რეზონანსი
26.08.2026

უგზო-უკვალოდ დაკარგული კიდევ ერთი ბიჭის დედის ემოციური სტატუსი გამოქვეყნდა ამ დღეებში. ინგა ფერაძე შვილს, თორნიკე დალაქიშვილს 2 წელზე მეტია, ეძებს: "მეც უშედეგოდ ვეძებ ჩემ შვილს - თორნიკე დალაქიშვილს, რომელიც 2024 წლის 25 აპრილს დაიკარგა ნინოწმინდის ტერიტორიიდან და ჯერაც არ გამოჩენილა. ვერც ცოცხალი ვნახეთ, ვერც მკვდარი,"- დაწერა მან.

"კვირის პალიტრა" ინგა ფერაძეს დაუკავშირდით და მან დეტალურად მოჰყვა მისი შვილის გაუჩინარების ამბავი:

" თორნიკე შემდგარი და ნიჭიერი ახალგაზრდა კაცია. დაამთავრა ილიას უნივერსიტეტი მიკროელექტრონიკის სპეციალობით, იცის რამდენიმე ენა, ძალიან განათლებული და ნაკითხია. მამამისს ჰქონდა ელექტრომონტაჟების კომპანია და გადაიბარა მისი საქმე. ასევე, მან დააფუძნა თავისი კომპანია, ჰყავდა ბრიგადა, რომელიც საკმაოდ დიდ ორგანიზაციებში ელექტრომონტაჟს აკეთებდა. ძალიან მგრძნობიარე ადამიანია. რამდენიმე წლის წინ შევამჩნიეთ დეპრესიული მომენტები, ოთახში ჩაიკეტებოდა და არავისთან უნდოდა კომუნიკაცია - არც მეუღლესთან, არც შვილთან, არც დედასთან... უფრო ზუსტად, სულ უკონტაქტო არ იყო, მაგრამ ზედმეტი კომუნიკაცია აღიზიანებდა, ამიტომ რაღაც დისტანციურად ვიყავით მასთან. მისმა ასეთმა მდგომარეობამ განაპირობა უთანხმოება მეუღლესთან და მეუღლემ გადაწყვიტა ურთიერთობაში პაუზა აეღო, - მერე დრო გვაჩვენებსო. ოფიციალურად განქორწინებულები არ არიან, უბრალოდ გადაწყვიტეს, რაღაც პერიოდით ცალ-ცალკე ეცხოვრათ.

დაკარგვამდე ოთხი-ხუთი დღით ადრე შევამჩნიე ისევ ჩაკეტილობა, არ უნდოდა კომუნიკაცია. ჩემი ქალიშვილი ამერიკაშია და მას ვუთხარი, არ მომწონს თორნიკეს მდგომარეობა-მეთქი. მითხრა გეჩვენებაო. დეპრესიული იყო, მაგრამ არ იმჩნევდა. ეტყობა, შინაგანად ძალიან რომ გაუჭირდებოდა, რაღაც პერიოდი ჩაიკეტებოდა ხოლმე, მაგრამ საკუთარ თავზე სულ მუშაობდა...

ძალიან დიდ ობიექტზე ჰქონდა შემოთავაზება წალკაში - ნავთობტერმინალზე. ისეთი ობიექტია, უსაფრთხოების ზომები რომ უნდა დაიცვა, ტრენინგები და პირველადი სამედიცინო შემოწმება უნდა გაიარო. ყველაფერი გაიარა თავის ბრიგადის ბიჭებთან ერთად. იმ დღეს, ორშაბათს, აპირებდა შესვლას იმ ობიექტზე, რომ სამუშაოები შეესრულებინა და პროექტი დაესრულებინა. აფორიაქებული ჩანდა, ვუთხარი, დედა, შეძლებ ამ ყველაფერს-მეთქი? ბიჭები იმუშავებენ, იქ სასტუმროა და მე ჩემს თავთან ვიმუშავებ, პერიოდულად დავხედავო. 

