
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ნაწილი მიხვდა, რომ “ძალიან ცუდად გამოიყენეს” და შემდეგ “მიატოვეს”, რის შემდეგაც საკუთარი დანაშაული აღიარეს.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა შეწყალების თაობაზე ჟურნალისტებთან განაცხადა, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მათ მიერ აღიარებული დანაშაული მიიღო და ისინი შეწყალებულად გამოაცხადა.
"მათი მიზანი თავის დროზე ვერ იქნა მიღწეული, რომ გადატრიალება მოეხდინათ, რიგით მეოთხე თუ მეხუთე რევოლუცია მოეწყოთ, მაგრამ ეს მსხვერპლი, რომელიც მაშინ საკუთარი გუნდიდან გაიღეს, მათ სარგებელზე იყო მორგებული. სიმართლეს ვერაფერი შეაჩერებს, მას ყოველთვის თავისი გაკვალული გზა აქვს. პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს და შემდეგ მიატოვეს, აღიარეს საკუთარი დანაშაული. პრეზიდენტმაც მიიღო ისე, როგორც უნდა მიეღო აღიარებული დანაშაული, შეწყალებულად გამოაცხადა და საბედნიეროდ, ისინი დღეს თავისუფალნი არიან ", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 226 პირი შეიწყალა. შეწყალებულ პირთა შორის არიან 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ავთანდილ თოფჩიშვილი და თორნიკე მჭედლიშვილი, ასევე, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დავით ხომერიკი, სიმონ მახარაძე, საბა ჯიქია, გურამ ხუტაშვილი, დანიელ მუმლაძე და დენის კულანინი.