცხოვრებას. ამისთვის პირობებს ნამდვილად აძლევს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება.

„რ": ცხინვალის რეჟიმი თბილისს ახალ რეალობასთან შეგუებას და ოკუპირებული რეგიონების აღიარებას სთხოვს. ამას რას უკავშირებთ? ეს ერთი ჩვეულებრივი მოწოდებაა, როგორც არის ხოლმე?

გ.ა: ნებისმიერი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი აფხაზეთში თუ ცხინვალის რეგიონში პერიოდულად ამას აყენებს დღის წესრიგში, ისევე როგორც სხვა პირობებს ე.წ. ცეცხლის განუახლებლობაზე და ასე შემდეგ. ეს ნამდვილად ახალი არ არის. მოგეხსენებათ, ამჟამინდელი ხელისუფლებაც ამას ყურადღებას არ აქცევს და მიდის იმ კურსით, რასაც ჰქვია ნელი, ბუნებრივად ნელი, მაგრამ მშვიდობიანი პროცესი, რასაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჰქვია.

ნებისმიერი მარიონეტი ამ სეპარატისტულ რეგიონებში რას იტყვის მოსკოვის კარნახით, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და სიახლე ნამდვილად არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×