რეზონანსი
29.08.2026

რეჟიმი ცდილობს გაგვტეხოს მორალურად: თქვი, რომ დამნაშავე ხარ და გაგიშვებ. ბრძოლის ხაზი ამაზე გადის. მშვიდობიანი ბრძოლის ხაზი ძირითადად ამაზე გადის, - წერს რადიკალი აქტივისტი, დავით ჩხეიძე, სოციალურ ქსელში.

მას მიაჩნია, რომ ახლაგაზრდების ციხეში წლობით გამოკეტვა ღირს. აქტივისტი, იმ პატიმრებს, რომლებსაც პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავთ, უწოდებს მტკიცე კლდეებს, რომლებზეც “სახარებისეულად დაშენდება საქართველოს მომავალი, როგორც სახელმწიფოსი და საზოგადოების”.

“პატიმრებმა, რომლებიც რეჟიმმა გაათავისუფლა, დაწერეს შეწყალება.

ამ ამბავს უნდა ავრცელებდეს არა მხოლოდ რეჟიმის პროპაგანდისტული მედია, არამედ თავისუფალიც.

ეს არც სასირცხვილოა და არც საამაყო.

როდესაც ვესწრებოდი განაჩენებს, ყველა მოსამართლე განაჩენის წაკითხვას ასე ამთავრებდა:

"მიმართეთ პრეზიდენტს შესაწყალებლად".

ნებისმიერი რეჟიმის მეხოტბე ცინიკურად იტყოდა:

"ნეტა აქამდე დაეწერათ!"

რეჟიმი ცდილობს გაგვტეხოს მორალურად: თქვი, რომ დამნაშავე ხარ და გაგიშვებ.

ბრძოლის ხაზი ამაზე გადის. მშვიდობიანი ბრძოლის ხაზი ძირითადად ამაზე გადის.

ამიტომ მიმართვა შეწყალებაზე რეჟიმს მიაჩნია საკუთარ გამარჯვებად. ამიტომ დადო "იმედმა" ნიშნის მოგებით. და გარკვეულწილად დარტყმა არის წინააღმდეგობისთვის;

მაგრამ არავის ამ ქვეყანაში, იმ პატიმრების გარდა, რომლებიც შეწყალებისთვის არ მიმართავენ რეჟიმს, არ აქვს უფლება, რომ ამ ნაბიჯს შეხედოს წყენით. 

განსაკუთრებით მათ, ვინც "დაკარგა" ბრძოლის აზრი. აწია ხელები და დანებდა.

ღირს პატარა ბიჭების წლობით ციხეში გამოკეტვა იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს გზამკვლევი ვარსკვლავები?

რა თქმა უნდა, ღირს. 

მაგრამ პირადად ადამიანის გადასაწყვეტია, ასეთი მსხვერპლის მიტანა უღირს თუ არა ამ საზოგადოების სამსხვერპლოზე - საკუთარი ცხოვრების საუკეთესო წლების.

ბედნიერი ვარ თუ არა, რომ პატიმრების ნაწილი თავისუფალია? უსაზღვროდ.

ამ ხელისუფლების მანიპულაციის მიმართ მაქვს თუ არა ბრაზი? ასმაგი.

ასმაგად უფრო მტანჯავს მათე დევიძე ციხეში. 

ასმაგად, რადგან წნეხი მათზე ვინც ციხეში რჩება მეტია - მათ შორის რეჟიმის:

"ნეტავ ადრე დაეწერათ!"

მაგრამ ჩვენ ეს რეჟიმმა არაერთხელ გამოგვატარა, როდესაც სასამართლოს ეზოში თერთმეტს სვამდა წლობით და ერთს უშვებდა, რომ ემოციურად გავენადგურებინეთ.

კოგნიტიური დისონანსით ჩვენი პარალიზება გამოეწვია. ბრძოლის ძალა დაგვეკარგა, გავშეშებულიყავით. 

ამიტომ არის რომ რამდენიმეს გამოშვებას გვაზეიმებს და ათეულობით უტეხი პატიმრის ცეცხლით გვწვავს.

მაგრამ ამ რეჟიმმა ერთ სიბრძნე არ იცის: თითოეული ჩვენგანის დაჩაგვრით, დაშინებით, გატეხით... შედეგი მისივე წიაღში დგება; 

ჩვენი ჩამუხვლა სადაც უხარია, შიგნით ასმაგად იმუხლებიან მისივე წევრები. ჩვენზე "გამარჯვებით", თავად მარცხდებიან. 

მათი ირონია, ბედის ირონიით მათვე უბრუნდებათ.

თუ არა და, თვალი გვაქვს და ვხედავთ, ყური გვაქვს და გვესმის. 

თავს იღუპავენ - მათე დევიძის ცოდვით.

და რადგან ცოდვაზე ვთქვი, ერთსაც ვიტყვი.

სულ რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ ყველა პატიმარს, ილია მეორიდან მოყოლებული, საპატიმროს ბოლო დღეს აჩუქებს პატრიარქი.თუ მაგალითად მოსჯილი გაქვს ხუთი წელი, მოგახდევინებენ და ბოლო დღეს ერთი დღით ადრე გიშვებენ - პატრიარქმა გაჩუქაო.

ფ.დოსტოევსკი არ არის ჩემი საყვარელი მწერალი, მაგრამ ერთ-ერთი უდიდესია მოაზროვნეთა შორის:

მისი დიდი ინკვიზიტორი არაფერია მსგავს მანიპულაციასთან - პატიმრის ბედით, განწყობით.

ტრადიცია გრძელდება და თუ ეკლესიას ღმერთთან მიახლოება უნდა, ეს წესი უნდა გაუქმდეს.

ადამიანის ცხოვრებით მანიპულაცია უდიდესი ცოდვაა, განსაკუთრებით მარიამობას - ქრისტეანისთვის.

მე სხვაგვარად ვერ მოგილოცავდით ღვთისმშობლის მიძინების დღეს, რომ არ მეთქვა, რა ბოროტებასთან გვაქვს საქმე - ერთი მხრივ, საბა ჯიქიას ციხიდან გამოშვებით და, მეორე მხრივ, მათე დევიძის ციხეში დატოვებით.

გილოცავთ!

ვულოცავ გათავისუფლებულ პატიმრებს!

და ვულოცავ პატიმრებს - მტკიცე კლდეებს, რომლებზეც სახარებისეულად დაშენდება საქართველოს მომავალი, როგორც სახელმწიფოსი და საზოგადოების!” - წერს დავით ჩხეიძე.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სულ 226 პირი შეიწყალა. მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ პატიმრებს შორის საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიც არიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×