„ჩვენი საზოგადოება არ არის მომწიფებული ნებისმიერი აზრის მოსასმენად. როცა შენ ბულინგი და გადავლა გტკივა, რაღაცნაირად უნდა შეძლო და სათქმელი მოზომო, მაგრამ არის კატეგორია, რომელთანაც ეს მოზომვაც არ ჭრის, მაინც გადაგივლის. გულსატკენი კომენტარები ჩემზეც დაუწერიათ. შევნიშნე ადამიანები, რომლებიც დაუნდობლები არიან სოციალურ ქსელებში, თავს უფლებას აძლევენ, ჭკუა დაგარიგონ ან გაგლანძღონ, ისინი პირადად რომ გხვდებიან, არაფერს გეუბნებიან, მხნეობა არ ჰყოფნით, იციან, რომ არასწორები არიან.
ჩემი მტკიცე გადაწყვეტილებაა, არასდროს არც ერთი პოლიტიკური განცხადება არ გავაკეთო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარი მოსაზრება არ გამაჩნია. ძალიან ვფრთხილობ, არ ვარ პოლიტიკაში საფუძვლიანად ჩახედული, არც - ანალიტიკოსი და საკუთარ თავს არ ვაძლევ უფლებას, რომ ჩემი მოსაზრებები მუდმივად ვაფიქსირო. ცვალებადი მაქვს ეს მოსაზრებებიც.
მე არ მევალება პოლიტიკური განცხადებების გაკეთება. დებატებში ვერ ვიქნები ძლიერი, ამიტომ თავს ვიკავებ. არ მომწონს ჩემი კოლეგები პოლიტიკურად ანგაჟირებულები რომ არიან (არა აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარეა), საჯარო სივრცეებში გამოდიან და განცხადებებს აკეთებენ, პოსტებს დებენ, მერე ვხედავ, მათ პოლიტიკაში როგორ სჯაბნიან. ამიტომ საკითხზე, რომელზეც დილეტანტის მერყევი აზრი მაქვს და კომპეტენცია მაკლია, არ ვარ ვალდებული, ღიად ვილაპარაკო. რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ ევროპისკენ მინდა წავიდეს ეს ქვეყანა; ვიცი, რომ რუსეთი ჩვენი მტერია, ოკუპანტია - ეს ის საკითხებია, რაზეც კითხვის ნიშნები არ მაქვს და ყველგან ყოველთვის ვიტყვი ჩემს მოსაზრებას.
ზეწოლა ყველაზე არის, ვინც არ გამოხატავს პოლიტიკურ სიმპათიას და არ არის რომელიმე მხარეს. წერენ, რომ მე ვარ სამარცხვინო პოზიციაზე, თუმცა იმ ადამიანებმა ჩემი პოზიცია საერთოდ არ იციან. თუ პოლიტიკურ ტრიბუნაზე არ დგახარ, უკვე მათგან განსხვავებულ პოზიციაზე მდგომად აღგიქვამენ და გარცხვენენ.
ფანატიზმი არ არის სწორი, არ შეიძლება ასე შეპყრობილი იყო. ნებისმიერი ადამიანის მისამართით უპატივცემულობა, მისი მოსაზრების გამოხატვის გამო, არასწორია. ხვიჩა კვარაცხელია რომ შეავიწროეს, არ დაფიქსირდა ის, რაც მათ უნდოდათ. ხვიჩა კვარაცხელიას თავისი საქმე აქვს, რომელსაც დიდებულად აკეთებს. ეს ბიჭი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის პოლიტიკური ამინდის შემქმნელი, ის არ არის ვალდებული, საკუთარი აზრი საჯაროდ გამოთქვას“ - განუცხადა ჟურნალ "გზას" ნანუკა გულუამ.
"გზა"
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე