მარიამ ვეკუა
27.07.2026

ვაშინგტონსა და თეირანს შორის ორკვირიანი ინტენსიური საჰაერო ომი დროებით შეჩერდა, თუმცა, მშვიდობის ილუზია არავის აქვს. მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანზე იერიშები შეაჩერა, თეირანი აცხადებს, რომ მზადაა ცეცხლი შეწყვიტოს - მაგრამ, მხოლოდ იმ პირობით, თუ ამერიკული მხარე პოზიციას შეინარჩუნებს.

ოფიციალური ვაშინგტონი პაუზას „დიპლომატიისთვის მიცემულ შანსად" ფუთავს, თუმცა, კულისებს მიღმა არსებული ცნობები სულ სხვა სურათს ხატავს. როგორც ირანის მაღალჩინოსანმა კვირას „როიტერსს" განუცხადა, ირანი შეაჩერებს საპასუხო იერიშებს, სანამ შეერთებული შტატებიც იმავე პოზიციას შეინარჩუნებს.

ეს წინადადება ირანმა გააჟღერა მას შემდეგ, რაც აშშ-მა აქტიური ორკვირიანი იერიში დააპაუზა - პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩევლებმა მას აცნობეს, რომ სამიზნეები იწურებოდა და ამასთან, ამერიკული არსენალის შემცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს. აშშ-ის მიერ ირანზე 13-დღიანი გაძლიერებული საჰაერო იერიშების შემდეგ, პენტაგონმა კამპანია პარასკევს, გვიან ღამით შეაჩერა. შაბათსა და კვირას ამერიკული მხრიდან ახალი თავდასხმები არ დაფიქსირებულა.

თავის მხრივ, ირანმაც, რომელიც აშშ-ის ყოველღამეულ იერიშებს მეზობელ ქვეყნებში განთავსებულ ამერიკულ ბაზებზე საპასუხო დარტყმებით პასუხობდა, უკვე ორი დღეა ცეცხლი შეწყვიტა. როგორც ირანელმა ოფიციალურმა პირმა, ანონიმურობის პირობით, „როიტერსს" განუცხადა, თეირანის პოზიცია უცვლელია - „იერიშს იერიშით ვპასუხობთ: თუ თავდასხმები შეწყდება, ირანიც შეაჩერებს თავის ოპერაციებს. ეს გზავნილი შეერთებულ შტატებს უკვე გადაეცა".

გაეროში აშშ-ის ელჩმა, მაიკ უოლცმა, ამერიკულ მედიასაშუალებებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა თავდასხმების შეჩერების გადაწყვეტილება დიპლომატიისთვის მეტი დროის მისაცემად მიიღო. "ის [ტრამპი] მოლაპარაკებებს გარკვეულ სივრცესა და შანსს აძლევს", -განაცხადა უოლცმა, თუმცა დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა.

ერთ-ერთი ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით (რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა), აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნები ბოლო დღეებში გაფრთხილებას იძლეოდნენ, რომ გასული ორი კვირის განმავლობაში განხორციელებულმა ბომბდამშენმა კამპანიამ - რომლის მიზანიც ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობისთვის ირანული საფრთხეების პრევენცია იყო (ეს ვიწრო საზღვაო გზა ომის საკვანძო ცხელ წერტილად იქცა) წინასწარ შერჩეული სამიზნეების სია თითქმის სრულად ამოწურა.

ოფიციალური პირის ცნობით, ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების განახლება კვლავ დღის წესრიგში რჩება, თუმცა შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა დენ კეინმა ტრამპთან პირად საუბარში განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ,საბრძოლო მასალის მარაგების შემცირების გამო, მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული.

