ნატალია ჯვარიძე
27.08.2026

მმართველ გუნდთან დაპირისპირებულ ექსპრემიერს ირმა ინაშვილი „პატრიოტთა ალიანსში" გაწევრიანებასა და ერთობლივი პოლიტიკური ბრძოლის დაწყებას სთავაზობს. ინაშვილის თქმით, ღარიბაშვილი შიდაპარტიული კლანური დაპირისპირების მსხვერპლია. ექსპერტთა ნაწილი ამ შეთავაზებას არარეალურსა უწოდებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ იზოლირებული ექსპრემიერისთვის პროცესების ციხიდან მართვა პრაქტიკულად შეუძლებელია.

„მრავალჯერ მითქვამს, რომ ღარიბაშვილი მსხვერპლია! მსხვერპლია კობახიძის ცრუ დაბეზღებების, მსხვერპლია კობახიძის ცილისწამებების, მსხვერპლია კობახიძის ცრუ ჩურჩულის, მე ცალსახად მჯერა, რომ სწორედ კობახიძე-მდინარაძის ჯგუფი ცდილობს ღარიბაშვილის სრულ განადგურებას და სწორედ ამ ჯგუფმა შეუგზავნა ღარიბაშვილს ციხეში წერილი.

დარწმუნებული ვარ, რომ ბურჭულაძეც და მხეიძეც მძიმე წნეხში მოაქციეს, მათ ამ წნეხს ვერ გაუძლეს და იძულებით მისცეს ცრუ ჩვენება, აკი პრემიერმა კობახიძემ გვითხრა: რაც მოხდება, ღარიბაშვილისთვის ცუდი იქნებაო.

სხვადასხვა მოსაზრებებს ვისმენდი ბოლო დღეების მანძილზე და მე ყველა კუთხით გავაანალიზე არსებული ვითარება. სწორედ ამ ვითარებიდან გამომდინარე, ღარიბაშვილს ვურჩევ პოლიტიკური ბრძოლის დაწყებას. ის კობახიძე-მდინარაძის პოლიტიკური პატიმარია და გამოსავალიც მხოლოდ ერთია - გამოსავალი პოლიტიკური ბრძოლაა!

  • გია აბაშიძე:„ძალიან მეეჭვება, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი უახლოესი პოლიტიკური თანამებრძოლებისთვის მომავალში ასეთი არაპოპულარული პარტია იყოს ასპარეზის დასაწყისი"

ჩვენი პარტიის - პატრიოტთა ალიანსის ირგვლივ 50-მდე ორგანიზაციაა გაერთიანებული, ზოგი ძალიან პატარაა, ზოგი-დიდი, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა. საჯაროდ ვთავაზობ ღარიბაშვილს, - შემოგვიერთდეს და დავიწყოთ ახალი პოლიტიკური პროცესი.

რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ ჩემს უკან არასდროს არ მდგარა ღარიბაშვილი და რომ მე ყოველთვის საჯაროდ ვმოქმედებ და აი, ახლაც საჯაროდ ვაცხადებ, რომ მხოლოდ სამართლებრივი კი არა, პოლიტიკური ბრძოლაა საჭირო! მე არ ვიცი, ღარიბაშვილს მოეწონება თუ არა ეს აზრი ან გაიზიარებს თუ არა ამ აზრს, სხვათა შორის, ამ განცხადებით წინასწარ ვუჭრი გზას კობახიძე-მდინარაძეების ცრუ ბრალდებებს, ცილისწამებებსა და ხაფანგებს," - წერს ირმა ინაშვილი.

ანალიტიკოსი გი აბაშიძე ფიქრობს, რომ ღარიბაშვილის მიერ პოლიტიკური პროცესების დაწყება, თან ირმა ინაშვილთან ერთად, არარეალურია.

„ძალიან მეეჭვება, პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი მომავალი ოპოზიციური პოლიტიკური პლატფორმისთვის აირჩიოს სრულიად არაპოპულარული „პატრიოტთა ალიანსი". გვახსოვს, რომ ეს პარტია დაიშალა სხვა გაერთიანებასთან კოალიციაში - ვგულისხმობ კონსერვატორებსა და ეგრეთ წოდებულ „ალტ-ინფოს". აშკარად ჩანს, რომ „პატრიოტთა ალიანსის" ყოფილი მხარდამჭერები ძალიან მწარედ აკრიტიკებენ როგორც ირმა ინაშვილს, ასევე თარხან-მოურავს. ეს უკვე მათი პარტიულ-რეიტინგული პრობლემა და იმ არასწორი გათვლების ბრალია, რომლებიც, თუ არ ვცდები, 2020 წლის არჩევნების დროს მიიღეს, როდესაც პირველი ოთხი თუ ხუთი კანდიდატი არ შევიდა პარლამენტში, ხოლო მოგვიანებით სხვები შევიდნენ და მათ შექმნეს სოციალისტური პარტია, ვგულისხმობ ფრიდონ ინჯიასა და სხვებს.