იმ დილით გამოიძახა მძღოლი. წალკას რომ გასცდნენ, თურმე, მძღოლს უთხრა, - წინ იარეო, ნინოწმინდისკენ გადაახვევინა. მძღოლმა ჰკითხა, თურმე, თორნიკე, მგონი ჩვენ გავცდით იმ ობიექტს, მეც ზუსტად არ ვიცი გზა და მამაშენს დავურეკოთო. როგორ არ ვიცი, მიდი, მიდი, წინ იარეო. თუმცა მძღოლი არ მოეშვა და ფარავნის ტბასთან რომ მივიდნენ, თორნიკემ უთხრა, კარგი, მოაბრუნე მანქანა, მაგრამ ცოტა ხნით გამიჩერეო. მძღოლმა იფიქრა, ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება უნდოდა და გაუჩერა. ამბობს, რომ გავხედე, ძუნძულით შევარდა ფარავნის მიმდებარედ ტყეში და უკან არ გამოვიდაო. რომ არ გამოჩნდა, დარეკა ჩვენთან და ძებნა დავიწყეთ. ჩვენც ვიარეთ იქ. არ არის ისეთი დაბურული ტყე, რომ ვერ გამოხვალ. აზიდული ხეებია, ხილვადობა საკმაოდ კარგია. მძღოლი ასაკით მასზე დიდია, თან გულის პრობლემები ჰქონდა, ჩემი მეუღლის დეიდაშვილია. გამოდევნების ძალა მას არ ჰქონდა...

მისი თანამშრომლებიც მალევე მოვიდნენ იმ ადგილას და დავიწყეთ ძებნა, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. მეც ვუთხარი, დაანებეთ თავი, მარტოობა უყვარს და გამოჩნდება-მეთქი. ვერც დავუშვი, რომ ასეთი რამე შეიძლება მომხდარიყო. რომ გავიდა 24 საათი და არ გამოჩნდა, ამის მერე დავრეკე 112-ში - მაშინვე რატომ არ დაგვირეკეთო, მითხრეს...

გამოძიება დაიწყო. ჩვენც ავედით, ტყეში ვიპოვეთ მისი ტანსაცმელი - რაც ეცვა ტანზე იმ დღეს, ის ჰქონდა გახდილი... საყურადღებოა ის, რომ სანამ დაიკარგებოდა, ორი დღით ადრე, 2024 წლის 23 აპრილს, ჩვენს სახლთან მაღაზიის კამერებმა დააფიქსირა, რომ თორნიკე სახლიდან გამოვიდა ორი ჩანთით, ერთი ზურგჩანთა იყო და მეორეში კი ტექნიკა ჩააწყო, მისი სამუშაო ლეპტოპი, ახალი ტელეფონი ჰქონდა შეძენილი. ერთი სმარტფონი სახლში დარჩა და ის ჩავაბარე გამოძიებას, თუმცა ვერაფერი გაიგეს. ასევე, სახლში ვერ ვიპოვე ჩემი შვილის სათვალეები, ორი საათი და მისი პირადი ნივთები...

კამერებით ჩანს, რომ თამარაშვილის ქუჩაზე საცალფეხო ბილიკია სამანქანო გზას შორის და იმ საცალფეხო ბილიკში ჩადის და ბუჩქებში მალავს ამ ჩანთებს. მერე ეს ჩანთა სად წავიდა, არ ვიცით. თუ ჩემს შვილს აქვს ეს ჩანთები, ეს უკვე სიმშვიდის საფუძველს მოგვცემდა და ვიფიქრებდით, რომ გადაწყვიტა მარტო ცხოვრება და წავიდა. მაგრამ ამას ვერ ვადგენთ - ანუ ის ჩანთები მოიშორა თუ გამიზნულად გაიტანა, რომ მერე წაეღო, ეს დაუდგენელია.

დაიკითხა ყველა ადამიანი, ვისაც ჩემს შვილთან შეხება ჰქონდა, მაგრამ არაფერი საეჭვო არ აღმოჩნდა. არც ვალი ჰქონდა, არც მტერი ჰყავდა, არც კაზინოში თამაშობდა. თვითონ ის ტყე, სადაც დაიკარგა, ძირფესვიანად შევისწავლეთ. დიდი სამეგობრო ჰყავს და მოხალისეებიც ჩაერთნენ ძებნაში, სულ ფეხდაფეხ შემოიარეს იქაურობა.

