რეზონანსი
27.08.2026

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იმ აბიტურიენტების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, თუ რამდენმა აბიტურიენტმა ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და ასევე, რამდენმა გადალახა, თუმცა ვერ ჩაირიცხა ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წელს გამოცდებზე გამოცხადებული 39 689 აბიტურიენტიდან 34 150 ჩაირიცხა უმაღლეს/პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, 1 795 გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა ვერ ჩაირიცხა ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რადგან აირჩია მხოლოდ ერთი, ორი ან რამდენიმე პროგრამა, რომელზე ჩარიცხვისათვისაც მიღებული ქულები არ აღმოჩნდა საკმარისი, მის მიერ შერჩეულ პროგრამებზე მაღალი კონკურსის გამო; 3 744 აბიტურიენტმა კი ერთ ან რამდენიმე საგანში ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე რეფორმის შედეგად 34 150 აბიტურიენტიდან სწავლას სახელმწიფოს სრული დაფინანსებით განაგრძობს 20 679 (60.55 %) აბიტურიენტი, მათგან: საბაკალავრო პროგრამები/სახელმწიფო - 17862 (52.30%) პროფესიული პროგრამები/სახელმწიფო - 1322 (3.87%); ქართულ ენაში მომზადების პროგრამა/სახელმწიფო - 1495 (4.38%).

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია 2026 წლის ეროვნული გამოცდების ფარგლებში ჩარიცხვებთან დაკავშირებით.

ჩარიცხვის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მიღებული შედეგებისა და თითოეულ პროგრამაზე მიმდინარე კონკურსის გათვალისწინებით, აბიტურიენტის მიერ შესაბამისი ცვლილებების განხორციელება პროგრამათა რეიტინგულ სიაში. სწორედ ამიტომ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე აბიტურიენტს კიდევ აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ქულების გათვალისწინებით, საბოლოო ცვლილებები განახორციელოს პროგრამათა რეიტინგულ სიაში. კერძოდ, შეცვალოს პრიორიტეტები, დაამატოს სრულიად ახალი საბაკალავრო თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რითაც იზრდება ჩარიცხვის შანსი. აღნიშნული მიდგომა არახალია და წლებია ამ პრინციპით ხდება აბიტურიენტთა ჩარიცხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. აქვე შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტს აქვს საშუალება, თავის პირად გვერდზე, რეიტინგულ სიაში შეუზღუდავად შეიტანოს საგანმანათლებლო პროგრამები, თუმცა ხშირია შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტი მხოლოდ ერთს, ან რამდენიმე პროგრამას ირჩევს, რაც ავტომატურად ამცირებს ჩარიცხვის შანსებს. ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეთ დროს, იმისდა მიუხედავად, რომ აბიტურიენტს თითოეული საგნისათვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახული აქვს, ის ვერ ირიცხება ვერცერთ პროგრამაზე.

გაცნობებთ, რომ 2026 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადდა 39 689 აბიტურიენტი. აქედან: 34 150 აბიტურიენტი ჩაირიცხა უმაღლეს/პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე; 1 795 აბიტურიენტმა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა ვერ ჩაირიცხა ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რადგან აირჩია მხოლოდ ერთი, ორი ან რამდენიმე პროგრამა, რომელზე ჩარიცხვისათვისაც მიღებული ქულები არ აღმოჩნდა საკმარისი, მის მიერ შერჩეულ პროგრამებზე მაღალი კონკურსის გამო; 3 744 აბიტურიენტმა ერთ ან რამდენიმე საგანში ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ტრადიციულად უზრუნველყო ქვეყნის მასშტაბით ერთიანი, ობიექტური და გამჭვირვალე საგამოცდო პროცესის ორგანიზება და მოქმედი წესებისა და წინასწარ განსაზღვრული პრინციპების სრული დაცვით აბიტურიენტთა ჩარიცხვა. ცენტრი მოუწოდებს კონკრეტულ პირებსა და მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ცრუ ბრალდებებისა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×