რეზონანსი
28.08.2026

მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 226 პირიდან ცხრა, აქციების დროს დაკავებული მსჯავრდებულია. მათ შორის არის საბა ჯიქია, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმისთვის 4 წლით და 6 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს გურამ ხუტაშვილმა და დანიელ მუმლაძემაც. მათ რუსთაველზე 112-ის კამერების დაზიანებას ედავებოდნენ. გათავისუფლდა აქციების დროს აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული დავით ხომერიკი. ასევე, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, რომელსაც გამოძიება პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებას ედავებოდა.

შეწყალება შეეხო 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ სიმონ მახარაძეს, ავთანდილ თოფჩიშვილს და თორნიკე მჭედლიშვილსაც. ყველა მათგანმა დანაშაული აღიარა და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა, რის საფუძველზეც ჰუმანური აქტი განხორციელდა.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, აქციების დროს დაკავებულმა პირების ნაწილმა გაიაზრეს თავის დანაშაული და პრეზიდენტის პასუხმაც არ დააყოვნა.

„ეს არის ჰუმანური აქტი. ადამიანები, რომლებიც ზოგი გააზრებულად, ზოგი გაუაზრებლად, ვინაიდან შეცდომაში შეიყვანეს, ძალადობდნენ აქციების დროს, თუ მოინანიებენ თავიანთ დანაშაულს, სახელმწიფო გადადგამს შემხვედრ ნაბიჯს. პრეზიდენტმა ეს ყველაფერი დაადასტურა. სასიხარულოა, რომ ადამიანთა გარკვეული რაოდენობა საღად აზროვნებს და პატივს სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს, კარგად იაზრებს, თუ რა დანაშაული აქვთ ჩადენილი და შესაბამისად, ითხოვენ შეწყალებას - პასუხმა არ დააყოვნა.

იგივე შეგვიძლია ვთქვათ დანარჩენ მოქალაქეებზეც - ვინც ანალოგიური დანაშაულისთვის არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მათაც უნდა გადახედონ ყველაფერს, უნდა გაიაზრონ, რომ არ შეიძლება დანაშაული ჩაიდინო სახელმწიფოს წინაშე, არ შეიძლება პოლიციელებზე ძალადობა, რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობის მიღება, ეს ყველაფერი პასუხგაუცემელი ვერ დარჩება. თუ ისინი ამ ყველაფერს გაათვითცნობიერებენ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო საპასუხო ნაბიჯს გადადგამს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×