წყაროს ცნობით, ეს ასევე ეხება ახლო აღმოსავლეთში განთავსებული აშშ-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ გამოყენებულ ე.წ (გზაგადამჭრელ) რაკეტებს. კეინის ოფისმა და აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები, როგორც წესი, თავს იკავებენ მოქმედი პრეზიდენტისთვის მიცემული პირადი რჩევების გასაჯაროებისგან - მათ შორის, კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროსაც კი. უოლცმა აღნიშნა, რომ ამერიკულ არმიას „ყველაფერი აქვს, რაც სჭირდება", თუმცა იქვე დასძინა, რომ როდესაც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში თავდაცვის მდივნის პოსტი პიტ ჰეგსეთმა დაიკავა, მას „ამოწურული რესურსები დახვდა".

როგორც ირანელმა მაღალჩინოსანმა, ანონიმურობის პირობით, „როიტერსს" განუცხადა, თეირანს დიდი იმედი არ აქვს, რომ დარტყმების შეჩერების შესახებ ტრამპის გადაწყვეტილება აშშ-ის მოლაპარაკებების პოზიციაში არსებით ცვლილებას მოასწავებს.

„იერიშების შეჩერებასთან დაკავშირებით ოპტიმიზმზე მეტად სკეპტიციზმი ჭარბობს. გაბატონებული მოსაზრებით, ეს პაუზა ტაქტიკური ხასიათისაა და არა რეალური. ირანს საკმარისზე მეტი მწარე გამოცდილება დაუგროვდა იმასთან დაკავშირებით, რასაც ის ამერიკულ თაღლითობად და ტყუილად მიიჩნევს", - აღნიშნა წყარომ.

„გაურკვევლობაში გაჭედილები" გასული ორი კვირის განმავლობაში, ამერიკული ძალები ირანს ყოველღამე ბომბავდნენ, ვაშინგტონის განცხადებით, ეს იყო შურისძიება ჰორმუზის სრუტეში ირანის მიერ გემებზე განხორციელებული თავდასხმების გამო.

ირანულმა ძალებმა აშშ-ის იერიშებს სპარსეთის ყურის მეზობელ არაბულ ქვეყნებში წყლის (მტკნარი წყლის მწარმოებელ) ქარხნებზე დარტყმებით უპასუხეს. ირანი აცხადებს, რომ მისი მიზანია შეინარჩუნოს კონტროლი სრუტეზე, რომელზეც ომამდე გლობალური ნავთობის ექსპორტის მეხუთედი გადიოდა. აშშ-ის განახლებულმა სამხედრო კამპანიამ ფაქტობრივად წყალში ჩაყარა გასულ თვეს მიღწეული დროებითი შეთანხმება, რომელიც მიზნად ომის დასრულებას ისახავდა.

დარტყმების შეჩერების შესახებ ტრამპის გადაწყვეტილებას წინ პარასკევს გამართული შეხვედრა უძღოდა, სადაც, რამდენიმე მედიასაშუალების ცნობით, გენერალმა კეინმა და სხვა მაღალი რანგის სამხედრო თუ პოლიტიკურმა მრჩევლებმა შეშფოთება გამოთქვეს.

"სი-ენ-ენ"-ის ცნობით, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმაც გამოთქვა ეჭვები. ხოლო "აქსიოსიო" იუწყება, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ძალების მთავარმა სარდალმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა ), პრეზიდენტს ამერიკული ბომბდამშენი კამპანიის შეჩერების რჩევა მისცა, რადგან მან ეფექტიანობის მაქსიმუმს მიაღწია.

ირანის მოსახლეობა კვლავ შიშსა და დაძაბულობაში რჩება. თეირანელმა 49 წლის ნადერმა, რომელიც იმპორტ-ექსპორტის ბიზნესს ფლობს, „როიტერსს" ტელეფონით განუცხადა, რომ ეჭვი ეპარება დარტყმების პაუზის დიდხანს გაგრძელებაში: „ამ ქვეყანაში ყველა გაურკვევლობაშია გაჭედილი. ტრამპი ირანს ეთამაშება. ის არც ომს ასრულებს, რომ რეგიონი დატოვოს და არც საბოლოო, გადამწყვეტ დარტყმას აყენებს. ეს უბრალოდ დამქანცველია".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×