  • ნიკა ჩიტაძე: „ ინაშვილის მიმართ მაშინ კითხვა ჩნდება - რატომ განიხილავს პოტენციურ მოკავშირედ ღარიბაშვილს, რომელსაც, ასე ვთქვათ, ქრთამი აქვს აღებული და ხალხის ხარჯზე მილიონობით თანხას ითვისებდა?!"

შესაბამისად, როდესაც ისეთი გამოცდილი პოლიტიკოსი, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილია ფსონს დებს ასეთ ურეიტინგო მოკავშირეზე, ეს უკვე მისი პრობლემაც იქნება. რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური აქტორი, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, ემზადება 2028 წლის არჩევნებისთვის და გარკვეული გადაჯგუფებები მიმდინარეობს, მაგრამ პრაგმატული და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი ირჩევს იმ პერსპექტიულ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მასაც გამოადგება, პარტიასაც და ასე შემდეგ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან მეეჭვება, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი უახლოესი პოლიტიკური თანამებრძოლებისთვის მომავალში ასეთი არაპოპულარული პარტია იყოს ასპარეზის დასაწყისი. შესაბამისად, ერთი არსებობს სურვილები, მეორეა რეალობა და მესამე რეალური პერსპექტივები. ასე რომ, მე ვერ ვხედავ იმ პოლიტტექნოლოგიურ სარგებელს, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი „პატრიოტთა ალიანსზე" დაყრდნობით მიიღებს.

რა თქმა უნდა, როგორც საქართველოში, ისე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ნებისმიერი პარტია, იქნება ეს ოპოზიციაში თუ მმართველ გუნდში ეძებს შემომწირველებს, დონორებსა და სპონსორებს. ასეა „პატრიოტთა ალიანსის" შემთხვევაშიც და ეს გამონაკლისი ნამდვილად არ არის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.

ერთი არსებობს სურვილი, გამოიყენონ ღარიბაშვილის მრავალმხრივი და არა მხოლოდ ფინანსური რესურსები, ხოლო მეორეა, თავად ღარიბაშვილი რას ფიქრობს. იცით, ეს რას მაგონებს? დაახლოებით მრავალი წლის წინანდელ ამბავს, როდესაც სააკაშვილის დროს შალვა ნათელაშვილმა თავისი პრემიერობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილი დაასახელა. ბუნებრივია, მაშინ ივანიშვილი არ იყო პოლიტიკაში, ამას სერიოზული პასუხიც არ გაეცა, მაგრამ რატომღაც ეს სასაცილო ამბავი გამახსენდა - საჯარო მოწოდება გააკეთონ ალიანსზე, თუმცა შემდეგ ვხედავთ, რომ ამ ალიანსს არანაირი რეალური მომავალი არ ექნება.

მინდა, ასე იყოს იქიდან გამომდინარე, რომ პრაგმატულად ვუყურებ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკოსობას და ცალკე ვუყურებ მის იმ დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც თავად აღიარა, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი მიუსაჯა და კიდევ რა ელის მას ახალ საქმეზე - ეს უკვე სულ სხვა თემაა. შესაბამისად, თუ მას 11-წლიანი პატიმრობა ემუქრება, რა უახლოეს პოლიტიკურ კარიერაზეა საუბარი?",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე კი ამბობს:

„ინაშვილთან პოლიტიკური პროცესესების დაწყება არის რეალური, იმიტომ რომ ღარიბაშვილი გასულია ყველანაირად. აქედან გამომდინარე, მას ახლა არ ჰყავს მხარდამჭერები. ინაშვილის მიმართ მაშინ კითხვა ჩნდება - რატომ განიხილავს პოტენციურ მოკავშირედ ღარიბაშვილს, რომელსაც, ასე ვთქვათ, ქრთამი აქვს აღებული და ხალხის ხარჯზე მილიონობით თანხას ითვისებდა?!

ამიტომაც, კობახიძესთან აშკარა ბრძოლაა, თითქოს ღარიბაშვილს არავინ არ ჰყავს მომხრე „ოცნებაში". „ოცნებაში" ვინც არის პირველ რიგში, ივანიშვილს უჭერს მხარს, იმიტომ რომ ივანიშვილი არის ფულის გარანტი. ნაკლებად არის იქ კობახიძის კლანი ან ღარიბაშვილის ჯგუფი, თუმცა კლანური დაპირისპირება არსებობს, მაგრამ ყველა ცდილობს ერთმანეთს დაუმტკიცოს ერთგულება ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

ამიტომაც, პერსპექტივა ნაკლებია. მით უმეტეს, ღარიბაშვილი ციხეში იმყოფება და იქიდან, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პროცესებს ვერ მართავს",- უთხრა ჩიტაძემ „რეზონანსს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×