
რუსეთის სტავროპოლის მხარეში საქართველოდან მიმავალი ავტობუსისა და „კამაზი"-ის მარკის სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა , - ინფორმაციას რუსული მედია რეგიონულ სახელმწიფო საგზაო ინსპექციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაშავდა 24 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი. საგზაო პოლიციის ცნობით, ოთხი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ერთი რეანიმაციაშია.
ავტოსაგზაო შემთხვევა ადგილობრივი დაახლოებით დროით ღამის 1:00 საათზე, სოფელ ინოზემცევოსთან მოხდა.
„საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი Setra-ს ავტობუსის მძღოლმა არაუსაფრთხო სიჩქარე აირჩია და მის წინ მიმავალ „კამაზთან" უსაფრთხო მანძილი ვერ შეინარჩუნა, რამაც შეჯახება გამოიწვია და ავტობუსი თხრილში გადავარდა", - აცხადებენ სახელმწიფო საგზაო უსაფრთხოების ინსპექციაში.