ნატალია ჯვარიძე
28.07.2026

ევროკავშირში კონსენსუსის წესის გაუქმების საფრთხესა და საქართველოს საგარეო კურსზე საუბრისას, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება" ევროინტეგრაციაზე უარს ვერ იტყვის. მისი თქმით, კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევა მმართველ გუნდს მნიშნელკოვნად დააზიანებს.

საუბარია გერმანიის მიერ ინიცირებულ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში მნიშნელოვანი გადაწყვეტილების მიღება არა კონსენსუსით, არამედ უბრალო უმრავლესობით მოხდება. „ქართულ ოცნებაში" ეს დაუშვებლად მიაჩიათ დამიანიშნებენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროინტეგრაციის პოლიტიკა შეიძლება გადაიხედოს.

ზაალ ანჯაფარიძე: სხვათა შორის, ეს მარტო გერმანიის ინიციატივა არ არის, საფრანგეთის ინიციატივაცაა. აქ არის ერთი ასეთი საჩოთირო მომენტი, რომ თუკი კონსენსუსის პრინციპი გაუქმდება, მაშინ მართლაც გამოვა ისე, რომ ევროკავშირის ძლიერ სახელმწიფოებს შეეძლებათ გაიტანონ მათთვის საჭირო გადაწყვეტილებები მცირე ქვეყნების თანხმობის გარეშე.

  • „ოცნება" ვერ წავა კონსტიტუციის წინააღმდეგ, სადაც გაწერილია 78-ე მუხლი... მაშინ ოპოზიციას უფრო მეტი არგუმენტი ექნება - აი, ჩვენ „ოცნებას" ვებრძვით, რადგან ის კონსტიტუციას არღვევს."

ადრე, როდესაც ევროკავშირი შეიქმნა, მაასტრიხტის შეთანხმების შედეგად, ერთ-ერთი მთავარი, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, მიმზიდველობა იყო ის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები თანხმდებოდნენ ყველა საკითხზე. ანუ, ყველა საკითხი, რაც დადგებოდა, კონსენსუსი უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილი.

ახლა გამოდის, რომ თუ, დავუშვათ, შეგროვდა რაღაც კვალიფიციური უმრავლესობა და ამის შეგროვების პრობლემა ევროკავშირის დიდ სახელმწიფოებს არ ექნებათ, მაშინ იმ ქვეყნების აზრი, რომლებიც ამას არ ეთანხმებიან, რაღაცნაირად ნიველირებული იქნებიან. ეს უკვე არღვევს იმ ძირითად პრინციპს, რაზედაც ეფუძნებოდა ევროკავშირი, როდესაც ეს გაერთიანება შეიქმნა. მემგონი ამას გულისხმობდა პაპუაშვილი, როდესაც საუბრობდა იმაზე, რომ ეს უკვე აღარ იქნება ისეთი ევროკავშირი, რომელიც თავის დროზე იყო.

„რეზონანსი": თქვენი აზრით, ამზადებს თუ არა „ოცნება" საფუძველს ევროინტეგრაციაზე უარის თქმისთვის?

ზ.ა.: ვიღაცამ შეიძლება ასე მიიჩნიოს, ვიღაცამ - ისე. მე პირადად არ მიმიჩნევია ასე, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება" ვერ წავა საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციის წინააღმდეგ, სადაც გაწერილია 78-ე მუხლი - რომ საქართველო უნდა გახდეს ევროატლანტიკური სივრცის წევრი. უბრალოდ ვერ წარმომიდგენია როგორ განხორციელდება ეს. მაშინ გამოდის, რომ ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს, ხომ? და „ქართული ოცნების" ინტერესებში არ მგონია ეს შედიოდეს. მაშინ ოპოზიციას უფრო მეტი არგუმენტი ექნება - აი, ჩვენ „ოცნებას" ვებრძვით, რადგან ის კონსტიტუციას არღვევს.

„რ.": ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლება კონსტიტუციიდან ამ მუხლის ამოღებას ცდილობდეს...

ზ.ა.: როგორ უნდა ამოიღონ, თუკი საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვთ პარლამენტში? 2028 წლამდე - სანამ ახალი არჩევნები ჩატარდება და იმ ახალ არჩევნებში კიდევ როგორი იქნება პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება, ეს კიდევ საკითხავია - ვერავინ ამ მუხლს კონსტიტუციიდან ვერ ამოიღებს.

„რ.": თქვენი აზრით, ქართული საზოგადოებისათვის რამდენად მისაღები იქნება ამ და სხვა მსგავსი გადაწყვეტილებების საბაბით ევროინტეგრაციაზე უარის თქმა?

ზ.ა.: ამას წინათ მე სხვა საკითხზე მქონდა დადებული ბლოგი, ვეძებდი ინფორმაციას და ვნახე „ენ-დი-აის" ჩატარებული ბოლო გამოკითხვა. იქ ჩამოთვლილი იყო ეროვნული მნიშვნელობის საკითხები, პრიორიტეტების მიხედვით. აღმოჩნდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ გამოკითხულთა 7%-ისთვის იყო მთავარი პრიორიტეტი.

საზოგადოებაში არსებობს აქტიური, შეგნებული, პროევროპული ნაწილი, მაგრამ არსებობს მეორე ნაწილიც, რომელიც ამ საკითხს ასე გამწვავებულად არ უდგება. კი, ზოგადად ეთანხმება ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ თუ ჩათვალა, რომ ეს გაწევრიანება შეიცავს რაღაც ნეგატიურ მომენტებს მისი სუვერენიტეტისთვის, ერის იდენტობისთვის და ასე შემდეგ, მაინცდამაინც წინააღმდეგიც არ იქნება, თუ ეს პროცესი დროში გაიწელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×