აქვს პასპორტი. საკრედიტო ბარათები და თანხა, რაც ჰქონდა ჯიბეში, იმ დღეს ყველაფერი დაჭრა და დაწვა ფარავნის ტბასთან. დანაზოგს არ ვგულისხმობ - ჯიბის ფულად რაც ჰქონდა, ანუ ჯიბეში რაც ჰქონდა, წვრილი თანხა.

ერთადერთი ვერსია მაქვს. აქციებზე მან მეგობარს უთხრა, ჩვენიანი სასულიერო პირი გავიცანიო. მე ვთვლი, რომ ალბათ თანამედროვე გაგების ადამიანი იგულისხმა. ძალიან მაგარი ადამიანია წალკაშიო - ამბობდა. წალკაში მოქმედი სასულიერო პირია მამა პაისი - ზუსტად იმ ტერიტორიასთან ახლოს, სადაც ჩემი შვილი დაიკარგა. მამა პაისი, რა თქმა უნდა, გამოიკითხა. თქვა, რომ არაფერი იცის. რამდენჯერმე მიმდებარე ტერიტორიაზე გადაცმული ადამიანებიც შევიდნენ ვითომ სათევზაოდ იყვნენ. გამოვიდა ერთ-ერთი სასულიერო პირი და უთხრა, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ. იქაურობის დათვალიერების საშუალება არ მოგვცეს. ვამბობდი, იქ წავალ, დავწვები და ვიყვირებ-მეთქი, მაგრამ სასულიერო პირმა დაიჩოქა და თქვა, ჩემთან არ არის თქვენი შვილიო. სხვა ვერაფერს ვშვრებით.

 მეორე ვერსია არის ის, რომ გადავიდა სომხეთის ტერიტორიაზე, უკანონოდ დატოვა საზღვარი, ჩემი აზრით, იქ სადღაც მუშაობს. კომპიუტერის კარგი სპეციალისტია და ენებიც იცის.

კიდევ ერთი ვერსიაა, რომ შეიძლება იყოს რომელიმე ტაძარში. პირადად მქონდა გასაუბრება ეკლესიაში თავშეფარებულ ადამიანებთან. ზოგიერთი მეუბნება, როგორ მალავდნენ მღვდელმსახურები - რომ ჰკითხო, შეიძლება არ თქვანო. კვლავ დავდივარ, ზარზმაშიც ვიყავი, ყველგან ვეძებთ, მაგრამ არ გაჭაჭანებენ ახლოს მონასტრებში მისულს. რომ მიდიხარ, ფოტოს აჩვენებ და ეუბნები შენ სიტუაციას, არც ფოტოს უყურებენ გულდასმით, გეუბნებიან, რომ სამწუხაროდ, შვილები ტოვებენ ოჯახს, ეს მისი გადაწყვეტილებაა, თქვენ ილოცეთ და ის აუცილებლად დაბრუნდება.

ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა საპატრიარქოსთანაც, უშუალოდ დავუკავშირდით შორენა თეთრუაშვილს, მან დაიბარა წალკის ტაძრის მსახურები და ისინი უარყოფენ, ჩვენთან არ არისო. მაგრამ ეს ხდება პირადად ჩვენი ინიციატივით, ოფიციალური უწყებების მიმართვა იქ არ ყოფილა. ჩვენი ნაცნობების წრეში ვკითხულობთ. ვეძებ ყველგან, თუ სადმე ვარ, აეროპორტში, ვყვები რომ შვილი მყავს დაკარგული, იქნებ ვინმემ თვალი მოკრას, იქნებ ვინმესთან ცხოვრობდეს უჩუმრად. ყველგან ვეძებ ჩემს შვილს. უკონფლიქტო ადამიანია, არ არსებობდა მას ეჩხუბა ან ვიღაცას რამე არ მოწონებოდა და ამის გამო რამე მომხდარიყო. ასეთ ადამიანს შეუძლია იყოს თავისთვის ჩუმად და იმუშაოს და თავისი საარსებო შეიქმნას. შეიძლება სადმე ზის და მუშაობს", - განაცხადა ინგა ფერაძემ.

"კვირის პალიტრა" 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×